13 December 2022Georgia

აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური მეხსიერება

ორი თვალსაზრისი

by Anna Dziapshipa, Tamar Chergoleishvili
© Anna Dziapshipa


აფხაზეთის კონფლიქტი, თავისი ღრმა ფესვებით რუსეთის კავკასიურ იმპერიულ პოლიტიკაში, საბჭოთა ეროვნებათა პოლიტიკაში და სტალინურ რეპრესიებში, საქართველოს ყველაზე დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ტრავმა და ქართული პოლიტიკისათვის ცენტრალური საკითხია. აფხაზეთის (და სამხრეთ ოსეთის) კონფლიქტების გადაუწყვეტელობა მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო 2008 წელს საქართველოსათვის ნატოს ბუქარესტის სამიტზე წევრობის სამოქმედო გეგმაზე უარისათვის. დღეს გთავაზობთ ორ განსხვავებულ მოსაზრებას აფხაზეთის კონფლიქტის გახსენებაზე საქართველოში.

ქართული   English   Русский


ცალმხრივი მეხსიერების ტყვეობაში
მეხსიერების პოლიტიკა საქართველოში აფხაზეთის კონფლიქტის გადააზრებას ხელს უშლის

ანნა ძიაფშიპა, რეჟისორი

24 თებერვლის შემდეგ საქართველოშიც ბევრი რამე უნდა შეცვლილიყო. აქ პირველ რიგში აზროვნებაში მომხდარ ცვლილებებს ვგულისხმობ, საკუთარი ჩახლართული კონფლიქტების გადააზრების კიდევ ერთ, ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას. ეს წერილი კი კონკრეტულად 1992-93 წლის ქართულ-აფხაზური ომის შესახებ არის, რომელიც ჩვენს ცნობიერებაში უკვე 30 წელია ზედაპირული და პლაკატური ცოდნით, ლოზუნგებით და სადღეგრძელოებით არის დალექილი. ეს ჩვენი გამყარებული ცოდნა მაინც ვერ გახდა მრავალგანზომილებიანი. რაც ჩვენთვის ახლებურად დაფიქრების იმპულსი უნდა გამხდარიყო, გადააზრების სივრცე კი არ გახდა, არამედ კიდევ უფრო გააქვავა ჩვენი ურყევი პოზიციები. ამ მოუგვარებელ და მოუხელთებელ საკითხზე გამოთქმული ყველა აზრს ჭეშმარიტებაზე პრეტენზია აქვს. თითქოს, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე „სწორი“ დამოკიდებულების ქონა საქართველოს ყველა მოქალაქის ვალდებულებაა.

ცოტა ხნის წინ ჩემს თავს პირობა მივეცი, რომ აფხაზეთზე აღარაფერს ვიტყოდი, რადგან, თითქოს, ჩემი სათქმელი ჩემს ბოლო დოკუმენტურ ფილმში „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ ჩავატიე, რომელზეც 7 წელი ვიმუშავე და წელს, ზაფხულში დავამთავრე. ამ დიდმა და დაუსრულებელმა პროცესმა საშუალება მომცა მეფიქრა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მრავალშრიანობაზე; დამენახა მისი არაერთი განზომილება, მქონოდა პრივილეგია გამეცნო ეს საკითხი რამდენიმე ხედვის კუთხიდან. თავიდან აღმომეჩინა აფხაზი ახლობლები, დამეძლია ჩემი გახლეჩილი იდენტობის სირთულეები, გამეცნობიერებინა და მიმეღო, რომ ჩემი, ერთი შეხედვით პატარა ოჯახი და მისი ბიოგრაფია სინამდვილეში ამ კონფლიქტის მიკროკოსმოსია და საბედნიეროდ მის სხვადასხვა განზომილებებს მოიცავს.

ეს წერილი გამეორებულ შეცდომებსა და უნდობლობაზეა, ასევე ტრავმების განახლებაზე და რეფლექსიური სივრცის გაჩენის ყველა შანსის ხელიდან გაშვებაზე. რთულია დღეს ჩვენს პოლარიზებულ გარემოში, სადაც საკუთარ მომავალშიც კი გვიჭირს გარკვევა, სადაც ჩვენ თვითონ ვერ ვთანხმდებით მარტივ ღირებულებებსა და ჭეშმარიტებებზე, აფხაზებთან რამე დიალოგის მცდელობაზე იყოს ლაპარაკი, ან აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტის რამე ხედვა არსებობდეს. ალბათ შეუძლებელიც კი არის, სანამ ჩვენ თვითონ თვითგამორკვევის და ჩამოყალიბების დაუსრულებელ წრეში ვტრიალებთ. მეორეს მხრივ, ამ კონფლიქტებისადმი ინფანტილური დამოკიდებულების გადააზრების გარეშე, მანკიერი წრის გარღვევაც და განვითარებაც შეუძლებელი მგონია.

აფხაზეთის საკითხი პერიოდულად ქრება და მერე ისევ ამოტივტივდება ხოლმე, ქართველი პოლიტიკოსების თუ საზოგადოების ინტერესის არეალში. ტრაგედიაზე ლაპარაკი ყოველთვის მომგებიანია. სახლის გარეშე დარჩენილი დევნილების ისტორიებზე და სენტიმენტებზე თამაში კი ყოველთვის კონკრეტულ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი მათთვის სათანადო პირობების შექმნა არასოდეს არის. 30 წელია საქართველოში ეს კონფლიქტი მხოლოდ ქართულ-რუსული დაპირისპირების ჭრილში განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ურთულეს საკითხს, შესაძლოა, ბევრად მეტი განზომილება ჰქონდეს. მისი განხილვა შედეგის მომცემი მხოლოდ ქართულ-აფხაზური, რუსულ-ქართული, აფხაზურ-რუსული და დევნილების კონტექსტის შესწავლით და გათვალისწინებით არის. ჩვენი ზედაპირულობა ყველაზე მეტად სწორედ ამ კონფლიქტის დასახელებაში ჩანს. ჩემი გამოცდილებით და ცოდნით, ძალიან იშვიათად შემხვედრია ადამიანი, ვინც რუსეთის როლს და ინტერესს უარყოფდეს ჩვენი რეგიონის კონფლიქტებში. უბრალოდ, საქმე იმაშია, რომ გადააზრება მხოლოდ სწორი სახელების დარქმევით დაიწყება. რუსეთ-უკრაინის ომმა, რა თქმა უნდა კიდევ უფრო დიდი ხნით გადაავადა ამ პროცესებში საკუთარ დანაშაულთა აღმოჩენა და ამით უფრო რთული გახადა საკუთარი სიფიცხისა და შეცდომების აღიარება.

ბევრი სხვა ომისგან განსხვავებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ ჩვენი მიძინებული ტრავმებიც და რევანშისტული განწყობებიც ახალი ძალით გააცოცხლა. ჩემს გარშემო ადამიანების ნაწილმა თითქოს კონტროლი დაკარგა და საკუთარ შიშებთან და უსუსურობასთან გამკლავების გზად ისევ სუსტის დაჩაგვრა აირჩია, სხვისი გამარჯვების იმედად, საკუთარი რეპრესირებული სურვილები აღარ დამალა და ვირტუალურ სივრცეში ეთნიკური უმცირესობების მიმართ „ჯვაროსნული ლაშქრობა“ განაახლა.

2022 წლის თებერვლის ბოლოს ბევრს ისევ გაახსენდა აფხაზეთი და აფხაზები (ამ ტექსტების და სტატუსების დიდი ნაწილი ჩემი პირადი არქივის ნაწილიც გახდა). თუმცა, ეს გახსენებაც გადააზრების მცდელობა კი არ გამხდარა, არამედ უკვე მერამდენედ, საკუთარი შიშების და უუნარობის კიდევ ერთ, ვირტუალურ სივრცეში სუბლიმაციად იქცა. მგონია რომ „ჩვენი ევროპული არჩევანი“ მოუგვარებელი კონფლიქტების სამხედრო გზით გადაწყვეტას არ ნიშნავს და პირიქით, მილიტარიზმის დამარცხებას გულისხმობს, თუმცა, უკვე მერამდენედ მიცრუვდება იმედი. ზოგი ერთ ღია წერილს აფრიალებდა უკონტექსტოდ, როგორც კომპრომატს, სადაც სხვა ჩემთვის ძალიან პატივსაცემ ადამიანებთან ერთად არაღიარებული აფხაზეთის ახალი პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას არჩევასთან დაკავშირები ღია დიალოგის მოთხოვნაზე ვაწერდი ხელს; ზოგი განადგურებით მემუქრებოდა, როგორც აფხაზს, რადგან ჩემში სეპარატისტული შეგრძნებები შენიშნა; ზოგი კი საკმაოდ ქსენოფობიური ტერმინით „მშიბზიათი“ (რომელიც აფხაზურ ენაზე გამარჯობას ნიშნავს) მომიხსენებდა როგორც უცხოს. ჩემთვის უცხოდ ყოფნა ახალი ნამდვილად არ არის, მეტიც, რაღაცნაირად გამოწრთობილი ვარ „აფხაზი ერი არ არსებობს“ ფრაზის ნაციონალისტურ სივრცეში. არც ის გამკვირვებია, როდესაც რამდენიმე წლის წინ ჩემმა დიდი ხნის მეგობარმა საჯაროდ დაგმო ჩემს მიერ გამოყენებული ტერმინი „აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკა“ და სოციალური სივრციდან წამშალა. ზუსტად ისე, როგორც ჩემი მშობლები შლიდნენ ჩვენს გვარს 90იანი წლების თბილისში სადარბაზოს კედლებიდან და ზუსტად ისე, როგორც 2008 წლის ომის დროს, ჩემი მშობლების სახლში მისულს, კარის ზარზე ჩემი გვარის ნაცვლად დედაჩემის ქართული გვარი დამხვდა.

უკრაინის ომის ფონზე, აფხაზეთის საკითხით პარტია "ევროპული საქართველო", ჟურნალი "ტაბულა", ორგანიზაციები: "თავისუფლების ინსტიტუტი", "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება" და "აფხაზთ კრება" დაინტერესდნენ. პოლიტიკური პარტია და მისი თანამოაზრეები, რომლებიც დაბალი რეიტინგის გაზრდას სხვადასხვა პოპულისტური ხერხებით ცდილობენ ხოლმე, ამ კომპლექსური თემის ცალმხრივი და ზედაპირული გამოყენებით შემოიფარგლნენ. კამპანია „იმოქმედე გენოციდის აღიარებისათვის“ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზების გამოყენებით შეეცადა პოლიტიკური ქულების დაწერას და მხარდამჭერების შეგროვებას. რა თქმა უნდა, თვალს ვადევნებდი მათ აქტიურობას, გაკეთებულ ფილმებსა და მოკლე ვიდეოებს, პლაკატებად გამოტანილ ამოგლეჯილ ცალკეულ ფრაზებს; ომის სისასტიკის ასე, ცალმხრივად გამოყენებას და ვფიქრობდი, რომ სავარაუდოდ მათი ეს დროებითი, არამდგრადი „გატაცებაც“ მალე დასრულდებოდა. ახლა, ამ წერილზე მუშაობისას, კიდევ ერთხელ გადავამოწმე მათი ინიციატივის ფეისბუქ გვერდი, სადაც ბოლო გაზიარება 29 სექტემბრით თარიღდება (27 სექტემბერი ქართულ სივრცეში სოხუმის დაცემის დღედ არის ცნობილი, აფხაზეთში კი გამარჯვების და დამოუკიდებლობის დღეს 30 სექტემბერს აღნიშნავენ). ამ ძალიან რთული და მტკივნეული საკითხის ასე, გაუაზრებლად, ზედაპირულად გამოყენება საფრთხეს უქმნის წლობით ნაშენებ ძალიან მცირე ნდობას, რომელიც ამ საქმეში ჩართულ ადამიანებს აქვთ მოპოვებული. მათი სახელები ხშირად არც ისმის და თუ ისმის მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში, როგორც საქართველოში, ისე აფხაზეთში.

"თავისუფლების ინსტიტუტის", "ტაბულას", "ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების", "ევროპული საქართველოს" და "აფხაზთა კრების" იდევ ერთი კამპანიაა „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, რომელიც აფხაზეთში მომხდარი ომის ასევე ცალმხრივ და ზედაპირულ გადააზრებას ეფუძნებოდა. კამპანიის ფარგლებში ორგანიზატორებმა კლუბში KHIDI გააკეთეს გამოფენა, სადაც ბუჩაში მომხდარ სისასტიკეს აფხაზეთის მოვლენებს ადარებდნენ. უხერხული არამარტო ორი განსხვავებული კონფლიქტის ესეთ, ზედაპირულობამდე დაყვანაა ამ კამპანიების მეშვეობით, არამედ სხვისი სასტიკი და მიმდინარე ომის ტრაგედიების გამოყენებაა საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. თანაც, ეს უფრო ერთგვარ ეჭვიანობას ჰგავდა, ვიდრე ერთიანი ანტიკოლონიური და ანტიიმპერიალისტური ისტორიის გაგრძელების მცდელობას რუსეთის წინააღმდეგ, რადგან სიღრმისეული კვლევის შემთხვევაში, კამპანიის ავტორები ამ კონფლიქტებს შორის ფუნდამენტურ განსხვავებებსაც და უფრო მეტ საერთოსაც იპოვიდნენ.

„იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“ და „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ კონფლიქტის მსხვერპლთა მხოლოდ ერთი ნაწილის მეხსიერებას ეყრდნობიან და მხოლოდ დროებითი პარტიული პიარ კამპანიებია, რომლებსაც საფუძვლად არ უდევს არც კვლევა, არც საკითხის სიღრმისეული ცოდნა, არც გადააზრების სურვილი. სწორედ ამიტომ მათი შესრულების ხარისხი მდარეა და მათი მიზნები მოკლევადიანი. ამ საკითხის ამ ფორმით გააქტიურება კი ათასობით ადამიანის რეტრავმატიზაციის გარდა ვერაფერს აღწევს. ბუჩას მერე, ჩემი ქართველი მეგობრებიც წერდნენ აფხაზეთში ქართველების გენოციდის ფაქტებზე, აფხაზი ნაცნობები კი აფხაზების გენოციდზე ლაპარაკობდნენ ქართველების მხრიდან. ამ მუდმივი პარალელური ისტორიის წიაღში არსებობის გამოცდილებით მე ბაბუაჩემის და მახსენდებოდა, რომელიც ორივე, ქართულ და რუსულ (უფრო სწორად ოთხივე: ქართულ, აფხაზურ, მეგრულ და რუსულ) ენაზე სრულყოფილად ლაპარაკობდა. ბოლო ნახვისას, 2013 წლის ნოემბერში, ირონიით მიყვებოდა რამდენჯერ გადაურჩა სოხუმში, სახლში დასაყაჩაღებლად შევარდნილ ცალკე "მხედრიონს" და ცალკე აფხაზ მებრძოლებს, რადგან ყველას „თავიანთ ენაზე“ ელაპარაკებოდა.

ქართველების მსგავსად, უკრაინის ომი აფხაზებსაც ძალიან მძიმე და ჯერ კიდევ დაუძლეველი პერიოდის გახსენებას აიძულებს. ჩემთვისაც კი მოულოდნელი იყო იმის გააზრება, რომ აფხაზებიც, ქართველების მსგავსად, უკრაინელების ანტიიმპერიალისტურ ბრძოლასთან აიგივებდნენ თავს, მათ ხომ ჩვენგან განსხვავებით, არასოდეს დავიწყებიათ სიტყვები „აფხაზი ერი არ არსებობს“, ისევე, როგორ უკრაინელებს არასოდეს დაავიწყდებათ კრემლის პროპაგანდის მიერ ხშირად გამეორებული სიტყვები, რომ „უკრაინა არ არსებობს“. უცნაურია ასეთი გამრუდებული სარკეებით სავსე გეოპოლიტიკურ ველში ვარსებობდეთ და მაინც ვერ ვიაზრებდეთ კავშირებს, გაფუჭებული ურთიერთობების მიზეზებს და განმეორებულ შეცდომებს. გამძაფრებული ენერგოკრიზისი და ზამთრის სიცივეები აფხაზეთის მოსახლეობას ზუსტად იმ სივრცეში აბრუნებს, საიდან გამოსვლის შანსსაც ის კიდევ უფრო ნაკლებად ხედავს და გეოპოლიტიკური კონტექსტების გამო უფრო მეტ იზოლაციაში ექცევა. ევროპარლამენტის მიერ რუსეთის ფედერაციის მიერ გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებაც აფხაზების იზოლაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მტკივნეული ნაბიჯია. პარალელურად, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას აფერხებს და ამით ყველანაირი კომუნიკაციის სივრცის მიღმა ტოვებს როგორც აფხაზებს, ისე დიალოგის მომხრე ქართული საზოგადოების მცირე ნაწილს. სახელმწიფოს და საზოგადოებების დამოკიდებულება კონფლიქტებთან ყველაზე მეტად გალის საკითხთან მიმართებაში ჩანს. გალის რაიონი ლიმინალურ სივრცეში არსებობს. ორივე მხარისთვის ეს სივრცე ერთგვარი „ბუფერული ზონაა“. ძირითადად ქართველებით დასახლებულ რაიონს არც საქართველოდან ეხმარება ვინმე და აფხაზური ადმინისტრაციაც ყველა ფორმით ცდილობს იქ მცხოვრები ადამიანების დაჩაგვრას; იქნება ეს საკუთარ ენაზე სწავლის უფლების შეზღუდვა თუ პასპორტები, რომლებსაც მათ არ აძლევენ. სიმბოლურია ისიც, რომ აფხაზეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაგავსაყრელიც სწორედ გალის რაიონში მდებარეობს. ეს მოუგვარებელი საკითხებიც სხვადასხვა მთავრობებს როგორც მემკვიდრეობა ისე გადაეცემათ, თუმცა, მათი გადაჭრის მაგივრად ისინი არაფრისმთქმელი ლოზუნგებით შემოიფარგლებიან. საზოგადოება კი, ამ ლოზუნგებს მხოლოდ კარნავალად, კომერციად და მდარე სენტიმენტალიზმად აქცევს ხოლმე — მაგალითად, გასაყიდი მაისურების ახალ კოლექციად, წარწერით: „გალი“. ჩვენს რეგიონში ყველამ ვიცით რა არის მუდმივ საფრთხეში ცხოვრება. მაგრამ არავის არ სურს იმის აღიარება, რომ ხანდახან შესაძლოა ამ საფრთხეს სხვისთვის თვითონვე წარმოადგენდეს.

ის ხალხი, ვისთანაც ვკამათობ ხოლმე, გამუდმებით ერთ „ჩამჭრელ“ შეკითხვას მისვამს: ვაღიარებ თუ არა ქართველების ეთნიკურ წმენდას აფხაზეთში. ამ შეკითხვას კამათისას კლასიკურ whatabaoutism-ად აღვიქვამ და ამის გამო მას ხშირად უპასუხოდ ვტოვებ ხოლმე. მაგრამ აქ მაინც ვიტყვი, კი, ვაღიარებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის კამათი ამ კითხვის მერე სრულდება, მაინც მაინტერესებს ხოლმე რამდენად იცნობენ და აღიარებენ ჩვენში აფხაზური მხარის მსხვერპლს? მაგალითად რას ფიქრობენ ლათას ტრაგედიაზე ან სოხუმში დამწვარ აფხაზეთის არქივზე.

ხშირად ვფიქრობ რისი ბრალია, რომ ამ საკითხების განსხვავებული კუთხით დანახვის მცდელობა მხოლოდ დახურულ სივრცეებში, ძირითადად ამ საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ცალკეული დაინტერესებული ადამიანების ძალისხმევით იწყება და იქვე მთავრდება. ამ კონფლიქტის განსხვავებული ისტორიის აღქმა მხოლოდ იქ ჩნდება, სადაც ამ შეკითხვებს წლობით უღრმავდებიან და მიღებული ცოდნით, გამოცდილებით და კონტაქტებით შეიარაღებულები, ბოლოს მაინც საკუთარ ვიწრო წრეში იხარჯებიან. რა არის იმის მიზეზი, რომ ამ წინააღმდეგობრივი ისტორიის გაშუქება ნაციონალისტურ ნარატივს არ სცდება და ფსევდოპატრიოტულ ლოზუნგებად ქცეულ აზრებს ვერ ერევა, რისი ბრალია, რომ პოპულარულ მედიაში ამ საკითხების განხილვა და სიღრმეების კვლევა საერთოდ არ ხდება? მხოლოდ მედიის პრობლემაა თუ გასაგები მიზეზების გამო დახურული ფორმატების ჩაკეტილობის? მგონია, რომ გამოსავალი ახალი გაზიარების სივრცეების და პლატფორმების შექმნაა, მეტი გახსნილობა და არაპოპულარული და რადიკალურად განსხვავებული პოზიციების უფრო ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა. გამოცდილი ადამიანების დასაბუთებული ცოდნის უფრო თამამად, მეტ ხალხთან და განსხვავებულ ადგილებში მიტანა. იმ შიშის დაძლევა, რომ ჩვენი პოზიცია, რომელიც შეიძლება უმრავლესობის აზრს არ ემთხვეოდეს, „ქვეყნის ღალატს“ და ყველაზე მარტივად მისაკერებელ იარლიყს, „რუსეთის აგენტობას“, სულაც არ ნიშნავს.


ქართული   English   Русский


ბუჩამდე იყო აფხაზეთი
რუსეთის მიერ ქართველების წინაშე ჩადენილი დანაშაულები პოლიტიკურად და სამართლებრივად უნდა შეფასდეს

თამარ ჩერგოლეიშვილი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი

© Jon Jones / Sygma

ისტორია მოწმეა, რომ, როგორც წესი, პოლიტიკური კონიუნქტურა განსაზღვრავს, რომელ მსხვერპლს თანავუგრძნოთ და რომელი დავივიწყოთ.

ეს სტატია დავიწყებულ მსხვერპლს ეხება.

თუკი დღეს თავისუფალი სამყარო ძალიან დიდ რესურსს და ძალისხმევას ხარჯავს, რომ პუტინის სისხლიანი რევიზიონიზმი შეაკავოს, გასული 30 წლის მანძილზე ის იკვებებოდა ილუზიით, რომ რუსეთი საბჭოთა კავშირი აღარაა და საერთაშორისო წესრიგს საფრთხეს ვეღარ შეუქმნის.

“ესენი [რუსეთი] თუ საქართველოში არ შევაჩერეთ, ხვალ უკრაინაში იქნებიან“ — ღაღადებდნენ უდაბნოსა შინა ის უკრაინელები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების დასაცავად 1992-1993 წელს აფხაზეთში იბრძოდნენ.

„...რუსეთის ზოგიერთი უმაღლესი ჩინის სამხედროთა მოქმედება და რუსეთის პარლამენტის პოლიტიკა ჩვენ გვაძლევს უფლებას, ვამტკიცოთ, რომ კარგად კოორდინირებულ და სინქრონიზებულ შემოტევასთან გვაქვს საქმე, მე მინდა, მსოფლიომ შეიგნოს: აფხაზეთი სისხლიანი რევანშის ბრძოლის ველია....

ნუ დაუშვებთ საზარელ დანაშაულს, შეაჩერეთ პატარა ქვეყნის დასჯა, იხსენით ჩემი ხალხი იმპერიული რეაქციის კოცონზე დაწვისგან. მსოფლიოს უფლება არ აქვს, შეურიგდეს ერთ-ერთი უძველესი ხალხის, დიდი კულტურის შემოქმედისა და მაღალი სულიერი ტრადიციების ქვეყნის მოსპობას...

მინდა, რომ ეს ყველამ გაიგოს, რადგან კაცობრიობა ბედნიერი ვერ იქნება, მშვიდად ვერ ისარგებლებს მშვიდობის სიკეთით, სანამ დაღუპვის საფრთხე ელის თუნდაც ერთს, დაე, ყველაზე მცირერიცხოვან ხალხს...“ — ამაოდ მიმართავდა ედუარდ შევარდნაძე საერთაშორისო თანამეგობრობას 1993 წლის 18 სექტემბერს, სოხუმის დაცემამდე 9 დღით ადრე.

ქართველების და უკრაინელების ხმა 90-იან წლებში ბოროტების იმპერიაზე გამარჯვების ეიფორიაში ჩაიკარგა — დასავლეთი არ იყო მზად, ცივ ომში დამარცხებული რუსეთი პოტენციურ საფრთხედ დაენახა, კრიზისში მყოფი საქართველოს ძალისხმევა დასუსტებული რუსეთის შეჩერებას არ ეყო.

მაშინ მოსკოვმა, მისი ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი ჯგუფების — ომის წინ სახელდახელოდ შექმნილი მთის ხალხთა კონფედერაციის, რუსეთში დაქირავებული ბანდების და ავიაციის გამოყენებით, იოლად მოახერხა აფხაზეთის ოკუპაცია და რეგულარული არმიის მეშვეობით სრულმასშტაბიანი ინტერვენცია არ დასჭირვებია. საგულისხმოა, რომ 1993 წლის 27 ივლისს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის პროცესს რუსეთის მაშინდელი საგანგებო სიტუაციების მინისტრი და ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ ხელმძღვანელობდა — შეთანხმება დაირღვა, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა და ქართველებისგან სრულად გაწმენდილ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული ჯარი სამშვიდობო სტატუსით განლაგდა.

აფხაზეთში დაიღუპა 5738 ადამიანი, მათ შორის 800-მდე ქალი და 50 ბავშვი. უგზოუკვლოდ დაიკარგა 300. ეთნიკური ნიშნით განადგურებას გამოექცა 250 ათასამდე ადამიანი.

სამშვიდობო სტატუსს რუსეთი 2008 წლის აგვისტოს ომამდე ინარჩუნებდა. საქართველოს ხელისუფლება 2005 წლიდან ცდილობდა ფორმატის ცვლილებას, მაგრამ დასავლეთის აქტიური მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, ხოლო მის მიერ სამშვიდობო სტატუსის გაუქმების ინიციატივას, 2008 წლის გაზაფხულზე, სტრატეგიული პარტნიორების ელჩების მხრიდან დემარში მოჰყვა — საქართველოს მთავრობის ამ ნაბიჯს დასავლეთის დედაქალაქებში პროვოკაციულად მიიჩნევდნენ და ხელისუფლებამ ამჯობინა, მოკავშირეების აზრი გაეთვალისწინებინა. ცალკე მსჯელობის საკითხია, რამდენად სწორი იყო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ასე მივედით აგვისტოს ომამდე.

მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, პუტინს უკვე ჰქონდა გაცხადებული თავისი გეოპოლიტიკური მიზანი — ისტორიის რევიზია და საბჭოთა კავშირის დროინდელი გავლენის აღდგენა, დასავლეთის დედაქალაქებში რუსეთთან ურთიერთობების გართულება იმდენად არ სურდათ, რომ პუტინის განზრახვას სერიოზულად არ იღებდნენ. ამიტომაც ვერ გაუძლეს მსხვერპლისთვის ბრალის განაწილების ცდუნებას — „ცხელთავიან“ ქართველებს გვისაყვედურეს პროვოკაციაზე წამოგება და ამ „შეცდომას“ დააბრალეს რუსეთის არმიის მხრიდან სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია. ეს მაშინ, როდესაც საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, თავადვე ადასტურებდნენ, რომ რუსეთის რეგულარული არმია ქართული ჯარის შეტევის დაწყებამდე იყო შემოსული საქართველოს ტერიტორიაზე.

90-იანი წლებისგან განსხვავებით, 2008 წელს საერთაშორისო ყურადღება გაცილებით მასშტაბური იყო. რუსული ბომბების ხმაურში, ქართველ ხალხს ევროპელი პრეზიდენტები ამხნევებდნენ დედაქალაქის მთავარი გამზირიდან. ომი ხუთ დღეს გაგრძელდა და ბევრი ქართველის ცნობიერებაში 13 აგვისტოს, ჯორჯ ბუშის ბრიფინგით დასრულდა — შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჰუმანიტარული ოპერაციის დაწყების შესახებ გვამცნო, რომელსაც თავდაცვის მინისტრი, რობერტ გეითსი ხელმძღვანელობდა. ბუშის განცხადებიდან 1 საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაჯდა.

90-იანი წლებისგან განსხვავებით, 2008 წელს რუსეთთან ომი წლების ნაცვლად, დღეებში დასრულდა და მას ათჯერ ნაკლები ადამიანი ემსხვერპლა. პუტინის რეჟიმმა ოკუპირებული ტერიტორიები გააფარფთოვა, მაგრამ გაცხადებულ მიზანს - საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დამხობას ვერ მიაღწია.

აგვისტოს ომიდან მალევე, შეერთებული შტატების ახალმა პრეზიდენტმა რუსეთთან „გადატვირთვის“ ცნობილი პოლიტიკა დაიწყო. ბარაკ ობამას საგარეო პოლიტიკა, მისი საგარეო მდივნისვე შეფასებით გულუბრყვილო აღმოჩნდა: „ჩვენ გარკვეული დროის მანძილზე დავიბენით — ვერ გავაცნობიერეთ, რასთან გვქონდა საქმე. გვეგონა, რომ იარსებებდა გზა, რომელიც თავიდან აგვაცილებდა კონფლიქტს, არ დაგვაბრუნებდა ცივ ომში, ან ღმერთმა დაგვიფაროს, ცხელ ომში“ —ასე უპასუხა ჰილარი კლინტონმა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის კრიტიკას რუსეთთან მიმართებით, 2018 წელს.

მოკლედ, რუსეთის საქართველოში შეჩერება ვერც მაშინ მოხერხდა.

„საშინელება იყო, საშინელება, ახლა უკრაინაში რომ ხდება და მეუბნებიან, უყურეო, უარს ვამბობ, ეს გავიარეთ ჩვენ. ახლა რუსეთი ღიად ჩანს უკრაინის ომში და აქ არ ჩანდა“ — ამბობს ნუცა გიორბელიძე-დარსალია ონლაინ მედია „ტაბულასთან“ საუბარში. ის ერთერთია აფხაზეთიდან დევნილთა შორის, ვინც მონდომებულია, რომ ისტორიული სამართლიანობა აღდგეს და 30 წლის წინ რუსეთის მიერ ქართველების წინაშე ჩადენილი დანაშაულები ადეკვატურად შეფასდეს როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად. მაგრამ ქართველების წინაშე ჩადენილი დანაშაულების შესახებ ძალიან ცოტა იცის არათუ მსოფლიომ, არამედ თვითონ ქართულმა საზოგადოებამ.

ასეთი მძიმე ტრაგედიის ამგვარი უხილავობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ 29 წლის წინ, გეოპოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, რუსეთის როლის ადეკვატური შეფასება საქართველოს ხელისუფლებამ მიუღწეველ მიზნად ჩათვალა და ფაქტობრივად კაპიტულაცია გამოაცხადა — რუსეთმა სამშვიდობო როლი იკისრა, საქართველოს დსთ-ში შესვლა უზრუნველყო და ოკუპირებული პოსტ-საბჭოთა ქვეყნის საკვანძო თანამდებობებზე საკუთარი რეზიდენტები დანიშნა. აფხაზეთში მომხდარ დანაშაულებზე დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიება 25 ათასი ჩვენებით, თაროზე შემოიდო და მას აღარავინ დაბრუნებია.

ქართულ საზოგადოებასთან თნმიმდევრულად არავის უსაუბრია იმის შესახებ, თუ რა გამოიარა ასობით ათასმა ქართველმა 1992-1993 წლებში აფხაზეთში და რა დაუშავა მათ რუსეთმა. ეს ეპიზოდი საქართველოს ისტორიიდან წაშლილი იყო, დევნილთა თემი კი სტიგმატიზებული და გაუცხოებული საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. მათ არავინ არაფერს ეკითხებოდა და ისინიც არ ლაპარაკობდნენ.

სწორედ ამიტომ, ბევრისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა, როცა განზოგადებულ ბოროტებაზე საუბრის ნაცვლად ინდივიდუალური ისტორიების მოყოლა დავიწყეთ და რამდენიმე თვის წინ, აფხაზეთში მომხდარი დღის სინათლეზე გამოვიტანეთ ინტერაქტიული ექსპოზიციით „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“. ამის შემდეგ, ქართველების მიმართ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების გადაფასების პროცესი დაიძრა და საერთაშორისო გამოხმაურებაც აქვს, მაგრამ რუსეთის როლის აღიარებამდე და მომხდარის პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებამდე ჯერ შორია.

გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც ისტორიის გაცოცხლება და რუსეთის როლის აქტუალიზაცია გააპროტესტეს — ისინი თავს მშვიდობის მშენებლებს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ რუსეთის როლზე საუბარი ე. წ. შერიგების პროცესს დაემუქრება, რადგან სოხუმის მარიონეტულ რეჟიმს გააღიზიანებს. ზოგიერთი იმასაც ამბობდა, რომ რუსეთის როლზე აქცენტირება ქართველების პასუხისმგებლობისგან გაქცევაა.

ჩემთვის ორივე პრეტენზია უსაფუძვლოა. ქართული საზოგადოება ახლაც არაა დემოკრატიული საზოგადოება, მითუმეტეს, არ იყო მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და პასპორტებში ჩაწერილი ეთნიკური წარმომავლობა გვყოფდა. ჩვენ ჯერ კიდევ დასაფუძნებელი გვაქვს ისეთი რესპუბლიკა, სადაც ნებისმიერ ადამიანს, განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, სქესისა, რასისა, რელიგიური კუთვნილებისა თუ სექსუალური იდენტობისა, ექნება თავისუფლება, სიცოცხლის და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება და ვფიქრობ, ასეთი რესპუბლიკის დაფუძნება იქნება ყველაზე სწორი პასუხი წარსულ შეცდომებზე, რომლებიც ხანდახან დანაშაულზე უარესიც ყოფილა.

მაგრამ გაუგებარია, რუსეთის როლის ადეკვატური შეფასება, ჩვენი თანამოქალაქეების ტრაგედიების გაზიარება, თანაგრძნობა და ისტორიული მეხსიერების აღდგენა რა ლოგიკით ნიშნავს იმის უარყოფას, რომ მართლაც არსებობდა ეთნიკური შუღლი აფხაზებსა და ქართველებს შორის და ამ საკითხს შესწავლა და გადაწყვეტა სჭირდება.

ან როგორ უშლის ეს ხელს შერიგებას? პირიქით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საფუძვლების და გადაჭრის გზების ძიება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როდესაც რუსეთის ნამოქმედარი ადეკვატურად შეფასდება და ამ კონფლიქტის დარეგულირებაში ოკუპანტს როლი აღარ ექნება.

თუ არსებობს მტკიცებულებები, რომ ქართულ სახელმწიფოს, ან მის ეფექტურ კონტროლს დაქვემდებარებულ ჯგუფებს ეთნიკური აფხაზების სრული ან ნაწილობრივი განადგურება ჰქონდათ მიზნად დასახული და მათი დავალებით ქართველი ჯარისკაცები და მებრძოლები ეთნიკური ნიშნით ხოცავდნენ და აწამებდნენ აფხაზებს, ცოცხლად წვავდნენ მოხუცებს, ატყავებდნენ ბავშვებს და აუპატიურებდნენ ქალებს, ბუნებრივია, ეს უნდა შეფასდეს და სამართლებრივი შედეგებიც მოჰყვეს. თუმცა, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში — ეს დიდი ხნის წინ იქნებოდა გამოქვეყნებული და შეფასებული გამარჯვებული მხარის მიერ.

„აფხაზეთში დავრჩებით იქამდე, სანამ ფაშისტური სახელმწიფოები პატარა ერებს ჩაგრავენ“ — აცხადებენ რუსი მებრძოლები, მოსკოვიდან და ნოვოსიბირსკიდან 1993 წელს ჩაწერილ ინტერვიუში.

აფხაზეთის ომიდან სადაცაა 30 წელი გავა და კრემლის სახელმძღვანელოში არაფერი შეცვლილა - პუტინის რეჟიმი ახლაც ეცადა, რომ უკრაინაში სამხედრო აგრესია სპეცოპერაციად გაესაღებინა, რომლის ამოცანაც, თითქოს, რუსულენოვანი უკრაინელების ნაცისტი უკრაინელებისგან დაცვა იყო. მაგრამ რუსეთს უკრაინაში არ გაუვიდა ის, რაც საქართველოში გაუვიდა და არა იმიტომ, რომ უკრაინაში არ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ნაცისტური შეხედულებები აქვთ, ან საქართველოში არ იყვნენ მაშინ ადამიანები, რომლებსაც ფაშისტური შეხედულებები ჰქონდათ, არამედ იმიტომ, რომ ომის მიზეზი ეს არ ყოფილა. ომის მიზეზი რუსეთის გეოპოლიტიკური ამბიციები იყო. სამწუხაროდ, ქართველები ძალიან დიდხანს მოვექეცით ეთნიკური კონფლიქტის, ეთნიკური წმენდის და შერიგების ნარატივის ტყვეობაში, შეიქმნა არაერთი პროცესი, დასაქმდა არაერთი ადამიანი და სულაც არაა გასაკვირი, რომ სტატუს-კვოს შეცვლა შეშფოთებას იწვევს „მშვიდობის მშენებელთა“ ბანაკში.

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ ქართველების ხოცვა, მათთვის ყურების, ცხვირების მოჭრა“ — ასე მოძღვრავდა მთის ხალხთა კონფედერაციის უფროსი, მუსა შანიბოვი, ჩრდილოკავკასიელ ბებრძოლებს აფხაზეთის ომის დროს. მართლაც, როცა ჩვენებებს და მსხვერპლის ნაამბობს საერთო სურათად კრავ, დეტალების უმრავლესობა ერთმანეთს ძალიან ლოგიკურად ავსებს და ცხადი ხდება, რომ ის რაც მოხდა ბუჩაში, ირპენში, მარიუპოლსა და უკრაინის სხვა ქალაქებში 2022 წელს, 30 წლით ადრე მოხდა აფხაზეთში.

შოკისმომგვრელია არა მხოლოდ ჯალათობის მასშტაბი, არამედ მსგავსება იმასთან, რასაც რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ქალაქებში სჩადის — ქალების და ბავშვების მასობრივი გაუპატიურება, ბავშვების გატყავება, წამება, სხეულის ნაწილების მოჭრა, მოხუცი ადამიანების ცოცხლად დაწვა, ტანკით გადავლა, ჭების ადამიანებით ამოვსება და ცოცხლად გადარჩენილებისთვის გვამებით წყლის დაშრობა — და ეს ყველაფერი, ეთნიკური ქართველობის ნიშნით. ათობით ათასი ჩვენების მხოლოდ მცირე ნაწილი ვნახეთ და იქიდანაც ცხადია, რომ ქართველები გარდაუვალი განადგურების საფრთხეს გამოექცნენ და ეთნიკური წმენდა ამის შედეგია.

ბუჩაში, მარიუპოლში, ირპენსა და სხვა ქალაქებში ჩადენილი ომის დანაშაულები ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, ირლანდიის, კანადისა და ჩეხეთის პარლამენტებმა ოფიციალურად შეაფასეს გენოციდად.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ახლა უკრაინას მთელი მსოფლიო უდგას გვერდში და უკრაინა ამ ომში გაიმარჯვებს. ამაში ორი აზრი არ არის” — ამბობს ვენერა მეშველიანი, ახალდაბელი მასწავლებელი, რომელსაც ქმარი ომში დაეღუპა, თვითონ კი 3 კვირის განმავლობაში რუსების ტყვეობაში იყო შვილთან და 300 ქართველ ქალთან ერთად, რომლებსაც რიგრიგობით აუპატიურებდნენ — „გაიმარჯვებს იმიტომ, რომ გაერთიანდა ახლა მთელი მსოფლიო და ჩვენ, რატომღაც, განცალკევებული აღმოვჩნდით მაშინ. მე მგონია იმიტომ, რომ იმდენად მწირი იყო ინფორმაცია, ალბათ, ვერც კი გაიგო მსოფლიომ, რა მოხდა აფხაზეთში. მაგრამ ახლა მაინც უნდა ვთქვათ ეს — ახლა მაინც გავაგებინოთ ქვეყანას, რა გადაგვხდა თავს. მისი მონაწილეები და მომსწრენი ცოცხლები ვართ ჯერ და ჩვენ შეგვიძლია ამაზე ლაპარაკი“.

ვენერა მეშველიანი მართალია.

აფხაზეთში მებრძოლი უკრაინელების წინასწარმეტყველება ახდა და სწორედ იმიტომ, რომ რუსეთი საქართველოში ვერ შეაჩერეს, დღეს ვართ იქ, სადაც ვართ — უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომია, დასავლეთი რუსეთის მიერ ქიმიური და ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე მსჯელობს, მას პუტინის რუსეთის შეკავება განუზომლად ძვირი უჯდება, ვიდრე დაუჯდებოდა, ელცინის რუსეთის დროს რომ ემოქმედა.

ახლა, 90-იანი წლებისგან განსხვავებით, უკრაინელების თავდაუზოგავმა ბრძოლამ თავისუფლებისთვის, ახალი საერთაშორისო რეალობა შექმნა. ამ რეალობაში, არის შანსი, რომ რუსეთის მიერ ქართველების წინაშე ჩადენილი დანაშაულების გენოციდად აღიარებასაც მივაღწიოთ. ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მსხვერპლი გვიან, მაგრამ დავაფასოთ, წაშლილ ისტორიას ადგილი მივუჩინოთ და სამომავლო გეგმები სწორად გააზრებულ წარსულზე ავაგოთ.

„ჩვენ ტყუილი არ გვჭირდება, სიმართლე გვჭირდება. სიმართლე ის არის, რომ ჩვენ რუსებმა გამოგვყარეს“ — ამბობს ახალდაბელი ლიანა მიქაია. ეს სიმართლე მარტო ლიანას არ სჭირდება, ეს სიმართლე სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობასაც ბოროტების უკეთ შესაცნობად და მშვიდობიანი მსხვერპლის შესამცირებლად.

LATEST