11 December 2023Georgia

ნაბიჯი მზიანი, ლამაზი, ხალისიანი არქიტექტურისკენ

ამბავი ქართული პოსტკონსტრუქტივიზმისა

by Tamara Amashukeli
View of Tbilisi© National Archives of Georgia


საბჭოთა მემკვიდრეობასთან დამოკიდებულება თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური და საჭირბოროტო საკითხია. ეს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ვლინდება განსხვავებულ სფეროებში, მათ შორის არქიტექტურაში და ქალაქთმშენებლობაში. მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობისაგან განთავისუფლების სურვილი „იკონოკლასტურ“ ფორმებს იღებს. ამ სურვილს მსხვერპლად ეწირებიან საბჭოთა პერიოდის არქიტექტურული ძეგლები. სტატიაში ქართული პოსტკონსტრუქტივიზმის შესახებ თამარ ამაშუკელი აჩვენებს, რომ საბჭოთა საქართველოს არქიტექტორები 1930-იან წლებში ჯერ კიდევ სარგებლობდნენ არქიტექტურული გამოხატვის გარკვეული თავისუფლებით ფორმალურად დაშვებულ ჩარჩოებში, რომლებიც სულ უფრო და უფრო ვიწროვდებოდა. ისინი ეყრდნობოდნენ ფართოდ გაგებულ კლასიკურ მემკვიდრეობას (როგორც დასავლურს, ისე აღმოსავლურს) და ასევე აგრძელებდნენ ქართულ არქიტექტურულ ტრადიციებსაც (ლანდშაფტის და არქიტექტურის ჰარმონია).

ამ პერიოდის შენობები, რომლებმაც საქართველოს ქალაქების იერსახე მნიშვნელოვანწილად განსაზღვრეს, ქალაქთმშენებლობის გაუაზრებელ პოლიტიკას მსხვერპლად ეწირებიან.

ქართული   English   Русский


არქიტექტურის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მეოცე საუკუნის პირველ ნახევარს. ეს პერიოდი, ერთი მხრივ, ხასიათდება არქიტექტურული სტილების მრავალფეროვნებითა და ახალი გზების ძიებით. ახალი მასალების გამოჩენამ და ტექნოლოგიურმა პროგრესმა პრინციპულად შეცვალა არქიტექტურის შესაძლებლობები, რამაც დიდი გავლენა იქონია არქიტექტურის განვითარებაზე. მეორე მხრივ, რიგ ქვეყნებში — ტოტალიტარულ რეჟიმებში, არქიტექტურა, ისევე, როგორც ზოგადად ხელოვნება, გაბატონებული რეჟიმების იდეოლოგიის სამსახურში აღმოჩნდა, შესაბამისად, მკვეთრად შეიზღუდა არქიტექტორთა თუ ხელოვანთა შემოქმედებითი თავისუფლება.

ახალი ეპოქის არქიტექტურულ სახედ უდავოდ იქცა მოდერნიზმი, თუმცა 1930-იან წლებში კიდევ ერთხელ, და არა მხოლოდ ე.წ. ტოტალიტარულ სახელმწიფოებში, პოპულარობას იძენს ძველი, მასებისთვის ნაცნობი და გასაგები კლასიციზმი, რომელსაც ჰქონდა გამოცდილება და დიდი პოტენციალი ეფექტური, გასაგები მეტაფორების — „რესპექტაბელური შენობა მონუმენტების“ შექმნისა. კლასიკური არქიტექტურა იქცა ერთგვარ სტაბილურობის წყაროდ, რაც სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო მასშტაბური ცვლილებებისა და გარდაქმნების პროცესში მყოფი მსოფლიოსთვის. არსებობს მოსაზრება, თითქოს ეს სტილი მხოლოდ ტოტალიტარული რეჟიმების არქიტექტურისთვისაა დამახასიათებელი, სადაც ახალ იმპერიებს მოკლე დროში, ხმამაღლა და დამაჯერებლად უნდა გამოეხატათ სათქმელი, გაევრცელებინათ იდეოლოგია, დაემტკიცებინათ საკუთარი ლეგიტიმურობა და საკუთარი სიძლიერით მოენუსხათ მასები. თუმცა უფრო მართებულია თუ ვიტყვით — ეს არის ეპოქის ბეჭედი, რომელიც შეგვიძლია ვიხილოთ ვაშინგტონშიც, ლონდონშიც, პარიზშიც და ასევე, რომში, მოსკოვში, ბერლინში.

XX საუკუნის ნეოკლასიციზმი სტილისტური თვალსაზრისით შეგვიძლია გავყოთ ორ ძირითად ხაზად, პროგრესიზმად და ისტორიციზმად. მათ შეგვიძლია პირობითად ვუწოდოთ „კონსერვატიული ნეოკლასიციზმი“ და „მოდერნისტული ნეოკლასიციზმი“.

„კონსერვატიული ნეოკლასიციზმი“ საფუძვლად იღებს ბერძნულ-რომაულ არქიტექტურას, კლასიკური არქიტექტურის პროპორციებს, კომპოზიციებს, სტრუქტურას. მიუხედავად იმისა, რომ ნეოკლასიციზმის ეს მიმდინარეობა უარს არ ამბობს და ფართოდ იყენებს ახალ მასალას და ტექნოლოგიებს, ყურადღება მაინც გადატანილია ობიექტის კლასიკურ არქიტექტურასთან მსგავსებაზე. შესაბამისად, არქიტექტორები ხშირად მიმართავენ იმიტაციებსა და რეპლიკაციებს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ვინსენტ ჰარისის (Vincent Harris) ობიექტები: მანჩესტერის ბიბლიოთეკა 1929-1934; ლიდცისა და შეფილდის მუნიციპალიტეტის შენობები; ჯონ რასელ პოუპის ნაციონალური არქივი, ვაშინგტონი (1933-35წწ.); ნაციონალური გალერეა, ვაშინგტონი, (1938-41წწ); ჯეფერსონის მემორიალი, ვაშინგტონი (1939-1942წწ). რუსეთში ამ პერიოდში ძალას იკრებს ნეორენესანსისა და ნეოკლასიციზმის დიდი მოტრფიალისა და დიდი გავლენის მქონე ივან ჟოლტოვსკის სკოლა. საქართველოშიც ჩნდება მსგავსი პროექტები, მაგალითად: თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის შენობა (არქ. ი. ჟიტკოვსკი, მიხეილ კალაშნიკოვი, 1937წ.), ცირკი (არქ. მიხეილ ნეპრინცევი, 1940წ.) და სხვ.

„მოდერნისტული კლასიციზმი“ არჩევანს ძველის ახალში ტრანსფორმირებაზე, ინტეგრირებაზე აკეთებს, რაც განსაკუთრებით ეხებოდა ახალ ტექნოლოგიებს, მასალას, მშენებლობის ეკონომიურობას. შესაბამისად, რიგი არქიტექტორები ეძებდნენ კომპრომისულ ვარიანტებს ისტორიასა და სიახლეს შორის. 1930-იანი წლების ნეოკლასიცისტური ტალღის ერთ-ერთ ძირითად ტენდენციად შეგვიძლია მივიჩნიოთ გამარტივებისკენ სწრაფვა. ე.წ. მოდერნისტული კლასიციზმის („შიშველი კლასიციზმი“, „გამარტივებული კლასიციზმი“) არქიტექტორები ცდილობდნენ ისე გაეერთიანებინათ კლასიციზმისთვის სახასიათო მასშტაბური, მონუმენტური, პომპეზური, სიმეტრიული კომპოზიცია და ავანგარდული არქიტექტურისთვის სახასიათო სქემატური და გამარტივებული არქიტექტურული დეტალები, რომ ორივე მათგანი საცნობი ყოფილიყო. ამავდროულად კი, მათი სინთეზი არ ყოფილიყო ხელოვნური, შემთხვევითი და, რაც მთავარია — უტყვი. მაგალითად „ერთა ლიგის“ სასახლე (არქ: კარლო ბროჯი, ანრი პოლ ნენო, იოჟეფ ვაგო და სხვები. 1930-1937წწ.). შაიოს სასახლე (არქ: ჟაკ კარლუ, ლუის ბუალო, ლეონ აზემა, პარიზი, 1937წ.).

სხვადასხვა სტილის, მათ შორის კლასიკურის და თანამედროვე არქიტექტურის შეჯერებას ცდილობს 1920-იან წლებში ჩამოყალიბებული სტილი არტ-დეკოც, რომელმაც განსაკუთრებული პოპულარობა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიპოვა. საბჭოთა არქიტექტურას რიგ შემთხვევაში საბჭოთა არტ-დეკოდაც მოიხსენიებენ. თუმცა ამ მიმართულებისთვის სახასიათოა სტილებთან შეჯერების დროს შერჩევის სრული თავისუფლება, მათ შორის ისეთი „ეგზოტიკური“ სტილების, როგორიცაა: მექსიკური, ინდური, აფრიკული, ეგვიპტური. საბჭოთა არქიტექტურა ამ მიმართულებით არ განვითარებულა, და ვერც განვითარდებოდა, რადგან კონკრეტულად და მკაცრად იყო განსაზღვრული თუ რა მიიჩნეოდა კლასიკურ მემკვიდრეობად, რისი გამოყენება იყო დაშვებული. ეს კი არღვევდა არტ-დეკოს უმთავრეს პრინციპს — მრავალფეროვნებასა და თავისუფლებას. თუმცა ზემოთ მოხსენებული სტილის ნიშნებს 1930-იანი წლებში, პოსტკონსტრუქტივიზმის ეტაპზე ნამდვილად ვხედავთ. ამ პერიოდში კლასიკური მემკვიდრეობის არეალი, რომლის ათვისება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, მეტ-ნაკლებად ფართო იყო. გამოიყენებოდა როგორც თანამედროვე არქიტექტურის ელემენტები, ასევე არქაული ფორმები (ეგვიპტური, მესოპოტამიური...). სტილის ჩამოყალიბებასთან ერთად ეს წრე სულ უფრო ვიწროვდებოდა. პრიორიტეტი ბერძნულ-რომაულ მემკვიდრეობას ენიჭებოდა (თუმცა ისევე, როგორც ყველაფერში, აქაც მკაფიო ჩარჩო არ არსებობდა, რაც, რიგ შემთხვევებში, ზემოდან „დაშვებულის“ გადაცდენის საშუალებას იძლეოდა).

პოსტკონსტრუქტივიზმი ეს არის 1932-37 წლებში ჩამოყალიბებული და გავრცელებული შუალედური სტილი, რომელიც ერთი არქიტექტურული სტილიდან, კონსტრუქტივიზმიდან (1917-1932წწ.), მეორეზე, „სოციალისტურ კლასიციზმზე" (1937-1954) გადასვლამ წარმოქმნა. მისი მახასიათებელია კონსტრუქტივისტული არქიტექტურის ზომიერად „გამდიდრების“ მცდელობა. პოსკონსტრუქტივისტული არქიტექტურა ინარჩუნებს კონსტრუქტივიზმისთვის სახასიათო მოცულობით-სივრცით სტრუქტურას, ფორმათა ლაკონიურობას, მოცულობებით თამაშს, ხაზობრიობას, სადა კედელს. ამავდროულად, არქიტექტურა „მდიდრდება“ კლასიკური არქიტექტურის ელემენტებით. შედეგი ვიღებთ მოცულობით, ექსპრესიული, ექსპერიმენტულ, დინამიკურ არქიტექტურას, რომლის კრედო სტილისტური საზღვრების რღვევა და მეტი შემოქმედებით თავისუფლებაა.

ქართული პოსტკონსტრუქტივიზმი მიყვება და იზიარებს ზოგად საბჭოურ ტენდენციებს, თუმცა რუსული პოსკონსტრუქტივიზმისგან განსხვავებით ჩვენში ნაკლებია ექსპერიმენტები. განხორციელებულ პროექტებში შედარებით მსუბუქად აისახა პოსტკონსტრუქტივიზმის ძირითადი მახასიათებლები: ექსპრესიულობა, ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მოცულობათა ხაზგასმული კონტრასტი, მასშტაბი. ზოგადად კონტრასტულობა (ყრუ და შემინული, მძიმე და მსუბუქი, სწორხაზოვანი და მომრგვალებული, ჰორიზონტალური და ვერტიკალური, მაღალი და დაბალი მოცულობები), რომელიც ძირითადი სამეტყველო ენა იყო, როგორც კონსტრუქტივიზმის, ასევე პოსკონსტრუქტივიზმისა, შედარებით შერბილებულია ქართულ არქიტექტურაში. ქართული კონსტრუქტივიზმის საინტერესო მაგალითებიდან აღსანიშნავია „იმელი“ - მარქსის ენგელსის და ლენინის ინსტიტუტის ფილიალი(თბ. რუსთაველის გამზირი. არქ. ა.შჩუსევი, 1938წ.) აქ "სტალინისტური ამპირისთვის" სახასიათო მთავარ ფასადს, ეზოს მომრგვალებული, კონსტრუქტივისტული ფასადი ენაცვლება;

The Marx-Engels-Lenin-Stalin Institute, Tbilisi (designed by Alexey Shchusev, 1938)The Marx-Engels-Lenin-Stalin Institute, Tbilisi (designed by Alexey Shchusev, 1938)© National Archives of Georgia

საქართველოს პარლამენტის ზედა კორპუსი (არქ. ვ. კოკორინი, გ.ლეჟავა: 1933-1938 წ.) გამარტივებული, ჰიპერტროფირებული ქართული ხუროთმოძღვრებიდან ნასესხები ელემენტებით ფასადზე;

The House of Government, now Georgian Parliament Building, Tbilisi (designed by Viktor Kokorin and Giorgi Lezhava, 1933–1938)The House of Government, now Georgian Parliament Building, Tbilisi (designed by Viktor Kokorin and Giorgi Lezhava, 1933–1938)© National Archives of Georgia

"მოდების სახლი"(თბ. ზაარბრიუკენის მოედანი, არქ. გ.ხიმშიაშვილი, 1936წ.), ლოტოსისებრი კაპიტელებით გაფორმებული გიგანტური ორდერით.

The Fashion House on Saarbrücken Square, Tbilisi (designed by G. Khimshiashvili, 1936)The Fashion House on Saarbrücken Square, Tbilisi (designed by G. Khimshiashvili, 1936)© National Archives of Georgia

1930-იანი წლების დასაწყისიდან მიმდინარეობს ამჟამინდელი მერაბ კოსტავას ქუჩის ინტენსიური განაშენიანება, რაც თავად გმირთა მოედნის მოწყობასთან, გმირთა მოედნისა და ვაკის, სადგურის მოედნისა და საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალების გაყვანასთან და კეთილმოწყობასთან იყო დაკავშირებული. ერთმანეთის მიყოლებით აშენდა რამდენიმე შენობა. პოსტკონსტრუქტივიზმს შეგვიძლია მივაკუთვნოთ: ე.წ. 11 სართულიანი სახლი;

The “Eleven-Storied building” apartment block, Tbilisi (designed by Mikhail Kalashnikov, 1939)The “Eleven-Storied building” apartment block, Tbilisi (designed by Mikhail Kalashnikov, 1939)© National Archives of Georgia

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსი (თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტის ინჟინერთა, შემდეგში საქართველოს ვ. ი. ლენინის სახ. პოლიტექნიკური ინსტიტუტი)

The First Building of the State Technical University, Tbilisi (designed by Мikhail Neprintsev, 1941)The First Building of the State Technical University, Tbilisi (designed by Мikhail Neprintsev, 1941)© National Archives of Georgia

და ე.წ. „ჩაი გრუზიას“ ადმინისტრაციული კორპუსი.

The administrative building of the “Georgia Tea” trust, Tbilisi (designed by Mikhail Neprintsev, 1936–1941)The administrative building of the “Georgia Tea” trust, Tbilisi (designed by Mikhail Neprintsev, 1936–1941)© National Archives of Georgia

მერაბ კოსტავას (ყოფილი ლენინის) ქუჩა N41-ში მდებარე ობიექტი აშენებულია ტრესტ „ჩაი-გრუზიას“ ადმინისტრაციისთვის. პროექტი დამუშავებულია 1936 წელს არქიტექტორ მიხეილ ნეპრინცევის მიერ. მშენებლობა დაიწყო 1937 წელს და გაგრძელდა 1941 წლამდე. „ჩაი-გრუზია-ს“ ადმინისტრაციის შენობის მთავარი, კოსტავას ფასადის არქიტექტურული იერი სხვადასხვა მოცულობების შეჯერებით არის შექმნილი. მთავარი ფასადის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს შემაღლებული კოშკურა-მოცულობა, რომელიც I-II სართულზე აქცენტირებულია გიგანტური, შეწყვილებული კორინთულ სვეტებიანი პორტიკითა და თაღოვანი გალერეებით გახსნილი ატიკის სართულით. ობიექტის არქიტექტურაში ვხედავთ მოცულობათა თამაშს, ასიმეტრიასა და გეომეტრიულობას. შენობის დიდ ნაწილი სადადაა შელესილი და შეღებილი; ქვით მოპირკეთებულია პირველი სართული, სვეტები. ნაციონალური ხუროთმოძღვრებიდან არის ნასესხები სვეტთა კაპიტელებისა და აივნის მოაჯირის ორნამენტი. აქ ჩვენ უკვე ვეღარ ვხედავთ კონსტრუქტივიზმისთვის სახასიათო მკაფიო ლაკონიურ ფორმებს, თუმცა ასევე ჯერ ვერ ვხედავთ „სტალინური ამპირის“ სიმეტრიულობას, დეკორის სიჭარბესა და შაბლონურ დეკორატიულ ელემენტებს. მსგავსი გადაწყვეტები შეგვიძლია ვიხილოთ:სასტუმრო „მოსკოვი, ა. შჩუსევი, ლ.საველევი, ო.სტაპრანი. 1932-1935წ; მეცნიერებათა აკადემიის საცხოვრებელი სახლი, კიევი, ა. ნედოპაკა, 1936წ;

არქიტექტურული რიტმითა და ექსპრესიით, მოდერნული და კლასიკური არქიტექტურის შერწყმის თავისებური, არატრაფარეტული გაერთიანების მცდელობით, პოსტკონსტრუქტივიზმს შეგვიძლია მივაკუთვნოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი; 1937-1956 წწ. არქ. მიხეილ ნეპრინცევი. ნ. გლაზკოვი).

შენობა მთელ კვარტალს მოიცავს, განსაკუთრებით არის დამუშავებული სიმონ ჩიქოვანისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთასა და მოედანზე გამავალი ფასადი. მოედანზე გახსნილი ფასადის ძირითადი კომპოზიციური აქცენტი მკვეთრად წინწამოწეული ცილინდრული მოცულობაა, რომელიც დეკორირებულია შეწყვილებული მრგვალი პილასტრებით და თაღოვანი სარკმლებითაა დანაწევრებული. შენობის ამ ნაწილის მრგვალ, დენად ფორმებს ქვედა, კუთხის ფასადის ტეხილი გეომეტრიული ფორმები ცვლის. ორმხრივი კიბეებით გამოყოფილი ნახევარწრიული ბაქნის გარშემო განთავსებული კუთხის ფასადი წაკვეთილი სამკუთხედის მოხაზულობისაა და სამი სიბრტყისგან შედგება, რომლებიდანაც ცენტრალური პორტიკითა აქცენტირებული. გარდა ფასადების ხასიათისა (გეომეტრიული, ტეხილი, მომრგვალებული და დენადი), განსხვავდება თავად ფასადთა დამუშავებაც. ზედა ნაწილი, რომელიც მეორე რიგის მშენებლობაა, უფრო გადატვირთულია. ის უფრო მეტად არის დეკორირებული და აშკარად სცდება 1930-იანი წლების პოსკონსტრქუტივიზმისთვის დამახასიათებელი ფასადების „ზომიერად გამდიდრების“ ტენდენციას, რასაც ვერ ვიტყვით ქვედა კუთხის ფასადზე. მისი არქიტექტურული კომპოზიცია სადა, მარტივი და ლაკონიურია. აშკარად შეინიშნება კონსტრუქტივიზმისთვის სახასიათო გეომეტრიულობა, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზებით შექმნილი არქიტექტურული დინამიკა. ახალი მოთხოვნების შესაბამისად, ფასადი მდიდრდება: რუსტებით, პილასტრებით, ორდერით, კარნიზებით, თუმცა ყველა ეს დეტალი მარტივი პროფილისაა და შენობის „ზომიერ გამდიდრებას“ ემსახურება. მსგავსი გადაწყვეტები შეგვიძლია ვიხილოთ: საოლქო მილიციის სახლი — კიევი (არქ. პაველ სავიჩი, 1934წ.); შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის საცხოვრებელი სახლი — კიევი (არქ. გ.ლიუბჩენკო, 1934-35წწ.); კავშირგაბმულობის სამხარეო სამმართველო — ქ. ხაბაროვსკი (არქ. მ. ბელევანცევი; 1931-1935წ.).

ამ ორი, განსხვავებული ხასიათის ფასადს შორის გადაჭიმულია შენობის გრძელი მკლავი, რომელიც მ. კოსტავას ქუჩას მიუყვება და ბუნებრივად იმეორებს მის მრუდს. შეზნექილი ფასადის პირველი სართული დამუშავებულია მასიური გრანიტის რუსტიკით, რომელსაც ეყრდნობა მართკუთხა სარკმლებით დაცხრილული და სამი სართულის გამაერთიანებელი ბრტყელი, პილასტრებით დეკორირებული ცენტრალური ნაწილი.

მთლიანობაში, შენობა იდეალურად ეწერება არსებულ რელიეფში. მისმა ფორმამ და დამოკიდებულებამ რელიეფის მიმართ პრაქტიკულად განსაზღვრა ამ ტერიტორიის განაშენიანების ხასიათი. ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის მრუდი, გამოძახილს პოულობს როგორც მის მოპირდაპირედ, მერაბ კოსტავას 69-ში მდებარე, უნივერსიტეტის კორპუსის ფასადის მრუდში; ასევე მრუდი მოხაზულობის მქონე საცხოვრებელ სახლებში: მ. კოსტავას 71, პეკინის 2-სა და 11-სართულიან (ე.წ. ასბინიანი) სახლში.

1939 წელს მოედანზე, უშუალოდ ჩელუსკინელებისა და ვ. ლენინის (თამარ მეფისა და კოსტავას) ქუჩების შესაყარზე, დაიწყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენება. მიხეილ კალაშნიკოვის პროექტით დაგეგმილი მშენებლობა გამოირჩეოდა, როგორც საპროექტო ტერიტორიის მოცულობით, ასევე მასშტაბით. საცხოვრებელი სახლის 11-სართულიანი კოშკი ყველაზე მაღალი შენობა იყო 1930-იან წლების თბილისში, რის გამოც სახლს დღესაც 11-სართულიანად მოიხსენიებენ.

გრძელი (165 მ), მორკალული შენობის მთავარი, მოედანსა და მერაბ კოსტავას ქუჩაზე გამომავალი ფასადი სამ ნაწილად არის დაყოფილი. სამივე ნაწილი დამოუკიდებელ კომპოზიციაზეა აგებული, საკუთარი სიმეტრიით, კომპოზიციური ცენტრითა და საფასადო დეკორით. ამავდროულად, ისინი ჰარმონიულად იკვრებიან საერთო კომპოზიციაში, რაც შენობის გრძელ ფრონტს მრავალფეროვნებას სძენს. შენობა, ტექნიკური უნივერსიტეტის მსგავსად, ხასიათდება გეომეტრიულობით, ლაკონიურობითა და ზომიერი დეკორით. ასბინიანი სახლისთვის ისევე, როგორც „ჩაი გრუზიის“ ადმინისტრაციული შენობისთვის, სახასიათოა სიბრტყეებით „თამაში“, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების, სადად შელესილი კედლის სიბრტყისა და დეკორატიული ელემენტების კონტრასტი. მსგავს პროექტებს ვხვდებით საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებშიც: საცხოვრებელი სახლი (Новинский бульвар) — არქ. ლ. ტალალაი, ა.ძერჟკოვიჩი, 1937წ., მოსკოვი; მეცნიერებათა აკადემიის საცხოვრებელი სახლი — არქ. ა. ნედოპაკა, 1936წ. კიევი; სასტუმრო „მოსკოვი“ — არქ. ა. შჩუსევი, ლ.საველევი, 1932-1935წ., მოსკოვი;

დღესდღეობით, „ჩაი გრუზია“ —პრაქტიკულად სრულიად დაინგრა, შენარჩუნდა მხოლოდ ფასადი. სრულად არის წაშლილი შენობის არქიტექტურული სახისა და ხასიათის მაფორმირებელი მახასიათებელი: მოცულობათა და სიბრტყეებით „თამაში“. „11 სართულიანი“ — დაშენებების ხარჯზე დაკარგულია კომპოზიციის სიცხადე, ლაკონიურობა. გმირთა მოედნის ტრანსფორმაციამ, შენობის უკან წარმოქმნილმა ახალმა ქაოსურმა უბანმა სრულიად შეცვალა შენობის ხედვის არეალები, გარემო. მრავალსართულიანი ახალი მოცულობის დამატებით და არასწორი რეკონსტრუქციის შედეგად მნიშვნელოვნად არის დაზიანებული „იმელი”.

თანამედროვე საქართველოსათვის გამოწვევაა საბჭოთა არქიტექტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის, მისი ისტორიული, ურბანული და არქიტექტურული ღირებულების შეფასება და მათი სწორი ინტერპრეტაციაა. სამწუხაროდ, სრულიად საწინააღმდეგო პროცეს ვხედავთ. ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს, როგორც კონკრეტული ობიექტების, ისე მთელი არქიტექტურული ანსამბლების განადგურება. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ზემოთ აღწერილი შენობები: „იმელი“ — სამოქალაქო საზოგადოების დიდი ძალისხმევის შედეგად შენობა არ დაინგრა, თუმცა რადიკალურმა, გაუაზრებელმა და გაუმართლებელმა ჩარევებმა (დაემატა ახალი, მინის კოშკურა მოცულობა, სახე იცვალა უკანა ფასადმა, სრულიად გადასხვაფერდა ინტერიერი) მნიშვნელოვნად შეცვალა ის.

დღეს, საბჭოთა მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულება საკმაოდ არაერთგვაროვანია. უდავოა რომ, საბჭოთა არქიტექტურამ არსებული ცენზურისა და ჩარჩოების ფარგლებში შექმნა საინტერესო ნიმუშები, რომლებმაც დიდ წილად განაპირობეს საქართველოს ქალაქების იერი.

1930-ანი წლების ბოლოს პოსტკონსტრუქტივიზმისთვის სახასიათო ძიებები, ექსპერიმენტების, ინდივიდუალური გადაწყვეტების გზა მიუღებელი გახდა. ჩამოყალიბებულია „სტალინური ამპირის“ ჩარჩო-კონცეფცია. უნიფიცირებულმა მიდგომამ საბჭოთა არქიტექტურიდან დიდწილად განდევნა შემოქმედებითობა და ინდივიდუალურობა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოსტკონსტრუქტივიზმი რუსულთან შედარებით ნაკლებ ექსპრესიული და ექსპერიმენტული, ამ პერიოდის ნამუშევრები გამოირჩევა არაშაბლონური, საინტერესო გადაწყვეტებით.

საბჭოეთში აშენებდნენ შენობებს, რომლებსაც უნდა ემღერათ ქვეყნის დიდებაზე, სიძლიერეზე, მუდმივობაზე. სსრკ აღარაა, მაგრამ არის არქიტექტურა, რომელიც შესანიშნავად ჰყვება ამბავს სახელმწიფოზე, სადაც რეპრესირებულები იყვნენ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ არქიტექტურულ სტილებიც. ის, იძულებით ერთობაზე დაფუძნებული ქვეყანა და მისი არქიტექტურა, არასახარბიელო, მაგრამ ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილია. შენობების განადგურებით ისტორიას ვერ შევცვლით.

LATEST
Das Leben unterm TischBelarus
Das Leben unterm Tisch 

Im Angesicht der ungewissen Zukunft spielt eine belarussische Schriftstellerin mit der Vergangenheit

20 December 2023
Russlands MitschuldArmenia
Russlands Mitschuld 

Wie Russland im Spiel um seine eigenen geopolitischen Interessen den Berg-Karabach-Konflikt als Trumpf nutzte

12 December 2023