19 December 2022Georgia

კულტურული არტეფაქტები მეხსიერებასა და ამნეზიას შორის

კულტურული არტეფაქტები მეხსიერებასა და ამნეზიას შორის

by Nini Palavandishvili
“Diorama”, Georgian Military Road; architect: Giorgi Chakhava, artists: Zurab Kapanadze, Zurab Lezhava, Nodar Malazonia, 1983© Nini Palavandishvili


საბჭოთა პერიოდის კულტურული მეხსიერება დღევანდელი ქართული კულტურის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. მკვლევარი და კურატორი ნინი ფალავანდიშვილი საბჭოთა ქართული მოზაიკების მაგალითზე აჩვენებს, რომ საბჭოთა მემკვიდრეობისაგან გათავისუფლების სურვილი, ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკასთან თანხვედრაში, საბჭოთა პერიოდის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას იწვევს, რომელიც ზოგადი, ქართული და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.

ქართული   English   Русский


ჩემი ინტერესი საბჭოთა პერიოდის ქართული მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკისადმი განპირობებულია ბოლო 30 წლის განმავლობაში საჯარო სივრცეში მიმდინარე ინტენსიური ცვლილებებით. ხელოვნების ეს დარგი ურბანული გარემოს განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ხელოვნების სხვა დარგებისგან განსხვავებით, საბჭოთა ქართულმა მოზაიკამ ვერ დაიმსახურა დაფასება და, ხშირ შემთხვევაში, აგრესიული ჩარევის მსხვერპლი გახდა. უახლეს წარსულთან დისტანცირება და საბჭოთა კავშირის ისტორიის ვიზუალური მეხსიერებიდან ამოშლის სურვილი ემოციურ დონეზე არსებობს, მაგრამ საბჭოთა მემკვიდრეობასთან მოპყრობის პოლიტიკა გაუაზრებელია. საქართველო, სხვა პოსტ-საბჭოთა და პოსტ-სოციალისტური ქვეყნების მსგავსად, სწრაფად ცდილობდა წარსული იდეოლოგიის დავიწყებას. საქართველოს მთავრობების ნეოლიბერალურმა პოლიტიკამ, რომელმაც გამოიწვია ჩვენი ურბანული გარემოს უსისტემო ტრანსფორმაცია და შეამცირა საჯარო სივრცეში საზოგადოების ჩართულობა, არაპროფესიონალების ჩარევამ ქალაქის სახის ჩამოყალიბებაში, ფასადურმა „შელამაზებამ“, შედეგად მოიტანეს მოზაიკების თანდათანობითი განადგურება.

მოზაიკები საბჭოთა საქართველოში

საბჭოთა კავშირში მონუმენტური ხელოვნების ფართო პოპულარიზაცია ბრეჟნევის მმართველობის დროს (1964-1982) დაიწყო. ბრეჟნევის წინამორბედი, ნიკიტა ხრუშჩოვი, ფუნქციონალური და ეკონომიური მშენებლობის მომხრე იყო და კრძალავდა

დეკორატიული ელემენტების გამოყენებას.

საქართველოში, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის უმეტეს ქვეყნებში, მე-20 საუკუნის მოზაიკა, უმეტესწილად, ასოცირდებოდა საბჭოთა რეჟიმთან და პროპაგანდისტულ ინსტრუმენტად განიხილებოდა. 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, საბჭოთა ქალაქებში საზოგადოებრივ და საცხოვრებელ შენობებს ხშირად ამკობდნენ სახელმწიფოს შეკვეთით შექმნილი მოზაიკური პანოებით. მოზაიკები საგანმანათლებლო, კულტურული, ადმინისტრაციული და სამრეწველო შენობების დეკორატიულ ელემენტად იყო ჩაფიქრებული. მოზაიკის კონკრეტული თემა ძირითადად იმ შენობის ფუნქციით განისაზღვრებოდა, რომელზეც ის იყო განთავსებული; საწარმოების ფასადებზე მოზაიკები ტექნოლოგიურ და სამეცნიერო პროგრესსა და შრომას ადიდებდნენ, სამეცნიერო-კვლევითი და საგანმანათლებლო ინსტიტუტების ფასადზე შესაბამისი საქმიანობის ამოკითხვა იყო შესაძლებელი. თავად მოზაიკეები, რომლებიც სხვადასხვა პროფესიის საბჭოთა მშრომელებს ასახავდნენ, სხვადასხვა საწარმოების და დაწესებულებების სარეკლამო ბანერების ფუნქციას ასრულებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალისტური რეალიზმი საბჭოთა ხელოვნების ერთადერთ მეთოდად იყო აღიარებული, სტალინის ცნობილ ფორმულას თუ დავესეხებით, ეროვნული ფორმა ხშირად სჯაბნიდა სოციალისტურ შინაარსს. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა პერიოდში მოღვაწე მხატვრები ვალდებულები იყვნენ რეალიზმის პრინციპების მიხედვით ემოქმედათ, და მოზაიკაც „რეჟიმის პროდუქტად“ მიიჩნეოდა, ისინი ეროვნული ფორმით და ეროვნული თავისებურებებით გამოირჩეოდნენ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს ადგილობრივ ვიზუალურ ენაზე თარგმნიდნენ. მოზაიკების იკონოგრაფია სტილის ფართო სპექტრს გვთავაზობს სოციალური რეალიზმიდან ფუტურიზმამდე და ეროვნული მოტივებით და თემებით გაჯერებული, გრაფიკული, მინიმალისტური ნახატებიდან რთულ კომპოზიციებამდე და თვით აბსტრაქციონიზმამდე. თუმცა ეს უკანასკნელი საბჭოთა ხელოვნებამ არსებობის უკანასკნელ წლებამდე არ აღიარა, ასეთი ნამუშევრები ხშირია საბჭოთა ქართულ მონუმენტურ ხელოვნებაში.

Former swimming pool Laguna Vere, Tbilisi; artist: Koka Ignatov, 1978Former swimming pool Laguna Vere, Tbilisi; artist: Koka Ignatov, 1978© Gogita Bukhaidze

საქართველოში პირველი საბჭოთა მოზაიკები გვხვდება ყოფილ „სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენაზე“ (ВДНХ) თბილისში, ამჟამინდელ „ექსპო ჯორჯიას“ ტერიტორიაზე. აქ 1961-63 წლებში შექმნილი ხუთი მოზაიკური ნამუშევარია თავმოყრილი, რომლებიც იმ შინაარსობრივი და სტრილისტური მრავალფეროვნებით გამოირჩევიან, რომელიც ზემოთ ვახსენე. დაწყებული გურამ კალანდაძის გრაფიკული და მინიმალისტური მოზაიკიდან აქ არის ლეონარდო შენგელიას ტექნოლოგიური პროგრესის განდიდება, ალიკო გორგაძის და თეზო ასათიანის სოციალისტურ რეალისტური პანო ეროვნული მოტივებით და კუკური წერეთლის აბსტრაქტული გრაფიკული გამოსახულებები.

Former Exhibition of Achievements of National Economy, Tbilisi; artists: Guram Kalandadze, Leonardo Shengelia, Aliko Gorgadze and Tezo Asatiani, 1960sFormer Exhibition of Achievements of National Economy, Tbilisi; artists: Guram Kalandadze, Leonardo Shengelia, Aliko Gorgadze and Tezo Asatiani, 1960s© Gogita Bukhaidze

მალევე (1968-69) ვახტანგ ქოქიაშვილმა საქართველოს პავილიონისთვის მოსკოვის საგამოფენო ცენტრისათვის შექმნა „ხევსურული ქორწილი“. ეს პანო, თავისი მხატვრული გამომსახველობით უდაოდ ჯოტოს „იუდას ამბორით“ არის შთაგონებული, თუმცა მხატვარი ძალიან ოსტატურად ახერხებს ჯოტოსთვის დამახასიათებელი ჰორიზონტალური კომპოზიციის, სახის ნაკვთების და სხვა ელემენტების მოზაიკურ პანოში თარგმნას და მისთვის თვითმყოფადი ეროვნული ხასიათის მინიჭებას.

The Khevsurian Wedding, artist: Vakhtang Kokiashvili, 1968-69The Khevsurian Wedding, artist: Vakhtang Kokiashvili, 1968-69© Nini Palavandishvili

მიუხედავად ამ ადრეული მაგალითებისა, საქართველოში მე-20 საუკუნის მოზაიკის საწყისად 1959-67 წლებში აგებული ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსის გაფორმება მიიჩნევა, რომლის მთავარ მხატვრად ზურაბ წერეთელი დაინიშნა და მოზაიკური ნამუშევრები შეასრულა. ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსის ტერიტორიაზე მოზაიკები გვხვდება როგორც ინტერიერში, ისე ექსტერიერში, ისინი სიდიდითა და რაოდენობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. ზურაბ წერეთლის ფენომენი ცალკე გამოყოფის ღირსია. არა მარტო საბჭოთა საქართველოს, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ ხელოვანს ჰქონდა საკუთარი სახელოსნო-საამქრო, თვითონ აწარმოებდა მოზაიკების შექმნისთვის აუცილებელ სმალტას, მაშინ როდესაც საბჭოთა საქართველოში მასალა უმთავრესად უკრაინიდან და ბალტიის ქვეყნებიდან შემოჰქონდათ. რაც მთავარია, საბჭოთა ქართველი მხატვარი ახერხებდა, რომ მის მოზაიკურ ნამუშევრებს არაფერი საერთო ჰქონოდა სოციალისტური რეალიზმის მოტივებთან. ზურაბ წერეთლის ნამუშევრები გამოირჩევა ზღაპრული და მითოლოგიური ფიგურებით, აბსტრაქტული მოტივებით. აქ არ არიან არც საბჭოთა ხელოვნებისათვის დამახასიათებელი პერსონაჟები, მშრომელები, შრომის და ომის გმირები, მისი პანოები, პირიქით, ყოველდღიური შრომისგან დაღლილ ადამიანებს სხვა, წარმოსახვით, ზღაპრულ სამყაროში ეპატიჟებიან.

ქართულ მოზაიკათა იკონოგრაფია ნათელი მაგალითია იმისა, რომ სტანდარტები, დაწესებული მოზაიკის პერსონაჟებისა თუ თემებისთვის, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა შრომით მიღწევას, ტექნოლოგიურ პროგრესსა და ეროვნული ტრადიციების დაცვას ეხებოდა, საქართველოში ადგილობრივ დონეზე, მარეგულირებელი ცენტრიდან შორს განიხილებოდა. გადაწყვეტილებას მოზაიკების შესრულების შესახებ იღებდა საქართველოს მხატვართა კავშირი და მას დაქვემდებარებული კომბინატი. ქართულ მოზაიკებზე იშვიათადაა გამოსახული საბჭოთა სიმბოლოები, მაგალითად, ნამგალი და ურო, ან საბჭოთა ლიდერები, მხოლოდ იშვიათად ვარსკვლავები და აქა-იქ, პატარა ასოებით. CCCP (სსრკ რუსულად). პატარა ასოებით.

სოციალისტური აღმშენებლობის პარალელურად, ერთი-ერთი ყველაზე პოპულარული თემა ტექნოლოგიური მიღწევებია, განსაკუთრებით კოსმოსის ათვისება 1960-იან წლებში. 1961 წელს ჯერ იური გაგარინის, 1963 წელს კი ვალენტინა ტერეშკოვას კოსმოსში გაფრენამ დიდი ეიფორია გამოიწვია. კოსმოსი საბჭოთა მიღწევების მთავარი სიმბოლო გახდა. შესაბამისად, მოზაიკების უმეტესობაზე კოსმონავტები და რაკეტები გვხვდება. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ორი მოზაიკა თბილისის სხვადასხვა ადგილას, არც ერთის ავტორი ცნობილი აღარ არის. ერთ-ერთი მოზაიკა ყოფილ ავეჯის ფაბრიკას „განთიადი“ ამშვენებს. კოსმონავტი ქალის ფიგურა ზუსტად იმეორებს თამარ მეფის მე-12 საუკუნის პორტრეტს ვარძიის ფრესკიდან. თუ გავითვალისწინებთ თამარ მეფის ფიგურის მნიშვნელობას ქართველი ერისთვის, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ მხატვარმა სწორედ მისი გამოსახულება აირჩია ძლიერი საბჭოთა ქალის სიმბოლოდ. მეორე მოზაიკა დეკორატიული კედელია ვარკეთილის ერთ პატარა სკვერში. კოსმონავტი ქალის ფიგურა წააგავს პირველი კოსმონავტი დედის, ანა ლი ფიშერის სურათს 1985 წლის ჟურნალის „LIFE“ გარეკანზე. ანა ლი ფიშერი არასოდეს ყოფილა ცნობილი საბჭოთა კავშირში, თუმცა შესაძლებელია, რომ 1980-იანი წლების ბოლოს, როდესაც საბჭოთა კავშირი უკვე დაშლის გზას ადგა, უფრო მეტი უცხოური პრესაც შემოდიოდა და, შესაბამისად, მხატვრებსაც უფრო მეტ მასალაზე ჰქონდათ წვდომა.

Former furniture factory “Gantiadi”, Tbilisi; author unknown, 1970sFormer furniture factory “Gantiadi”, Tbilisi; author unknown, 1970s© Gogita Bukhaidze
Tbilisi, author unknown, 1980sTbilisi, author unknown, 1980s© Gogita Bukhaidze

კულტურული, საგანმანათლებლო ან ზოგიერთი სხვა ინდივიდუალურად მდგომი მცირე ფორმის მოზაიკების იკონოგრაფია ეროვნულ სიმბოლოებს და/ან ეროვნულ გმირებსა და ზღაპრებს ასახავს — კუკური წერეთლის დეკორატიული პანო გულიას მოედანზე გამოხატავს ნადირობის სცენას შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“. მისი შექმნის ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოა, რომ 1966 წელს იგი შოთა რუსთაველის 800 წლის იუბილეს მიეძღვნა. ნუგზარ მეძმარიაშვილის მოზაიკა თბილისის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში პრომეთეს მითის მოტივებზეა შექმნილი. პრომეთეს ქართულ მითოლოგიაში „ტყუპისცალი ძმა“ ჰყავს — ამირანი, რომელიც ქართველი ერის, მისი გაჭირვებისა და გადარჩენისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ითვლება.

“Hunting”, Tbilisi; Artist: Kukuri Tsereteli, 1960s“Hunting”, Tbilisi; Artist: Kukuri Tsereteli, 1960s© Nini Palavandishvili

საინტერესო მაგალითია „დიორამა“, გეორგიევსკის ტრაქტატისადმი მიძღვნილი მემორიალი საქართველოს სამხედრო გზაზე (არქიტექტორები: გიორგი ჩახავა, მხატვრები: ზურაბ კაპანაძე, ზურაბ ლეჟავა, ნოდარ მალაზონია). ფართომასშტაბიანი კომპოზიციის ცენტრალური ფიგურა არის დედა შვილით. აშკარაა, რომ იკონოგრაფიულად ავტორები ღვთისმშობლის და ჩვილი იესოს პარაფრაზირებას ახდენენ, მათ გარშემო კი ქართული და რუსული ლიტერატურული და ისტორიული პერსონაჟები არიან გამოსახულნი.

“Diorama”, Georgian Military Road; architect: Giorgi Chakhava, artists: Zurab Kapanadze, Zurab Lezhava, Nodar Malazonia, 1983“Diorama”, Georgian Military Road; architect: Giorgi Chakhava, artists: Zurab Kapanadze, Zurab Lezhava, Nodar Malazonia, 1983© Nini Palavandishvili

მხატვართა კოლექტივმა ამ მოზაიკის შესაქმნელად სპეციალური ტექნიკა შეიმუშავა. მხატვრებმა მონუმენტურ ნამუშევრებში ტრადიციული ქართული ტიხრული მინანქრის ტექნიკა შემოიტანეს და სმალტისგან განსხვავებული ტიპის გამომწვარი მინის გამოყენება დაიწყეს. მათ მიერ ამავე ტექნოლოგიით არის გაკეთებული ავტობუსის გაჩერება ციხისძირში და ჩაის პავილიონი ქუთაისში.

საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ქართულ მოზაიკებში ყველაზე ხშირად გვხვდება ვაზისა და ყურძნის ეროვნული სიმბოლოები, რომლებიც ქართულ საეკლესიო არქიტექტურასა და იკონოგრაფიაში ტრადიციულად ქალწული მარიამის სიმბოლოებად მიიჩნეოდა, ხოლო საბჭოთა იკონოგრაფიაში ისინი ეროვნული სოფლის მეურნეობის სიმბოლოებად გადაიქცა. აღსანიშნავია ეკლესიისა და რელიგიის თემაც, რადგან, მართალია, საბჭოთა რეჟიმის დროს რელიგიურობა მისასალმებელი არ იყო, 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, როცა სისტემა შესუსტდა და სხვადასხვა რესპუბლიკაში ნაციონალიზმმა დაიწყო გაძლიერება, მოზაიკის იკონოგრაფიაში ეკლესიის გამოსახულებებმაც უფრო თამამად შეაღწიეს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ეკლესიას, როგორც სოციო-კულტურულ და არა რელიგიურ ობიექტს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საქართველოს რეალობაში, ის ტურისტული დანიშნულების მთავარი ობიექტი იყო და არის.

“Sulkhan-Saba Orbeliani”, Bolnisi; artist: Vazha Mishveladze, 1984“Sulkhan-Saba Orbeliani”, Bolnisi; artist: Vazha Mishveladze, 1984© Gogita Bukhaidze
Former tea factory, Batumi; author and year unknownFormer tea factory, Batumi; author and year unknown© Nini Palavandishvili

გამორჩეულად აღსანიშნავია, აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე პავილიონის ტიპის ავტობუსის გაჩერებები. ისინი არქიტექტორმა გიორგი ჩახავამ შექმნა ზურაბ კაპანაძესთან, ზურაბ ლეჟავასთან და ნოდარ მალაზონიასთან თანამშრომლობით. ბოლო წლებში ყოფილ საბჭოთა კავშირში ავტობუსის გაჩერებების არქიტექტურის შესახებ ბევრი ფოტოწიგნი გამოიცა. მაგრამ აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე მიმოფანტული ეს ნაგებობები განსაკუთრებულადაა აღსანიშნავი. მათი მსგავსი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არც მანამდე და არც მერე შექმნილა, ისინი იდეოლოგიისგან თავისუფალი წარმოსახვის გამოხატულების მაგალითია. ეს თხელი ნაჭუჭისებრი სტრუქტურის ფუნქციური პავილიონები მათი ავტორების საინჟინრო და მხატვრულ ოსტატობაზე მიანიშნებენ და მოზაიკების მაღალ ხარისხს ადასტურებენ, მით უმეტეს, რომ არც ერთი მათგანი არ იმეორებს მეორის ფორმასა თუ ნახატს.

Bus stop “Elephant”, Alakhadzi; architect: Giorgi Chakhava, artists: Zurab Kapanadze, Zurab Lezhava, Nodar Malazonia,1970sBus stop “Elephant”, Alakhadzi; architect: Giorgi Chakhava, artists: Zurab Kapanadze, Zurab Lezhava, Nodar Malazonia,1970s© Giorgi Chakhava family archive

საბჭოთა მოზაიკების პოსტსაბჭოთა ისტორია

დღეს არა მხოლოდ ამ პავილიონებმა, არამედ იმ შენობათა უმეტესობამ, რომლებზეც მოზაიკები იყო განთავსებულ, პირველადი ფუნქცია დაკარგეს. ისინი მიტოვებულია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხელოვნების ეს სფერო განსაკუთრებით უყურადღებოდ დარჩა — დიდწილად, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმების გამო. ხანგრძლივმა უყურადღებობამ არსებული მოზაიკები თანდათანობითი დააზიანა. მოზაიკების მიმართ უყურადღებობა, ერთი მხრივ, დაკავშირებულია კულტურული და ვიზუალური მეხსიერებიდან საბჭოთა წარსულის წაშლის მცდელობასთან, მეორე მხრივ კი, და უფრო ძლიერად, მოზაიკებს ვნებს პოსტსაბჭოთა საქართველოს ნეოლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა — რაც ძირითადად ქალაქებში უმოქმედოდ დარჩენილი ან ნაწილობრივ მოქმედი საწარმოების პრივატიზაციაში აისახება, ისევე როგორც მათ გამიზნულ ნგრევაში. საქართველოში იმ შენობების უმეტესობა, რომლებსაც მოზაიკები ამშვენებს, კერძო საკუთრებაში ისე გადავიდა, რომ ახალი მფლობელებისთვის ამ ნამუშევრების მოვლის ან შენარჩუნების არანაირი ვალდებულება არ დაუკისრებიათ. თავად მეპატრონეები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ამ ნამუშევრებს არანაირ ღირებულებას არ ანიჭებენ და არაფერს აკეთებენ მოზაიკების შესანარჩუნებლად. დროის, კერძო ინტერესებისა და უყურადღებობის გამო განადგურდა თბილისში რესტორანი „არაგვი“ და მისი გაფორმება, ასევე მოზაიკები კაფეში „ლაღიძის წყლები“, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტზე, მეტროს „რუსთაველი“ შესასვლელში, ბათუმის თამბაქოს ქარხნის და ხაშურის საფეიქრო-საგალანტერეო ქარხნის გალავნებზე, რუსთავის ავტოდრომის, მწვანე კონცხზე აგრარული უნივერსიტეტის და სანატორიუმის „კოლხიდა“, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის, წალენჯიხის ჩაის საწარმოს მოზაიკები, კიდევ მრავალი სხვა მოზაიკა შეეწირა უფუნქციოდ დარჩენილი შენობების ნგრევას.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია რამდენიმე მაგალითი

მრავალწლიანი ბრძოლის, პროტესტისა და არაერთი პეტიციის შემდგომ ბათუმში ყოფილი კაფე „ფანტაზიის“, ე.წ. „რვაფეხის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. კაფე „ფანტაზია“ ბათუმში (1980), გიორგი ჩახავამ ზურაბ კაპანაძესთან თანამშრომლობით გააფორმა და იგივე თხელი ნაჭუჭისებრი ფორმები გამოიყენა, რაც შავი ზღვის სანაპიროს ავტობუსის გაჩერებებზე. „რვაფეხა“ ზომითაც (250 კვ.მ) აღემატება ავტობუსის პავილიონებს და მხატვრული კომპოზიციის კომპლექსურობითაც გამოირჩევა. რვაფეხა ზღვის ბინადრებით — თევზებით, დელფინებით, ზღვის ცხენებით, გველთევზები და ა.შ. არის გარშემორტყმული. ფორმითა და ფერადოვნებით გამორჩეული ნაგებობა მაშინვე იპყრობს ყურადღებას, თუმცა, იგი სრულ ჰარმონიაშია გარემოსთან. ეს მცირე სტრუქტურა არა მხოლოდ მხატვრული, არამედ ინჟინრული ღირებულებითაც გამოირჩეოდა. ავტორებმა იმ დროისთვის სიახლეს მიმართეს და კონსტრუქციაში ცივი წყლის გამანაწილებელი სისტემა ჩააყოლეს. ზაფხულის ცხელ დღეებში „რვაფეხაზე“ მოკალათებული ზღვის არსებებიდან გამოსული წყლის შხეფები აგრილებდა როგორც კონსტრუქციის ზედაპირს და მის მიმდებარე ტერიტორიას, ასევე დამსვენებლებს.

Café “Fantasia”, Batumi; architect: Giorgi Chakhava, artists: Zurab Kapanadze, Zurab Lezhava, Nodar Malazonia, 1975Café “Fantasia”, Batumi; architect: Giorgi Chakhava, artists: Zurab Kapanadze, Zurab Lezhava, Nodar Malazonia, 1975© Gogita Bukhaidze

1990-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული ბათუმის „რვაფეხა“ ფაქტობრივად მიტოვებული იყო და მისი მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. იყო ნაგებობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების სიაში შეყვანის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა. 2014 წელს კერძო ინვესტორებმა მისი დანგრევა მოისურვეს, თუმცა საპროტესტო აქციებისა და პეტიციების შედეგად, ბათუმის და, ზოგადად, საქართველოს მოსახლეობამ მისი გადარჩენა მოახერხა. 2017 წელს ბათუმის მუნიციპალიტეტმა მიიღო „რვაფეხას“ აღდგენის გადაწყვეტილება, კერძო ფონდის „ქართუ“ დაფინანსებით. შეკვეთა გადაეცა სამშენებლო კომპანიას, რომელსაც მსგავსი სარესტავრაციო სამუშაოების გამოცდილება არ ჰქონდა. სამწლიანი სამუშაოების შემდეგ „რვაფეხამ“ შეიცვალა ორიგინალური ფორმები და დიზაინი, სმალტის ქვების ზომა და ფერი, გაუქმდა წყლის გამაგრილებელი სისტემა. 2020 წელს ახალმა „რვაფეხამ“ ისიც კი დაიმსახურა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში მოხვედრილიყო.

Café “Fantasia”, Batumi; after renovation, 2020Café “Fantasia”, Batumi; after renovation, 2020© Tamri Bziava

ორი წლით ადრე, 2018 წელს, გიორგი ჩახავას მიერ დაპროექტებულ სამ გაჩერებას, მათი არქიტექტურული ღირებულების გამო, მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, სამივე გაჩერებაზე განთავსებულია კაპანაძის, ლეჟავას და მალაზონიას შემოქმედებითი კოლექტივის მოზაიკური პანოები. ძეგლის სტატუსის მინიჭების მიუხედავად, კონსტრუქციები არ გაუმყარებიათ, მოზაიკები არ გაუსუფთავებიათ და არ დაწყებულა მათი პროფესიონალური კონსერვაცია.

2020 წლის აგვისტოში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტომასალა, რომელზეც თბილისში, „მითანას“ და „ტკბილი ქვეყანას“ საწარმოების ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა მოზაიკა უკვე დაზიანებული სახით იყო გადაღებული: მოზაიკის ერთ ნაწილში მოაჯირი და რკინის კარია გაჭრილი. მომხდარზე კომენტარში ძეგლთა დაცვის სააგენტოს თანამშრომელი ამბობდა, რომ „მოზაიკები, რომლებიც საკმაოდ ბევრია, ჯერჯერობით საჭიროებს დამოუკიდებლად შესწავლას და მათთვის სტატუსის განსაზღვრავს, რის გამოც ზოგიერთ მათგანზე, რომელთაც სტატუსი არ აქვთ, იურიდიულად სამართლებრივი მექანიზმები არ ვრცელდება. ეჭვგარეშეა, რომ მსგავსი კულტურული ნიმუშების დასაცავად უკეთესი სამართლებრივი მექანიზმი მოსაძებნია“.

2021 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი საფრთხეში მყოფი მე-20 საუკუნის ქართული მოზაიკის აღრიცხვა/რესტავრაციაზე, რომელიც მიზნად ისახავდა მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ამ ნიმუშების დაცვა-გადარჩენას. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდისთვის მოზაიკები უკვე აღრიცხულიც იყო და შესაბამისი რუკაც არსებობდა, კონკურსში გაიმარჯვა არა უკვე არსებული დოკუმენტაციის ავტორმა, არამედ იმ დროისთვის ახალმა ფონდმა „რიბირაბო“. პროექტისთვის გამოყოფილი 40 000 ლარი დაიხარჯა ახალი საიტისა და აპის შექმნაში.

2021 წელს ჩახავას, კაპანაძის, ლეჟავას და მალაზონიას კოლექტივის მიერ შესრულებულ კიდევ ერთ გაჩერებას, ამჯერად ციხისძირში, მიენიჭა ძეგლის სტატუსი. ფონდის „რიბირაბო“ ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ დააფინანსა ამ მოზაიკის რესტავრაცია. მიუხედავად ექსპერტების რჩევისა, რომ პირველ რიგში უნდა მომხდარიყო თავად გაჩერების კონსტრუქციის გამყარება და რესტავრაცია, ხოლო მოზაიკის კონსერვაცია, და მხოლოდ ამის შემდეგ ექნებოდა აზრი მის რესტავრაციას, ფონდმაც და სამინისტრომაც უკუღმა გზა აირჩია. გაჩერება დღესაც არ არის გამყარებული, ხოლო მოზაიკის ახალი ფილები „რიბირაბოს“ სახელოსნოში ინახება.

Bus stop, Tsikhisdziri; architect: Giorgi Chakhava, artists: Zurab Kapanadze, Zurab Lezhava, Nodar Malazonia, 1970sBus stop, Tsikhisdziri; architect: Giorgi Chakhava, artists: Zurab Kapanadze, Zurab Lezhava, Nodar Malazonia, 1970s© Gogita Bukhaidze

იმავე 2021 წელს თბილისის მერიის მარკეტინგის განყოფილების ინიციატივით შედგა ტურისტული რუკა და ბროშურა სერიიდან „თბილისის ღირსშესანიშნაობები“, რომელიც მე-20 საუკუნის მოზაიკას მიეძღვნა. ერთ-ერთი ამ სიაში მოხვედრილ მოზაიკათა შორის არის ყოფილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის „მიონი“ მოზაიკაც. 2022 წელს „მიონის“ კერძო მესაკუთრემ მიმართა თბილისის მერიას შენობის ფასადზე ფანჯრის ღიობების გაჭრის ნებართვის გასაცემად, დადებითი პასუხიც მიიღო და სამუშაოებიც შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ მიონის მოზაიკას „დე იურე“ არ ჰქონოდა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, „დე ფაქტო“ მერიის უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში ის „ღირსშესანიშნაობად“ იყო აღიარებული. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოზაიკის დაზიანებას ყურადღება მიაქციეს სამოქალაქო საზოგადოებამ და პრესამ, თბილისის მერია „შეწუხდა“ და მოზაიკის აღდგენა მოინდომა, რომლის დაზიანებაზე ნებართვა თავად გასცა.

Former research institute for microtechnology "Mioni", Tbilisi; artist: Kukuri Tsereteli, 1970sFormer research institute for microtechnology "Mioni", Tbilisi; artist: Kukuri Tsereteli, 1970s© Gogita Bukhaidze

საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიას, მის მარკეტინგულ თუ კულტურის სამსახურსა და არქიტექტურულ დეპარტამენტს შორის დღემდე არ არსებობს არანაირი კოორდინაცია. პრობლემა კანონმდებლობის არარსებობაშია, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით გაფანტულ სახელმწიფო თუ კერძო საკუთრებაში მყოფ მოზაიკებს დაიცავდა. ყველაზე ეფექტური და კონსტრუქციული ამ ეტაპზე იქნებოდა აღწერილი მოზაიკების კატეგორიებად დაყოფა, მათი ისტორიული, მხატვრული, კულტურული, სოციალური, ტექნიკური ღირებულებით შეფასება და შერჩეული ნამუშევრებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება. ეს საქმეც, რა თქმა უნდა, სფეროს პროფესიონალების მიერ სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით უნდა მოხდეს. მხოლოდ ეს არის სწორი გზა, რომლითაც შეიძლება ნებისმიერი ნამუშევრის დაცვა, რადგან კერძო ინტერესთან და მოგებასთან ბრძოლაში, კულტურული მემკვიდრეობა ყოველთვის წაგებულია. მსგავსი ნამუშევრის შენარჩუნებისა ან დანაშაულისთვის პასუხისგების თუნდაც ერთი მაგალითი პრეცედენტული იქნებოდა მომავალში მოზაიკების განადგურების თავიდან ასაცილებლად.

ამასთან ერთად, ქვეყანამ, რომლის ეკონომიკური შემოსავალი დიდწილად ტურიზმზე დგას, უნდა გაიაზროს, რომ ხელოვნებაც ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია და ბოლო დროის ტენდენცია დასტურია იმისა, რომ საბჭოთა თუ სოციალისტური პერიოდის ხელოვნებამ ფართო პოპულარობა და ინტერესი გამოიწვია მსოფლიოს მასშტაბით. მსოფლიომ ახლებურად დაინახა პოსტ-საბჭოთა სივრცე და მისი ისტორია. საბჭოთა ისტორიაც საქართველოს ისტორიის მცირე ნაწილია და მოზაიკის ხელოვნებაც იმ დიდ კულტურულ მემკვიდრეობას ეკუთვნის, რომლითაც საქართველოს შეუძლია იამაყოს.

LATEST