15 November 2022Georgia

უსახელო სივცრე

რა აერთიანებს „პოსტსაბჭოთა“ ქვეყნებს? ქართული პერსპექტივა

by Zaal Andronikashvili
Archil Kikodze. The Crossing© Archil Kikodze


.საქართველოს რედაქციის მთავარი რედაქტორი, ლიტერატურათმცოდნე და პუბლიცისტი ზაალ ანდრონიკაშვილი. გთავაზობთ მის პირველ სვეტს.

ქართული   English   Русский


1. ერსპექტივის ცვლილება

რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე ევროპას ცვლის. უკრაინა არა მარტო ევროპის მომავლის ისტორიას წერს, არამედ მისი წარსულის მიმართ დამოკიდებულებასაც გარდაქმნის. შეირყა აქამდე თითქოს ურყევი პოლიტიკური ორიენტირები, გადახალისება დაიწყო დასავლეთ ევროპელთა დამოკიდებულებამ საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებისა და მთლიანობაში აღმოსავლეთი ევროპის მიმართ.

გერმანიის აღმოსავლეთის პოლიტიკაში რამდენიმე კვირის წინ შეიცვალა პრივილეგირებული ორიენტაცია რუსეთზე და გაიზარდა ინტერესი ყოფილი საბჭოეთის სხვა ქვეყნების მიმართ. „პოსტსაბჭოთა“ სივრცე აღარ აღიქმება მხოლოდ პერიფერიულ, სასაზღვრო სივრცედ ევროკავშირსა და რუსეთს შორის, რომელიც, ცოტა ხნის წინ, ამ ქვეყნების აზრის უკითხავად, შეიძლებოდა მოლაპარაკების საგანი გამხდარიყო. დიდწილად უკრაინელთა ბრძოლის და მსხვერპლის გამო ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებმა დაიმსახურეს აქამდე უნახავი ყურადღება.

ერთდროულად დაიძრა რამდენიმე ისტორიული პლასტი. მთავრდება საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესი, რომელიც ოცდაათ წელზე დიდხანს გაიწელა. იმავდროულად ეს არის რუსეთის ყოფილი იმპერიის ქვეყნების, ხალხების, კულტურების ემანსიპაციის პროცესი. მთავრდება პროცესები, რომლებიც დაიწყო XVII-XVIII საუკუნეებში, მაშინ, როდესაც ყალიბდებოდა ევროპული და მსოფლიო წესრიგი, რომელსაც განსაზღვრავდნენ ევროპული ზესახელმწიფოები, ხოლო მცირე და საშუალო ქვეყნები, მაგალითად საქართველო და პოლონეთი მსოფლიო პოლიტიკური რუკებიდან ქრებოდნენ.

დღეს იხსნება შესაძლებლობათა ფანჯარა ახალი, თანასწორი, დემოკრატიული ევროპისათვის, რომელიც აღარ იყოფა ზე-სახელმწიფოებად და მათ სატელიტებად.

ამ პროცესის გააზრება შეუძლებელია ერთი პერსპექტივიდან. ამისათვის აუცილებელია სხვადასხვა თვალსაზრისის, განსაკუთრებით ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების პერსპექტივების, გაცნობა. დასავლეთ ევროპაში და დანარჩენ მსოფლიოში ძალიან ცოტა იციან ამ ქვეყნების, მათი ისტორიების და კულტურების შესახებ. მათ თვლიან ქვეყნებად, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წარმოიქმნენ და ამით თითქოს უგულებელყოფენ მათ გასაბჭოებამდელ ისტორიას და კულტურას. წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირი გაიგივებული იყო რუსეთთან, ხოლო საბჭოთა კავშირის მოსახლეობა - რუსებთან. დღემდე მიწევს პასუხის გაცემა კითხვაზე, აქვთ თუ არა ქართველებს თავიანთი ენა, ჰგავს თუ არა ის რუსულს და წერენ თუ არა ქართველები კირილიცით. ის, რომ ქართველებს, სომხებს, უკრაინელებს, ბელარუსებს, მოლდოველებს თავიანთი ენები (ზოგს კი დამწერლობები), ისტორია, ლიტერატურა, კულტურა და საკუთარი პოლიტიკური პრეფერენციები აქვთ, ბევრმა ცოტა ხნის წინ გაიგო.

ამ ქვეყნებზე ბევრი არც ყოფილ იმპერიულ მეტროპოლიაში, რუსეთში იციან, სადაც ცოდნას, ხშირად, ბატონობის პოლიტიკური მიზანი განაპირობებდა. რაც კიდევ უფრო სამწუხაროა, არც თვითონ ამ ქვეყნებს გაეგებათ ბევრი ერთმანეთის შესახებ. საბჭოთა კავშირში ცენტრზე აწყობილი ვერტიკალური კავშირი უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა, ვიდრე ჰორიზონტალური კავშირები მოკავშირე რესპუბლიკებს შორის. დღემდე ეს ქვეყნები იმპერიული და ევროპული პოლიტიკური ცენტრებით უფრო იყვნენ დაინტერესებულები, ვიდრე ერთმანეთით.

ევროპის ქვეყნებში თითქმის არ არსებობდა ყოფილი საბჭოეთის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრები. ამ ქვეყნების ლიტერატურა, მეცნიერება და პუბლიცისტიკა თითქმის არ ითარგმნებოდა ევროპულ ენებზე. პოსტსაბჭოთა ქვეყნების შესახებ ცოდნა ემყარებოდა სხვის სიტყვებს და პერსპექტივებს - მათი სათავეები ხშირად არაკეთილგანწყობილ პოლიტიკურ ცენტრებში იყო - რაც ამყარებდა მათ პოლიტიკურ და კულტურულ პერიფერიულობას. არასაჭიროდ მიიჩნეოდა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ენების ცოდნა და ითვლებოდა, რომ სხვა, უცხო ენაზე მიღებული ინფორმაცია საკმარისია იმისათვის, რომ ყველაფერი გაიგო ისეთი განსხვავებული ქვეყნების შესახებ, როგორებიც ტაჯიკეთი და მოლდოვაა.

არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ევროპულ მედიებში უცხოეთის კორესპონდენტების შემცირების ფონზე გამოჩნდებიან სომხურად ან მოლდავურად მოლაპარაკე ჟურნალისტები მაგრამ ეს და მსგავსი პროექტები ნაწილობრივ მაინც შეავსებენ ავთენტური ინფორმაციის დეფიციტს.

„პოსტსაბჭოთა სივრცეზე“ ცოდნის პრობლემურობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულებაა კამათი მისი ისტორიის და გეოგრაფიის ინტერპრეტაციის შესახებ. თუკი აქამდე აღწერის ჩარჩოებს იმპერიული ცენტრები გვთავაზობდნენ, დღეს პერსპექტივის ცვლილების და ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების მიერ აღწერის საკუთარი ჩარჩოების შემოთავაზების დრო მოვიდა.

2. ისტორია

რუსეთის აგრესიას უკრაინაში ხშირად იმპერიალისტურ ომად ნათლავენ, ხოლო პუტინის პოლიტიკას პოსტსაბჭოთა სივრცეში და მის მიღმა - ნეოიმპერიალიზმად. მართალია, პუტინის პოლიტიკის იმპერიალიზმად აღწერა რიტორიკულად გამართლებულია, ეს მსჯელობის საგანს უფრო ბუნდოვანს ხდის ვიდრე ნათელს. ნარატივი, რომელსაც ეს რიტორიკა ეფუძნება, იმაში მდგომარეობას, რომ რუსეთი ცდილობს იმ ტერიტორიების მიტაცებას, რომელიც მან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაკარგა. ეს ნარატივი ამყარებს საბჭოთა კავშირისა და რუსეთის იგივეობის მცდარ შეხედულებას. ამგვარი აღქმის პრობლემურობას გვიჩვენებს გერმანიის საგარეო პოლიტიკა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ლაპარაკობდა განსაკუთრებულ ისტორიულ პასუხისმგებლობაზე, რომელიც გერმანიას ჰქონდა რუსეთის მიმართ მეორე მსოფლიო ომიდან გამომდინარე, ოღონდ საერთოდ არ ჰქონდა გაცნობიერებული იგივე ისტორიული პასუხისმგებლობა სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, პირველ რიგში უკრაინის მიმართ.

დღევანდელი რუსეთის, როგორც იმპერიის აღწერა ყურადღებას ამახვილებს საგარეო ძალისმიერ პოლიტიკაზე და უგულებელყოფს რადიკალურ რღვევებს შიდა პოლიტიკაში. ჩემი აზრით, რუსეთის აგრესია უკრაინაში აგრძელებს ომების მთელ სერიას, რომლებიც არ შეწყვეტილა 1980-იანი წლების ბოლოდან და რომლებიც ევროპაში ერთობლივად არ განხილულა, არ აღქმულა ან სულაც დავიწყებულა. ამ ომთა შორისაა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი (სომხეთი-აზერბაიჯანი), კონფლიქტები აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში (საქართველო), დნესტრისპირეთში (მოლდოვა), ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები (რუსეთის ფედერაცია), ფერადი რევოლუციები (საქართველო, უკრაინა, ყირგიზეთი), რუსეთ-საქართველოს ომი, ყირიმის ანექსია, ომი დონბასში და რუსეთის 2022 წლის 24 თებერვლის აგრესია უკრაინაში.

ეს მოვლენები, რომლებსაც პოლიტოლოგები სხვადასხვაგვარად აღწერენ, ეთნოკონფლიქტებიდან რევოლუციებამდე, ჩემი აზრით საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესის ნაწილებია. ეს პროცესი არც მშვიდობიანი ყოფილა და არც დასრულებულა. თავის მხრივ, საბჭოთა კავშირის დაშლას ორი ასპექტი აქვს, შიდა და საგარეო, ოღონდ ორივე ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული, რადგანაც საგარეო პოლიტიკა შიდა პოლიტიკის გამოხატულებაა.

თუკი საგარეო პოლიტიკაში, აღმოსავლეთის ბლოკის დაშლიდან 30 წლის განმავლობაში ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი ქვეყნები, ბალტიის ქვეყნებთან ერთად, ევროკავშირის ახალი წესრიგის ნაწილები გახდნენ, საბჭოთა კავშირის დანარჩენი რესპუბლიკები,ამ თვალსაზრისით, „ჰაერში გამოეკიდნენ“. აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნები 2000-იანი წლებიდან მარადიული მოლოდინის რეჟიმში გადავიდნენ: ევროკავშირის და ნატოს კარები მათთვის, თითქოს, მუდმივად ღია იყო, ოღონდ შიგნით შესვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. მეორე მხრივ, რუსეთი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თავისი ადგილი ვერ იპოვა ახალ მსოფლიო წესრიგში, რევანშიზმის გზას დაადგა და საფრთხეს უქმნიდა ყოფილ „მოძმე“ რესპუბლიკებს, ხოლო 2008 წლიდან მათთნ ურთიერთობას ომის, აგრესიის და ტერორის გზით აგვარებს.

შიდა პოლიტიკურ სივრცეში ლაპარაკია პოსტსაბჭოთა სახელმწიფოების ტრანსფორმაციის პროცესზე პოსტ-ტოტალიტარული ფასადური დემოკრატიებიდან სამართლებრივ დემოკრატიულ სახელმწიფოებად, რომელიც, ბალტიის ქვეყნების გარდა, აქამდე არსად წარმატებით არ დასრულებულა. ამ სახელმწიფოებმა მემკვიდრეობად მიიღეს საბჭოთა კავშირის ძალაუფლებრივი სტრუქტურა. გამარტივებულად ის შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც სახელმწიფოს (აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, ასევე მედიისა და ეკონომიკის) მიტაცება ერთპარტიული ავტოკრატიის მიერ, რომელიც სახელმწიფოს ძალადობრივ აპარატს ემყარება და ძალაუფლების ლეგიტიმაციისათვის ნებისმიერი იდეოლოგიის გამოყენება შეუძლია.

უკრაინის, მოლდოვის და საქართველოსათვის სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოს აღმშენებლობა ასოცირდება ევროკავშირში (და ნატოში) ინტეგრაციასთან. იმავე მიზანს მისდევენ ბელარუსის და სომხეთის სამოქალაქო საზოგადოებები, მაშინ, როდესაც მათი მთავრობები რუსეთზე არიან ორიენტირებულები (ბელარუსი) ან მრავალვექტორიან საგარეო პოლიტიკას მისდევენ (სომხეთი), ხოლო აზერბაიჯანი თურქეთზეა ორიენტირებული. ის, რომ საქართველო, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, საგარეო პოლიტიკაში ორ სკამზე ჯდომას ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებით უკრაინასთან ურთიერთობების გაუარესების ხარჯზე, პირდაპირი გამოხატულებაა ოლიგარქი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ხანაში საქართველოში დემოკრატიის მიზანმიმართული ეროზიისა.

რუსეთისთვის კი ნებისმიერი ინტეგრაცია არსებულ მსოფლიო წესრიგში ასოცირდება „სუვერენული დემოკრატიის“ დაკარგვასთან, რომელიც, „რუსკი მირის“ იდეასთან ერთად სახელმწიფოს მიმტაცებელი პოსტტოტალიტარული კლეპტოკრატიის იდეოლოგიურ ნიღაბს წარმოადგენს.

რუსეთის აგრესია უკრაინაში შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც ომი, „XX საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის“ შედეგების გასაუქმებლად. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირსა და პუტინის რუსეთს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც არსებობს. პუტინი არ არის დაინტერესებული საბჭოთა კავშირის აღდგენით, ყოველ შემთხვევაში მისი პროგრესისტული და ჰუმანისტური პრეტენზიების თვალსაზრისით, არამედ მხოლოდ საბჭოთა კავშირის ძალაუფლებრივი სტრუქტურის შენარჩუნებით. პუტინის რუსეთი ასევე არ არის რუსეთის იმპერიის მემკვიდრე იმდენად, რამდენადაც პეტრე პირველის იმპერიული პროექტი რუსეთის მსოფლიოში ინტეგრაციას ისახავდა მიზნად, მაშინ, როდესაც პუტინის რუსეთი პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სუვერენიტეტს და ავტარკიას გულისხმობს. ამიტომაც, უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსათვის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპული შესაძლებლობა მყარადაა დაკავშირებული რუსეთისგან ემანსიპაციასთან და ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციასთან.

3. გეოგრაფია

როდესაც ვლაპარაკობთ სომხეთზე, აზერბაიჯანზე, ბელარუსზე, საქართველოზე, მოლდოვაზე და უკრაინაზე, არ შეიძლება არ ვახსენოთ სივრცის პრობლემა. ფერნან ბროდელიდან მოყოლებული, სივრცე ითვლება ისტორიული და კულტურულ-ისტორიული კვლევების ცენტრალურ კატეგორიად. სივრცის ინტერპრეტაცია ერთ-ერთი კულტურული მექანიზმია, რომელიც ყველაზე ნელა იცვლება. ამ თვალსაზრისით, თუკი ჩვენ კულტურას წარმოვიდგენთ, როგორც მრავალშრიან სისტემას, რომლის სხვადასხვა შრეები სხვადასხვა სისწრაფით იცვლება, მაშინ სივრცის აღქმა იმ მექანიზმთა შორის აღმოჩნდება, რომელიც ცვლილებების მიმართ ყველაზე უფრო გამძლეა.

იმ სივრცის აღქმა, რომელსაც ჩვენ დღეს „პოსტსაბჭოთას“ ვეძახით, დიდი ხნის განმავლობაში იმპერიული იყო. ის ყალიბდებოდა XVII საუკუნეში და დღემდე, ფაქტობრივად, არ შეცვლილა არც ევროპაში და არც რუსეთში. რუსეთის გეოპოლიტიკური ჩამოყალიბება ევროპულ თარგზე გამოჭრილ იმპერიად (1721), სხვათა შორის, გულისხმობდა მის გეოგრაფიულ დასაბუთებას რუსეთის გაყოფით ევროპულ მეტროპოლიად და არაევროპულ პერიფერიად. ევროპის ზესახელმწიფოებისაგან განსხვავებით რუსეთი თავისი კოლონიებისაგან მკაფიო საზღვრით გამიჯნული არ ყოფილა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად პეტრე პირველმა შეუკვეთა გეოგრაფიული კვლევები, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე უნდა დაედგინათ საზღვარი ევროპას და აზიას შორის. ვასილი ტატიშჩევმა (1686-1750) და ფილიპ-იოჰან ფონ შტრალენბერგმა (1676-1747) ევროპის აღმოსავლეთ საზღვრად ურალის მთები დაადგინეს. მოგვიანებით ეს საზღვარი გაგრძელდა სამხრეთ ურალისა და კავკასიის გავლით აზოვის და შავ ზღვებამდე. გეოგრაფიული ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ რუსეთი შეძლება მკაფიოდ გაყოფილიყო ევროპულ და აზიურ ნაწილებად, გეოგრაფ მარკ ბასინის აზრით, იმპერიული იდეოლოგიის საფუძველი გახდა.

კავკასიის, როგორც რუსეთის „აზიური“ პერიფერიის აღქმა იმდენად მყარი აღმოჩნდა, რომ გერმანიაში დღემდე გამოდის საქართველოსადმი მიძღვნილი წიგნები, სტატიები და გადაცემები, სადაც ლაპარაკია საქართველოზე, როგორც „ველური კავკასიის“ ქვეყანაზე. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს, საქართველომ კავკასიის გეოგრაფიული ინდექსის გარდა შავი ზღვის და აღმოსავლეთევროპული გეოგრაფიული ინდექსებიც შეიძინა. უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ის განიხილება ევროკავშირის შესაძლო კანდიდატ ქვეყნად. ეს გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური და კულტურულ-გეოგრაფიული აღქმა ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად იცვლება.

უპრობლემო არც „აღმოსავლეთი ევროპის“ ცნებაა: ერთი მხრივ ის გულისხმობს ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებს, მეორე მხრივ კი აგრძელებს ევროპის ორ არათანაბარ ნაწილად დაყოფას. რუსეთის აგრესიამ, საშინელ ფასად, ცხადყო, რომ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის არა მარტო პოლიტიკური, არამედ მენტალურ-გეოგრაფიული დაყოფაც XVIII-XIX საუკუნეების ისტორიული აზროვნების გადმონაშთია. ამერიკელმა ისტორიკოსმა ლარი ვოლფმა თავის წიგნში „აღმოსავლეთ ევროპის გამოგონება. ცივილიზაციის რუკა განმანათლებლობის ეპოქის ცნობიერებაში“ აჩვენა დასავლეთევროპული კულტურული იმპერიალიზმის მუშაობის მექანიზმი, რომელიც იძლეოდა აღმოსავლეთ ევროპის ჩამორჩენილად და არაცივილიზებულად წარმოდგენის საშუალებას. ვოლფის მიერ აღწერილი არაერთი კულტურული მექანიზმი, სტერეოტიპი და ცრურწმენა დღემდე მოქმედებს ევროკავშირის და ნატოს წევრი აღმოსავლეთევროპული ქვეყნების მიმართ, რომ არაფერი ვთქვათ ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებზე.

ეს სტერეოტიპები არა მარტო გამოხატავდნენ, არამედ ამყარებდნენ კიდევაც უთანასწორობის მენტალურ გეოგრაფიას: ევროკავშირსა და რუსეთს შორის მდებარე ქვეყნებს პოლიტიკის ენაზე „სანიტარულ კორდონად“ მოიხსენიებდნენ, არავის კუთვნილ მიწად, ტერიტორიად, რომელიც გაჩნდა სსრკ-ს დაშლის შემდეგ, მაგრამ ვერ გახდა ევროპული და თავიდან ევროპული პერსპექტივაც კი არ გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებდნენ, კულტურული თვალსაზრისით ისინი რუსეთის ნაწილებად მიაჩნდათ.

„პოსტსაბჭოთა სივრცის“ ცნება მას ობიექტად აქცევს, აღწერს, როგორც პასიურს და საკუთარი მოქმედების ძალის არმქონეს. ამ „სივრცის“ მომავალი დამოკიდებული იქნება არა მარტო ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების პოლიტიკურ განვითარებაზე, არამედ მათ მიმართ კულტურული დამოკიდებულების ცვლილებაზე. ეს ცვლილებები, თავის მხრივ, მოითხოვს ისეთი კულტურული მექანიზმების მსხვრევას, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში წარმატებულად მოქმედებენ.

ნელ-ნელა დაიწყო თეთრი ლაქების შევსება ევროპის რუკაზე. მომრავლდა თარგმანები უკრაინულიდან, ქართულიდან და ბელარუსულიდან. დასავლეთ ევროპელებმა შეიტყვეს, რომ „შორის“ ქვეყნები არა მარტო დაძაბულობის კერების, რევოლუციების და კონფლიქტების მწარმოებლები არიან. აღმოჩნდა, რომ ეს არ არიან ქვეყნები, რომელთაც უბრალოდ ხელი უნდა მოკიდო, ასწავლო დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და საბაზრო ეკონომიკა: არამედ ქვეყნები, რომლებსაც აქვთ ცოცხალი თანამედროვე კულტურა და რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი წვლილის შეტანა ევროპის პოლიტიკაში, ეკონომიკაში, თავდაცვაში და კულტურაში - მათ შორის დემოკრატიის კულტურაშიც.

4. უსახელო სივრცის მომავალი

საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნები ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებიან. როდესაც მათ გამაერთიანებელ სივრცეს „პოსტსაბჭოთას“ ვეძახით, ჩვენ მას მისი წარსულიდან გამომდინარე განვმარტავთ. პოსტსაბჭოთა ისტორიის ამგვარი განმარტებიდან გამომდინარე, პოსტსაბჭოთა სივრცე დროებითი სივრცეა, რომელიც აღარ იქნება პოსტსაბჭოთა, მაშინ, როდესაც დასრულდება პროცესები, რომლებიც მას ჯერ კიდევ აკავშირებს საბჭოთა კავშირთან. რა აერთიანებს ამ სივრცეს ერთობლივი ისტორიის გარდა? დღეს ძნელია იმის თქმა, თუ როგორი იქნება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მომავალი, თუმცა შეგვიძლია შესაძლო განვითარების კონტურების მონიშვნა. ცხადია, რომ ყოველ პოსტსაბჭოთა ქვეყანას მიზიდულობის საკუთარი ცენტრი გააჩნია: ევროკავშირი, თურქეთი, ჩინეთი თუ რუსეთი. ყოველი მათგანი ააწყობს ურთიერთობას რეგიონულ და მსოფლიო სახელმწიფოებთან, თუმცა, მათ რჩებათ საკუთარი სახელმწიფოთაშორისი ქსელის შექმნის შესაძლებლობაც.

მიუხედავად იმისა, რომ „პოსტსაბჭოთა“ სივრცეში გადაუწყვეტელი პოლიტიკური კონფლიქტები არსებობს, ჩნდება თანამშრომლობის და ახალი ერთობის ძიების შესაძლებლობებიც. აღმოჩნდა, რომ ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებს არა მარტო წარსული აკავშირებს, არამედ საერთო აწმყო და მათთვის შესაძლებელია საერთო მომავალიც. ამ მომავლის ერთ-ერთ ორიენტირად შეიძლება იქცეს ბრძოლა იმპერიული მემკვიდრეობისაგან და საბჭოთა კავშირის მიერ დატოვებული ძალადობაზე დამყარებული პოლიტიკური ძალაუფლების მოდელისაგან გათავისუფლებისათვის.

უკრაინელებმა, ქართველებმა, მოლდოველებმა, სომხებმა, ბელარუსებმა აჩვენეს, რომ თავისუფლებისაკენ და დემოკრატიისაკენ სწრაფვა, ადამიანების სურვილი დაიბრუნონ ძალაუფლება, რომელსაც მათ ართმევენ პოსტსაბჭოთა კლეპტოკრატიული ელიტები, არ ყოფილა ევროპული და ამერიკული გრანტებით დაფინანსებული გაკვეთილების შედეგი, არც უბრალო სურვილი, გამხდარიყვნენ ევროკავშირის ეკონომიკური კეთილდღეობის მომხმარებელნი, არამედ გაცნობიერებული არჩევანი, რომლისთვისაც ისინი მზად იყვნენ უზარმაზარი მსხვერპლი გაეღოთ.

ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებს, ყოველ შემთხვევაში ზოგიერთ მათგანს, საერთო პოლიტიკური მიზნებიც გამოუჩნდა. რუსეთის აგრესიის შემდეგ, რუსეთისა და ევროკავშირის მომავალი თანამშრომლობა, უკეთეს შემთხვევაში, ბუნდოვანია. ამ ფონზე იზრდება ყოფილი საბჭოეთის ქვეყნების როლი. თუკი ცალ-ცალკე ვერცერთი მათგანი ვერ ჩაანაცვლებს რუსეთს, ერთად ამ ქვეყნებს შეუძლიათ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ პოლიტიკაში, ეკონომიკაში, უსაფრთხოებაში და კულტურაში. ამისათვის მათ უნდა ეძებონ თანამშრომლობის ახალი გზები, უშუალოდ ერთმანეთთან და არა ყოფილი იმპერიული ცენტრების გავლით.

ახალი ურთიერთობები, განსაკუთრებით კონფლიქტში მყოფ ქვეყნებს შორის, მყარდება არა იმდენად სახელმწიფოთაშორის და პოლიტიკის სფეროში, არამედ კულტურაში. ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებმა ერთმანეთის თავიდან აღმოჩენა დაიწყეს. ტარდება ლიტერატურის, კინოს, თანამედროვე ხელოვნების ფესტივალები, ერთმანეთისადმი ინტერესი გულწრფელია, განსხვავებით „ხალხთა მეგობრობის“ ოფიციალური საბჭოთა დოქტრინისაგან.

აქამდე ეს ქვეყნები ერთმანეთს მესამე ენაზე ელაპარაკებიან - სულ უფრო ხშირად ინგლისურად და სულ უფრო იშვიათად - რუსულად. მიუხედავად ამისა, გახშირდა მრავალხმიანობა. იზრდება სხვა ენების მნიშვნელობა.

მიუხედავად ტერიტორიული, დემოგრაფიული, ეკონომიკური და კულტურული განსხვავებისა, ახალი, სახეცვლილი პოსტსაბჭოთა სივრცის მახასიათებლებად შეიძლება გადაიქცეს ჰორიზონტალური კავშირები, დომინანტი ენის და იმპერიული ურთიერთობების არარსებობა.

იხსნება შესაძლებლობების ახალი ფანჯარა. ყოფილი საბჭოეთის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მათ აძლიერებს არა მარტო რუსეთის აგრესიის წინაშე, არამედ უფრო ძლიერი რეგიონული სახელმწიფოების და გაერთიანებების წინაშეც.

ამგვარი კავშირების და საერთო ინტერესების სფეროების ძიება ჩვენი პროექტის მეორე მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება.

LATEST
Das Leben unterm TischBelarus
Das Leben unterm Tisch 

Im Angesicht der ungewissen Zukunft spielt eine belarussische Schriftstellerin mit der Vergangenheit

20 December 2023
Russlands MitschuldArmenia
Russlands Mitschuld 

Wie Russland im Spiel um seine eigenen geopolitischen Interessen den Berg-Karabach-Konflikt als Trumpf nutzte

12 December 2023