25 September 2023Georgia

თავისუფლების და დამორჩილების ზღვარზე

დამოუკიდებელი ქართული კინოს ისტორია და გამოწვევები

by Irine Beridze
Film still from SERGO GOTORANI© Veli


ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტია „ქართული ოცნების“ ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოში დაიწყო თავისუფლების შეზღუდვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სფეროებში. განსაკუთრებით მტკივნეული ეს შეზღუდვები კულტურის სფეროში იყო. აქამდე დამოუკიდებელი კულტურული დაწესებულებები: წიგნის ეროვნული ცენტრი, მწერალთა სახლი, ეროვნული კინოცენტრი, ეროვნული მუზეუმი თანდათან ექვემდებარებიან „ქართული ოცნების“ პარტიულ კონტროლს. ლიტერატურათმცოდნე ირინე ბერიძე თავის წერილში მოგვითხრობს, თუ რა გზა გაიარა ქართულმა კინომ დამოუკიდებლობის და ცენზურისაგან გათავისუფლების შემდეგ და რა საფრთხეების წინაშე დგას ის დღეს, როდესაც გამოხატვის თავისუფლება კვლავ საფრთხის ქვეშაა.

ქართული   English   Русский


1990-იანი წლები: ქართული დამოუკიდებელი კინოს ჩამოყალიბება

ახალი ქართული დამოუკიდებელი კინოს ჩამოყალიბება დაიწყო 1990-იანი წლების დასაწყისში, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელმა საქართველომ საბჭოთა იმპერიის ნანგრევებზე ნელ-ნელა საკუთარი პოლიტიკურ და კულტურულ გზის გაკვალვა დაიწყო. თბილისის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ომების შემდეგ, რომლებმაც საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაცია მოახდინეს, მოსკოვის იმპერიული და კოლონიალური გავლენისგან დისტანცირება დაიწყო არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკაში, არამედ ქართული კულტურაშიც. მიუხედავად იმისა, რომ ქართული საბჭოთა კინოს ისტორია შესანიშნავ ფილმებს და სახელებს იცნობს — განსაკუთრებით 1960/1970-იანი წლების ე. წ. „ახალი ტალღას“ — დამოუკიდებლობის შემდეგ ქართულმა კინომ ახალი გზების ძებნა დაიწყო. თუკი ქართველი კინორეჟისორები საბჭოთა ცენზურის პირობებში ახალ კინოენასა და შემოქმედებით ფორმებს ტოტალური ცენზურის მექანიზმების გვერდის ავლით ქმნიდნენ, დამოუკიდებლობის შემდეგ ქართულმა კინომ ახალი, საერთაშორისო კავშირები დაამყარა ისე, რომ თავისებურება არ დაუკარგავს. თუკი უფროსი კინო-თაობის წარმომადგენლები (ლანა ღოღობერიძე, ოთარ იოსელიანი, მერაბ კოკოჩაშვილი, თენგიზ აბულაძე, ელდარ შენგელაია, სერგო ფარაჯანოვი, ალექსანდრე რეხვიაშვილი) თავიანთ ფილმებში საბჭოთა დიქტატურას პოეტური კინოენით, რთული მეტაფორული და პარაბოლური ფორმებით (ეზოპეს ენა), და მწვავე სატირით აკრიტიკებდნენ, დამოუკიდებლობის შემდეგ ქართული კინო ინტენსიურად იწყებს ახალი კინოენის შემუშავებას. ქართულ კინომცოდნეობაში ხშირად საუბრობენ „ცენზურაზე, როგორც მადლზე“ (გ. გვახარია), რომელიც ზუსტად ახასიათებს ქართულ საბჭოთა კინოტრადიციას.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართულ კინოინდუსტრიაში დიდი კრიზისი დაიწყო, რომელიც გამოიწვია მოულოდნელმა მოწყვეტამ ცენტრალიზებული საბჭოთა კინოსისტემიდან და ცენზურისგან ასევე მოულოდნელმა გათავისუფლებამ.

Film still from ZGVARZEFilm still from ZGVARZE© Georgian National Film Center

მიუხედავად ამისა, ქართველმა კინემატოგრაფისტებმა პოლიტიკური კრიზისის დროს მაინც მოახერხეს ახალი ქართული არტ-ჰაუსის და ექსპერიმენტული კინოს პირველი ნიმუშების შექმნა. ამის საილუსტრაციოდ გამოდგება დიტო ცინცაძის ფილმები, რომელიც კინო-ასპარეზზე გამოვიდა 1991 წელს, სადებიუტო ფილმით „სტუმრები“. აფხაზეთის ომის შემდეგ დიტო ცინცაძე გერმანიაში წავიდა ემიგრაციაში, სადაც გადაიღო ფილმი „ზღვარზე“ (1993), რომელიც ლოკარნოს კინოფესტივალზე ვერცხლის ლეოპარდით დაჯილდოვდა. ფილმი მოგვითხრობს სამოქალაქო ომზე საქართველოში, რომელიც უცებ მთელ საზოგადოებას მოიცავს. ფილმის პერსონაჟები აფხაზეთის ომში იღუპებიან, თუმცა, გადაღების პროცესმა ბევრს სიცოცხლეც კი შეუნარჩუნა. „გადაღების პროცესი ადვილად მიდიოდა, რადგან არავინ მსახიობობდა“, — ამბობს რეჟისორი ინტერვიუში. ომის პირობებში კინოესთეტიკასთან მიდგომაც ძალიან პრაგმატული გახდა — ფილმში ფერად და შავ-თეთრ კადრებს შორის მონაცვლეობა კინოფირის სიმცირით იყო გამოწვეული.

Film still from ARA, MEGOBAROFilm still from ARA, MEGOBARO© Georgian National Film Center

ცინცაძის ფილმებში შეინიშნება პირველი წყვეტა ქართულ საბჭოთა კინოტრადიციასთან. საბჭოთა პოეტური კინო-ენა იცვლება კონკრეტული, დოკუმენტური კინოენით, ინტერესით თანამედროვე, აქტუალური თემების მიმართ და ჰიბრიდული ფორმების ძიებით: „ქართული ფილმები სავსე იყო იუმორითა და პოეზიით. ჩვენ შემოვიტანეთ სრულიად განსხვავებული თემები, რომლებიც ბევრად უფრო ბრუტალური და საშინელი იყო. ისეთ რთულ თემებზე დავიწყეთ საუბარი, რომლებზეც არავინ საუბრობდა.“ (დ. ცინცაძე)

ამ პიონერულ ნამუშევართა შორის უნდა ვახსენოთ გიო მგელაძის ფილმიც, რომელიც, ერთი შეხედვით, სამოყვარულო კინოს ფორმატშია გადაღებული. მოკლემეტრაჟიანი ფილმი „არა, მეგობარო“ (1993) მხატვრული კინოს ჟანრში აღწერს თბილისელი ახალგაზრდების ბედს, რომლებიც ბანდების ომებში, ქუჩურ გარჩევებსა და მძიმე ნარკოდამოკიდებულების გამო იღუპებიან. მგელაძის ფილმი, იმ ეპოქის თბილისის და თბილისელების მელანქოლიური პორტრეტი, ქალაქის ვიზუალური მეხსიერების მნიშვნელოვანი დოკუმენტი გახდა.

Film still from SHEKVAREBULI KULINARIS 1001 RECEPTIFilm still from SHEKVAREBULI KULINARIS 1001 RECEPTI© Les Films Du Rivage

საბოლოო ჯამში, ამ პერიოდის ქართული კინო, უპირველეს ყოვლისა, შეისწავლის ინდივიდის დემორალიზაციას, გარიყულობას, გაუცხოებას ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ქაოსური რეალობის ფონზე. კრიზისის პერიოდის ქართულ კინოში ჩნდება ახალი თემები: კრიმინალური ბანდები, ნარკომაფია, რელიგიური და ეთნოგრაფიული თემები.

სწორედ ამ დროს ქართულ კინო პირველად ახერხებს საერთაშორისო კინოფესტივალებზე წარმატებების მიღწევას. თემურ ბაბლუანის მხატვრული ფილმი „უძინართა მზე“ (1992) 1993 წელს ბერლინალეზე ვერცხლის დათვით დაჯილდოვდა. ლანა ღოღობერიძემ გადაიღო საბჭოთა ცენზურისაგან თავისუფალი „ვალსი პეჩორაზე“ (1992) მისი ოჯახის ტრავმულ ისტორიაზე, რომელიც სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ამავე პერიოდში იქმნება პირველი ქართულ-ფრანგული კო-პროდუქცია, ნანა ჯორჯაძის, „შეყვარებული მზარეულის 1001 რეცეპტი“ (1996). ეს იყო პირველი ფილმი, რომელიც საქართველოს სახელით წარადგინეს „ოსკარის“ საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაზე. ნანა ჯორჯაძე იმ რეჟისორთა შორის იყო, რომლებმაც საბჭოთა ცენზურასთან ბრძოლაში საკუთარი წვლილის შეტანა ჯერ კიდევ 1980-იანი წლების დასაწყისში შეძლეს. ჯორჯაძის ფილმი „მოგზაურობა სოპოტში“ (1980), რომელიც ცენზურამ აკრძალა, შვიდი წლის შემდეგ ობერჰაუზენის ფესტივალის მთავარი პრიზიორი გახდა. იმავე, 1987 წელს მისმა პირველმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა“, რომელიც საბჭოთა ცენზურას შემთხვევით გადაურჩა, კანის ფესტივალზე „ოქროს კამერა“ დაიმსახურა.

ახალი ინსტიტუციური სტრუქტურები

2000-იან წლებში თბილისში დაარსდა ახალი კინო-ინსტიტუცია, რომელმაც კინოინდუსტრიაში ათწლიანი სტაგნაციის გადალახვა ითავა. 2001 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში დაარსდა სსიპი „საქართველოს ეროვნული კინოცენტრი“, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას კინოს სფეროში და სახელმწიფო მხარდაჭერას უწევს ახალი ქართული კინემატოგრაფიის განვითარებას. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა „ქართული ფილმისგან“ განსხვავებით, კინოცენტრს გამჭვირვალე სტრუქტურა და კინოს დაფინანსების დემოკრატიული პროცედურები ახასიათებდა. გერმანელი კინომცოდნის, ულრიხ გრეგორის აზრით, ამ პერიოდიდან ნელ-ნელა იწყება ქართული კინოს რენესანსი, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი დოკუმენტურ კინოს უჭირავს. სწორედ ახალმა ქართულმა დოკუმენტურმა კინომ დაიწყო ქართული კინოტრადიციის ახალი ფაზა.

ამ, გარდამავალ პერიოდს ეკუთვნის განსაკუთრებული კინოპროექტი: ირაკლი ფანიაშვილის ფილმი „სერგო გოთორანი“, რომელიც ჰიბრიდულ, მხატვრულ-დოკუმენტურ ჟანრშია გადაღებული. ფილმის პრემიერა (ირაკლი ფანიაშვილი ერთდროულად იყო რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი) 2009 წელს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და კინოკრიტიკის დადებითი შეფასებები დაიმსახურა, თუმცა ის, მთლიანობაში მაინც შეუმჩნეველი დარჩა. ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთიდან დევნილ ოჯახზე, რომელიც ნაგავსაყრელზე ცხოვრობს. ფილმი ბავშვის, სერგოს თვალითაა დანახული, რომელიც შეულამაზებლად გვიჩვენებს დევნილთა დრამატულ და გარიყულ ყოფას.

2000 წელს დაარსდა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი. თავდაპირველად ფესტივალს მწირი დაფინანსება ჰქონდა. მოგვიანებით, ქართული კინოცენტრისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ის საქართველოს ყველაზე დიდ კინოფესტივალად იქცა. ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF), რომელიც 2006 წელს დაარსდა და ყოველწლიურად იმართება, აგრძელებს შავი ზღვის კინოფესტივალების ხანგრძლივ ტრადიციას, როგორიცაა მაგ. ოდესის ან ვარნას კინოფესტივალები. CinéDOC-Tbilisi, პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოს ფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც თბილისში 2013 წლიდან იმართება. ფესტივალის მიზანია „შექმნას ძლიერი რეგიონული იდენტობა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ეფუძნება საერთო ისტორიასა და კულტურულ ფასეულობებს.“ Focus Caucasus საკონკურსო სექციით და New Talents Caucasus „პიჩინგ-პლატფორმით“ იქმნება უნიკალური შემოქმედებითი სივრცე სომეხ, აზერბაიჯანელ და ქართველ რეჟისორებს შორის.

2008 წლის საქართველო-რუსეთის ომმა ქართულ კინოინდუსტრიას მორიგი კრიზისი შეუქმნა, საიდანაც ის მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გამოვიდა. პოსტსაბჭოთა საქართველოში კინოს დეკოლონიზაციის დინამიკასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ აქ საბოლოო წყვეტა რუსეთის კინოინდუსტრიასთან ბევრად უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მაგალითად, კიევსა და მოსკოვს შორის კინო-კავშირები ყირიმის რუსული ოკუპაციის შემდეგაც გრძელდებოდა, უკრაინაში რუსულენოვანი ფილმები კი დიდი ხნის განმავლობაში უკრაინულენოვან ფილმებს სჭარბობდნენ (ი. კოზლენკო). 2008 წლის ომმა საბოლოოდ გაწყვიტა დარჩენილი კულტურული კავშირები რუსულ ცენტრთან. ამით ახალმა ქართულმა კინომ საბოლოოდ დააღწია თავი რუსეთის იმპერიულ კულტურულ ჰეგემონიას.

ქალი ავტორების ახალი დოკუმენტური კინო საქართველოდან

2003 წლის ვარდების რევოლუციამ საქართველოში პოლიტიკური სისტემა შეცვალა და დაასრულა ედუარდ შევარდნაძის ეპოქის სტაგნაციის ათწლეული ქართულ პოლიტიკაში. მიუხედავად ამისა, ახალი, ლიბერალური სისტემის პირობებში კინოინდუსტრიის კრიზისი მაშინვე არ დაძლეულა. გარდა მხატვრული კინოსი, სადაც ძირითადად კაცი ავტორები დომინირებენ, თანამედროვე ქართულ კინოს ახალი სახე სწორედ ქართველმა ქალმა დოკუმენტალისტებმა შესძინეს. 2000-იანი წლებიდან მოყოლებული, კინოში — ხშირად ჟურნალისტიკიდან — მოვიდნენ ახალგაზრდა ქალი რეჟისორები. ახალი ქართული დოკუმენტური კინოს ქალი ავტორები დაუფარავად ამახვილებენ ყურადღებას მწვავე სოციალურ საკითხებზე, წინა პლანზე გადმოჰყავთ ქალი პერსონაჟები, აქტიურად ადევნებენ თვალს როგორც საჯარო, ასევე პირადი სივრცეების დინამიკას და ხშირად მიმართავენ სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონულ და ტრანსნაციონალურ კონტექსტებს. მათ ფილმებში წინა პლანზე გადმოდის ისეთი თემები, როგორიცაა ქალების ემანსიპაცია, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ეკოლოგიური საკითხები და ომის ტრავმატული გამოცდილება ქალების პერსპექტივიდან.

Film still from MILSADENIS MEZOBLEBIFilm still from MILSADENIS MEZOBLEBI© ARTE France 4

ქართული კინოტრადიციის ამ ახალ მიმართულებას საფუძველი ჩაუყარა საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა და მსახიობმა ნინო კირთაძემ. ნინო კირთაძე, განათლებით ფილოლოგი, 1990-იან წლებში ჟურნალისტად მუშაობდა და კავკასიის ომებს აშუქებდა. პარალელურად, ის, როგორც მსახიობი, თამაშობდა ნანა ჯორჯაძის ფილმებშიც. 1997 წელს კირთაძე საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა, სადაც 2000 წელს გადაიღო სადებიუტო ფილმი „ედუარდ შევარდნაძის სამი სიცოცხლე“, რომელსაც მოყვა დოკუმენტური ფილმები „ჩეჩნური იავნანა“ (2001) და „მილსადენის მეზობლები“ (2005). ეს უკანასკნელი საქართველოში, ბორჯომის ხეობაში, „ახალი აბრეშუმის გზის“, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მილსადენის მშენებლობას ეძღვნება. ეს ფილმი, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ ეჯახება სოფლის საზოგადოება უზარმაზარი საერთაშორისო კორპორაციის (bp) ინტერესებს და ტრანსნაციონალური კაპიტალის ლოგიკას, შეიძლება ჩაითვალოს ქართული ეკოლოგიური კინოს (Ecocinema) ახალი ტრადიციის ფუძემდებლურ ნამუშევრად.

Film still from DADUMEBULEBIFilm still from DADUMEBULEBI© Salomé Jashi

ამავე პერიოდში მოკლემეტრაჟიანი ფილმებით ასპარეზზე გამოდის რეჟისორის სალომე ჯაში, რომელმაც პირველი დოკუმენტური ფილმი, „მათი ვერტმფრენი“, 2006 წელს, გერმანიაში, ლაიფციგის კინოფესტივალ DOK Leipzig-ზე წარადგინა. სალომე ჯაშმა 2008 წელს, პროდიუსერ და ვიზუალურ ხელოვან ანნა ძიაპშიპასთან ერთად თბილისში დამოუკიდებელი საპროდიუსერო კომპანია Sakdoc-ის დააარსა, 2009 წელს კი გადაიღო ექსპერიმენტული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „დადუმებულები“, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ტრავმატული გამოცდილების კინო-დოკუმენტია. მას მოყვა ფილმი „ლიდერი ყოველთვის მართალია“ (2010), რომელიც საქართველოში, პატრიოტთა ბანაკებში, იდეოლოგიური ინდოქტრინაციის შიშველ სურათს გვიჩვენებს.

Film still from ALTZANEYFilm still from ALTZANEY© Artefact Production

ქართველმა პროდიუსერმა და დოკუმენტური კინოს რეჟისორმა ნინო ორჯონიკიძემ 2008 წელს დააარსა საპროდიუსერო კომპანია Artefact Production და თანაავტორ ვანო არსენიშვილთან ერთად საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფილმით „ალცენეი“ (2009, DOK Leipzig 2009; Krakow Film Festival 2010). ნინო ორჯონიკიძე ამჟამად თბილისში ექსპერიმენტულ და დოკუმენტურ კინოს ასწავლის და არის რედაქტორი და მენტორი მულტიმედიური პლატფორმა Chai Khana-სი, რომელიც აწარმოებს მრავალენოვან მოკლემეტრაჟიან ფილმებს სამხრეთ კავკასიაზე. მისი ფილმი „ინგლისურის მასწავლებელი“ (2012) კინო-კომენტარია მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაზე, მოიწვიოს ინგლისური ენის უცხოელი მასწავლებლები და საქართველოში „ლინგვისტური რევოლუცია“ მოახდინოს: სწრაფი მოდერნიზაციის კიდევ ერთ მცდელობაზე, რომელიც ნაკლებად შეესაბამება საქართველოს პერიფერიის რეალობას. ვანო არსენიშვილთან ერთად გადაღებულ ფილმში „გვირაბი“ (2019) ნინო ორჯონიკიძე ყურადღებას ამახვილებს „ახალი აბრეშუმის გზის“ კიდევ ერთ, მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რომელიც ჩინეთსა და დასავლეთ ევროპას საქართველოზე გავლით აკავშირებს და ამ გზაზე პერიფერიულ სივრცეებსა და ეკოსისტემებს ანადგურებს. აქაც გლობალური კაპიტალის ინტერესები ქართველი გლეხების მარგინალურ საარსებო სივრცეებს უპირისპირდება.

დამოუკიდებლობისა და დამორჩილებას შორის — მიმდინარე კინო-პროტესტი

2012 წელს ჯერ კიდევ ძალიან მყიფე დემოკრატიაში ხელისუფლებების ცვლილებასთან ერთად, შეიცვალა ქართული კინოინდუსტრიის კულტურულ-პოლიტიკური დინამიკაც. ეროვნული კინოცენტრი უკვე ჩამოყალიბდა ახალი ქართული კინოს ხელშემწყობ ცენტრალურ ინსტიტუციურ სტრუქტურად. მიუხედავად ამისა, ის დღემდე რჩება უშუალოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში — კულტურის სამინისტროს აქვს უფლება დამოუკიდებლად დანიშნოს კინოცენტრის დირექტორი. ეროვნული კინოცენტრი ამჟამად აქტიურად იბრძვის დამოუკიდებელი ინსტიტუციური არსებობისთვის. გაგა ჩხეიძე, რომელიც კინოცენტრს მრავალი წლის განმავლობაში უძღვებოდა და რომელმაც 2023 წელს კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გოეთეს ინსტიტუტის გოეთეს მედლით დაჯილდოვდა, სამსახურიდან 2022 წლის მარტში გაათავისუფლეს „ფინანსური მართვის სისტემაში სერიოზული ხარვეზების“ მოტივით. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს კი, რომელსაც ასევე გაგა ჩხეიძე ხელმძღვანელობს, სახელმწიფო დაფინანსების ნაწილი შეუწყვიტეს. მისი გათავისუფლების რეალურ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს კინოცენტრის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ქართული კინო-ასლების შეძენის პროცესი რუსული „გოსფილმოფონდისგან“. ცენტრმა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთის საბიუჯეტო ორგანიზაციასთან თანამშრომლობა მიზანშეუწონლად მიიჩნია. ჩხეიძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ხელი მოაწერა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელიც მმართველი პარტიის „ქართულ ოცნება“ და პარტიის ფაქტობრივი ლიდერის, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს წარმოადგენს. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მიზანმიმართული განადგურების შემდეგ, სამინისტრომ უკვე კინოცენტრის ე.წ. „რეორგანიზაცია“ გამოაცხადა. ქართველი კინორეჟისორები, პროდიუსერები, სცენარისტები და კულტურის სხვა სფეროების წარმომადგენლები უკვე თვეზე მეტია უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებენ დაგეგმილ ცვლილებებს. აქ საუბარია კინოცენტრის და ქვეყნის სხვა დამოუკიდებელი კულტურული ინსტიტუტების დაცვაზე სახელმწიფო ცენზურის, პროპაგანდისა და იდეოლოგიური ინდოქტრინაციისაგან.

Film still from MOTVINIEREBAFilm still from MOTVINIEREBA© Mira Film, CORSO Film, Sakdoc Film

ეს პროცესი უკვე გასულ წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს კინოაკადემიის დირექტორმა მინდია ესაძემ სპონტანურად გააუქმა სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის „მოთვინიერება“ (2021) დაგეგმილი ჩვენება თბილისის „კინოს სახლში“. ჯაშის ფილმი მოგვითხრობს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ამბიციურ ახირებაზე ეგზოტიკური ბაღის გაშენების შესახებ. ოლიგარქი დასავლეთ საქართველოს სოფლებში საუკუნოვან ხეებს ყიდულობს, რომლებიც ნაწილობრივ ზღვით გადააქვს საკუთარ პარკში დასარგავად. საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ პარკი ნაწილობრივ გახსნეს საზოგადოებისათვის.

ფილმის ჩვენების შეზღუდვა ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა და საქართველოს პენცენტრმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ცენზურის პირველ შემთხვევად შეაფასეს. რეჟისორთან სოლიდარობის ნიშნად, კინოთეატრის და კულტურული დაწესებულებების ნაწილმა ფილმის სპონტანური ჩვენებები გამართა. სახელმწიფოს მხრიდან ქართული კულტურისა და კინოს მოთვინიერების მცდელობა საბჭოთა კავშირის დანგრევიდან ოცდაათი წლის შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა. კინოცენტრთან დაკავშირებული პროტესტის ფონზე სალომე ჯაშის ფილმი ხელისუფლებამ კვლავ გაიხსენა. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საჯაროდ დაესხა თავს რეჟისორ სალომე ჯაშს და მის დოკუმენტურ ფილმს და ნამუშევარს „სამარცხვინო“ და „აბსურდული“ უწოდა. კობახიძემ კინოცენტრიც გააკრიტიკა, იმისთვის, რომ სახელმწიფო ორგანიზაციამ მსგავსი პროექტების დააფინანსა.

2022 წლის ნოემბერში ქართველმა დოკუმენტალისტებმა დააარსეს ახალი პლატფორმა სახელწოდებით DOCA (დოკუმენტური კინოს ასოციაცია), რათა შეექმნათ პირველი არასახელმწიფოებრივი სტრუქტურა. ინიციატორები ოფიციალურ გვერდზე წერენ: „DOCA Georgia მუშაობს ქვეყანაში კინოინდუსტრიის დამოუკიდებლობის, ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობისა და სიცოცხლისუნარიანობისთვის.“

ახალი ქართული (დოკუმენტური) კინო დღეს ისე ძლიერია, როგორც არასდროს, თუმცა გადამწყვეტი ბრძოლა ახალი ქართული კინოტრადიციის დამოუკიდებლობისთვის ჯერ კიდევ გრძელდება.

LATEST
Das Leben unterm TischBelarus
Das Leben unterm Tisch 

Im Angesicht der ungewissen Zukunft spielt eine belarussische Schriftstellerin mit der Vergangenheit

20 December 2023
Russlands MitschuldArmenia
Russlands Mitschuld 

Wie Russland im Spiel um seine eigenen geopolitischen Interessen den Berg-Karabach-Konflikt als Trumpf nutzte

12 December 2023