28 November 2023Georgia

„რუსი ჯარისკაცები ამოდიან თბილად, სიყვარულით“

ქართული პოლიტიკური მართლმადიდებლობა და რუსეთი

by Beka Mindiashvili, Gigi Ugulava
© Lia Ukleba


საქართველოს ეკლესია წლების განმავლობაში სარგებლობს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დიდი ნდობით. ამავდროულად, საქართველოს ეკლესია ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული განწყობების, ჰომოფობიის და ქსენოფობიის მთავარი გამტარებელია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იყო და არის რუსეთის გავლენის მთავარი დასაყრდენი საქართველოში. ბექა მინდიაშვილი და გიგი უგულავა მიიჩნევენ, რომ რუსულ და ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიებს საერთო იდეოლოგიური ბაზა აერთიანებს, რომელსაც ისინი პოლიტიკურ მართლმადიდებლობას უწოდებენ. ტრადიციული მართლმადიდებლობისაგან განსხვავებით, პოლიტიკური მართლმადიდებლობა რელიგიის მხოლოდ გარე ფორმებს იყენებს მასობრივი იდეოლოგიური ზემოქმედების ინსტრუმენტის შესაქმნელად. ავტორები აანალიზებენ სამ საყრდენს, რომელსაც ეფუძნება პოლიტიკური მართლმადიდებლობა საქართველოში: ერთმორწმუნეობას, აპოკალიფსურ მესიანიზმს და რელიგიურ ნაციონალიზმს.

ქართული   English   Deutsch   Русский


„პოზიცია ეკლესიისა არის ასეთი [...] ოსები, რუსები გვირჩევნია, ხალხი გვირჩევნია ტაძრებს, ნაგებობებს, მათთან ურთიერთობა, სიტკბო და სიყვარული გვირჩევნია. [...] ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი და რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია.“ ასე თქვა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ კირბალში, რუსი ოკუპანტების მიერ ჩაკეტილი ლომისას ტაძრის გაღების გამო, რუსი სამხედროების მიერ მოკლული თამაზ გინტურის სამძიმარზე მისულმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზმა, ანდრიამ. ოკუპანტებისადმი ასეთ რადიკალურ სიყვარულს, უშუალოდ მკვლელი რუსი ჯარისკაცის სიყვარულის ობიექტად დასახვას, სახარებისეული სრულყოფის იდეალზე შეიძლება დაეფიქრებინა მისი მსმენელი, რომ არა ერთი გარემოება.

წლების განმავლობაში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვის საპატრიარქოს გავლენაში მოქცეულ ავტოკეფალიად ჩამოყალიბდა, რომლის პოზიცია და როლი საგარეო, და ასევე საშინაო ასპარეზზე, რუსეთის გავლენის, მისი რბილის ძალის ინსტრუმენტად შეგვიძლია აღვწეროთ.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში არიან მოწინავე პოზიციების მქონე მღვდელმთავრები, რომლებიც რუსული პოლიტიკური ორიენტაციის აუცილებლობაზე ქადაგებენ. საპატრიარქოსთან აფილირებულია თითქმის ყველა პრორუსული ორგანიზაცია; ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლება მეტისმეტად აქტიურად წარმოაჩენს თავს ეკლესიის ინტერესების დამცველად, ხელისუფლებისა და ეკლესიის ერთიანობაზე სულ უფრო ძლიერ აქცენტს აკეთებს, რაც სავსებით ლოგიკურად გამოიყურება, რადგან, რაც უფრო მეტად აშკარავდება საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური და რუსეთისადმი დამთმობი პოლიტიკა, მით უფრო უახლოვდება იგი პრორუსულ საპატრიარქოსაც. რა ფაქტორები განაპირობებს საქართველოს საპატრიარქოში პრორუსულ განწყობებს, პოზიციებს, მიღებულ გადაწყვეტილებებს? რა ფუნქციას შეიძლება ასრულებდეს ეკლესია როგორც რუსეთის რბილი ძალა? რუსული იმპერიალიზმის სტრატეგიაში ეკლესიაზე და ეკლესიის მეშვეობით გავლენას იმთავითვე განსაკუთრებული ფუნქცია ჰქონდა დაკისრებული: მას დასავლეთისკენ მიმავალი გზების ჩახერგვა და იმპერიული რეჟიმის ლეგიტიმაცია ევალებოდა. საქართველოს საპატრიარქოს გამოყენება ახლაც ამ ფუნქციის შესაბამისად ხდება. საქართველოში რუსული გავლენის რეცეფცია და რუსული საეკლესიო ორიენტაცია ძირითადად სამი მთავარი ფაქტორითაა განპირობებული: პირველი ესაა „ერთმორწმუნეობაზე“ დაფუძნებული ისტორიული კავშირები. მეორე ეკლესიის აპოკალიფსურ - მესიანისტური ნარატივია, რომელშიც რუსეთი მთავარ ესქატოლოგიურ პარტნიორად, საქართველოს კი ეკლესია „ბოლო ჟამის“ უნიკუმად მოჩანს, და მესამე: საეკლესიო ფსევდონაციონალიზმი.

„ერთმორწმუნეობა“

ერთმორწმუნეობის შესახებ წარმოდგენა, მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, უპირველეს ყოვლისა, რუსეთთან როგორც მართლმადიდებლობის მფარველ იმპერიასთან, „მესამე რომთან“ მჭიდრო კავშირს გულისხმობს. თუმცა, რუსეთთან „ერთმორწმუნეობრივი“ კავშირი იმთავითვე ევროპასთან კავშირის გაწყვეტას მოასწავებდა. რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე II-მ 1782 წელს ხელქვეითებს ქართულ სამეფოებთან დასადებ ხელშეკრულებათა პროექტის მომზადება დაავალა. „უზენაესად მითითებულ საფუძვლებში” ჩაიწერა: „უკუგდებულ იქნას რომის იმპერატორსა და სხვა ქრისტიანულ სამეფოებთან მათი (ქართლ - კახეთის სამეფოს. ავტ.) ნაცნობობა. ეთქვათ, რომ ჩვენი აზიელი მეზობლების საქმეებში ჩარევის არანაირი პირობა არ გააჩნიათ და რომის იმპერატორსაც არ უგზავნონ წერილები”.

საბოლოო ჯამში, „მესამე რომზე“ დამყარებულმა იმედმა, ქართლ-კახეთის, იმერეთის სამეფოებისა და ქართული სამთავროების ანექსიის მომზადების პროცესში ტროას ცხენის როლი შეასრულა. „ერთმორწმუნეობის“ პოლიტიკური რეალიზაცია საქართველოს ანექსიაში, ქართული სამეფო სამთავროების უკანონო გაუქმებასა და ეკლესიის ავტოკეფალიის მოსპობაში გადაიზარდა. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ საქართველო ეკლესიის მოწინავე სასულიერო პირები უკვე მკვეთრად ანტირუსული განწყობით გამოირჩეოდნენ, ახალფეხადგმულ ქართული ეროვნულ მოძრაობაში აქტიურად იყვნენ ჩაბმული და ავტოკეფალიის დაბრუნებისთვის იბრძოდნენ, რომლის აღდგენის შემდეგ, 1917 წლიდან, რუსეთისა და საქართველოს ეკლესიებს შორის ევქარისტიული კავშირი გაწყდა, რამდენადაც რუსეთმა არ ცნო და დაგმო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია.

მოგვიანებით, 1943 წელს, საბჭოთა კავშირში, სტალინის მიერ რელიგიისადმი, კონკრეტულად კი მართლმადიდებელი ეკლესიისადმი შეცვლილი დამოკიდებულების შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქომ აღიარა საქართველო ეკლესიის ავტოკეფალია, თუმცა ეკლესიისადმი დათბობა მოსკოვისა და საქართველოს საპატრიარქოებში ე.წ. სტალინურ მართლმადიდებლობად გარდაისახა, თავისი კომუნიზმთან სინქრონიზებული პოლიტიკური თეოლოგით, რომლის ფუნქცია, უმთავრესად საერთაშორისო ასპარეზზე სტალინური კომუნიზმის ლეგიტიმაცია და აშშ-ს, თურქეთის, ვატიკანის, ნატოს, კაპიტალიზმის, კოსმოპოლიტიზმის, „ჟიდომასუნური“ შეთქმულების „რელიგიურად“ არგუმენტირებული მხილება გახდა.

ეს ფუნქცია მას საბჭოთა კავშირს არსებობის განმავლობაში შეუნარჩუნდა. სტალინურმა ტრასფორმაციამ ფორმალურად მეტი შესაძლებლობა მიცა: გაიხსნა დახურული ტაძრები, სემინარიები, გამოიცა საეკლესიო წიგნები, მაგრამ, მეორე მხრივ, კომუნისტური ტერორის მსხვერპლად ქცეულ ეკლესიაში, რომელსაც საბჭოთა ტოტალიტარიზმი მანამდე უმეტესწილად გარედან ანადგურებდა, ხელისუფლებამ უკვე შიგნით, იერარქიაში, სპეცსამსახურების აგენტურის სახით გაიდგა ფესვები. სსრკ-ს რელიგიის საკითხთა საბჭოს თავმჯდომარეს, კ. ხარჩევის თქმით. „არცერთი საეპისკოპოსო კანდიდატი, მით უმეტეს, წმინდა სინოდის წევრი, სუკ- ისა და სკკპ ცკ-ის მიერ დამტკიცების გარეშე არ ირჩეოდა“.

სსრკ-ს დანგრევის შემდეგ, ეკლესიაში საბჭოთა მექანიზმის მუშობის ხასიათი, არსებითად, არ შეცვლილა, - მართლმადიდებლური ტრადიციის მქონე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში არ განხორციელდა ლუსტრაცია. ე.წ. წითელი სამღვდელოება ეკლესიაში ისევ მაღალ და უმაღლეს თანამდებობაზე დარჩა, ოღონდ შეუდარებლად გაზრდილი შესაძლებლობებით. საბჭოთა კავშირის დანგრევისთანავე, მაშინდელი „დემოკრატიული“ ხელისუფლებებისგან განსხვავებით, სწორედ საეკლესიო იერარქიამ გააგრძელა საბჭოთა ტრადიცია: იგი კიდევ უფრო დიდი მონდომებით შეუდგა დასავლეთისგან მტრის ხატის შექმნას, მაგრამ ამას ახლა არა იმდენად საგარეო, რამდენადაც შიდა მოხმარების მიზნით, ანტიდასავლური მობილიზაციის მისაღწევად აკეთებდა.

1990 წლების მიწურულს, რუსეთში კომუნიზმის ნაცვლად შემაკავშირებელ იდეოლოგიად „რუსკი მირი“ შემუშავდა, რომლის კონცეფცია „წმინდა რუსეთისა“ და „მესამე რომის“ ძველ, იმპერიულ იდეოლოგემებს დაეფუძნა.

აპოკალიფსური მესიანიზმი

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ფართოდ გავრცელებულია რწმენა, რომ ახლა უკვე ე.წ. ბოლო ჟამი დგას. სასულიერო პირები, ყველანაირი „წინასწარმეტყველები“ ბოლო ჟამის ნიშნების ამოცნობით არიან გატაცებული და პერიოდულად ანტიქრისტეებს ასახელებენ.

გვხვდება „ბოლო ჟამის“ სხვადასხვა სცენარი, თუმცა მათ აერთიანებს აპოსტასიასა და ანტიქრისტეზე წარმოდგენა. აპოსტასიის, ანუ ღმერთისაგან საყოველთაო განდგომის ნიშნებია მაგ. გლობალიზაცია, სეკულარიზაცია, ინტერნეტი, ტექნიკურ - მატერიალური პროგრესი, პანდემიები, ომები, მოსახლეობის ტოტალური კონტროლი, მორალური დეგრადაცია; საქართველოს მართლმადიდებელი იერარქიის დიდი ნაწილი ეკლესიასა და ქვეყანას მტრებით გარემოცულ ნახევარკუნძულად წარმოიდგენს. ერთ-ერთი „მართლმადიდებელი“ პრორუსი პოლიტიკოსის თქმით, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებას „ანტიქრისტეს ტახტმშენებლები“ აწყობენ. ვინ არიან ისინი? გლობალური დასავლეთი, დასავლური და აღმოსავლური „სექტები“, ლიბერალიზმი, კაპიტალიზმი, ყველანაირი უმცირესობები, მასონები, მსოფლიო საიდუმლო მთავრობა, არასამთავრობოები, პროდასავლური პოლიტიკური ძალები, მედია, კოკა-კოლა და მაკდონალდსი, რასაკვირველია, ებრაელები და თავად პრეზიდენტი ზელენსკიც, რომელიც ზოგიერთმა ქართველმა მღვდელმა ომის დაწყებისთანავე ქრისტეს მასხარად, ანუ პირდაპირ ანტიქრისტედ გამოაცხადა.

ამ „დაუძინებელი მტრების“ წინააღმდეგ საპატრიარქო და მასთან დაკავშირებული პრორუსული ორგანიზაციები მუდმივად მართავენ აგრესიულ აქციებს, აორგანიზებენ პოგრომებს, ისინი ამ მტრული ძალების ალაგმვასა და განადგურებას მოითხოვენ, მათ წინააღმდეგ ყველაფერი უნდა იღონოს სახელმწიფომ, საკანონმდებლო შეზღუდვებით დაწყებული, მკაცრი რეპრესიებით დამთავრებული. „არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ - იძალადოთ სამშობლოსთვის, იძალადოთ ქვეყნისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვის!“ სწორედ ამ მოწოდებით გამოვიდა 2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიურ აქციაზე საპატრიარქოს ერთ-ერთი მღვდელი, რომლის დროსაც ორმოცდაათამდე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

© Netgazeti

ამ ფონზე საქართველოს საპატრიარქო მტრად მხოლოდ „ერთმორწმუნე“ რუსეთს არ მიიჩნევს, უკეთეს შემთხვევაში საპატრიარქოს მესვეურები რუსეთსა და დასავლეთს ასეთ დისპოზიციაში აქცევენ: რუსეთი მხოლოდ ფიზიკურად გიპყრობს, დასავლეთი კი სულიერი ოკუპანტია, ეს კი ფიზიკურთან შედარებით უარესია. რუსული ნეოიმპერიალიზმიც, განსაკუთრებით მისი ევრაზიული, დუგინური ვარიანტი (დუგინის გეოპოლიტიკური მისტიციზმი საკმაოდ პოპულარულია ქართველ იერარქებსა და პრორუსულ ორგანიზაციებში), აპოკალიფსური ხასიათისაა და მსოფლიოს ბოლო ჟამის ბატალიების ასპარეზად განიხილავს. ქართულ და რუსულ აპოკალიპტიკას ერთმანეთთან აკავშირებს წარმოდგენა, რომ რუსეთს ანტიქრისტეს შეკავების დიადი მისია აკისრია. გეოპოლიტიკის ენაზე ხსენებული მისია, დასავლეთის შეკავებას გულისხმობს. ამის შესახებ პატრიარქმა კირილმაც იქადაგა: „რუსეთი (ომის დროს) ხდება ბოროტების ტოტალური ბატონობის ანუ ანტიქრისტეს მოსვლის შემკავებელი“. თუ რუსეთი დიდი შემკავებელია, მისგან განსხვავებით, საქართველო მართლმადიდებლობის ბოლო ბასტიონია, რომელიც რუსულ პოლიტიკურ ორიენტაციაში თავის შეფარებით დასავლეთის მიერ სულიერ იავარქმნას გადაურჩება და შეურყვნელად შეინარჩუნებს მართლმადიდებლობას (მიტროპოლიტი იოანე გამრეკელი, საქართველოს გზა).

რუსეთთან ერთად რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე საქართველოს საპატრიარქოც რუსეთსა და დასავლეთს შორის ბოლო ჟამის ბრძოლად აღიქვამს. 2019 წელს მსოფლიო საპატრიარქომ, უკრაინის ეკლესიის ხანგრძლივი ბრძოლისა და სამართლიანი მოთხოვნის შემდეგ, ავტოკეფალიური ეკლესიის სტატუსი მიანიჭა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას. უკრაინის ავტოკეფალია უმძიმესი დარტყმა იყო მოსკოვის საპატრიარქოსთვის, რომელიც რუსკი მირის ნეოიმპერიალისტურ სქემაში უკრაინაზე რუსული გავლენის მხრივ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა. ალბათ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ერთ-ერთი პირველი უნდა შეერთებოდა ავტოკეფალიის აღიარებას, თუმცა უკანასკნელი რამ, რაც საქართველოში აღიარების შესახებ საქართველოს ეკლესიის სინოდის მიერ 2019 წელს წარმოითქვა, ასე ჟღერს: „ჯერ ტომოსს ვკითხულობთ“. ტომოსი ერთგვერდიანი დოკუმენტია და ცხადია, აქაც საქართველოს ეკლესია რუსული საპატრიარქოს გავლენით დაიფარა. ამავდროულად საქართველოს ეკლესიას აშშ-ს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აქვს აღიარებული, რაც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში მას მოსკოვის საპატრიარქომ მიანიჭა, მაშინ, როდესაც მსოფლიო საპატრიარქო, რომელიც პოზიციონირებს როგორც ავტოკეფალიის მიმნიჭებელი საბოლოო ინსტანცია, აშშ მართლმადიდებელ ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღირებს.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოს საპატრიარქომ უფრო ნეიტრალური პოზიცია დაიკავა, რამდენჯერმე გავრცელდა საპატრიარქოს მოწოდება ომის დასრულების და მშვიდობის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ როდესაც 2023 წლის მარტში, უკრაინის ხელისუფლებამ კიევ - პეჩერის ლავრა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამოართვა და გადასცა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, ილია მეორემ მსოფლიო პატრიარქს მიმართა, რათა მას პეჩერის ლავრის რუსეთის ეკლესიისთვის დაბრუნებაში შუამდგომლობა გაეწია. საინტერესოა ისიც, რომ კირილს, რომელიც უკრაინაში ომს ამართლებს და აკურთხებს ომის დაწყების შემდეგ დაბადების დღე ავტოკეფალიური ეკლესიების პირველიერარქებიდან მხოლოდ ილია მეორემ მიულოცა და თანაც ყველა სურვილის ასრულება უსურვა.

მართალია, საქართველოს ეკლესიაში, განსაკუთრებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, უფრო და უფრო მეტად გამოჩნდნენ სასულიერო პირები, მათ შორის მღვდელმთავრები, რომლებიც აგრესიაში ამხელენ რუსეთს, დასავლეთში კი მტრის ნაცვლად მოკავშირეს ხედავენ, მაგრამ საერთო ფონზე, ზოგად საეკლესიო განწყობას ისინი ჯერჯერობით ვერ ცვლიან.

თუკი გლობალიზებული მსოფლიოს რელიგიური და პოლიტიკური ლიდერი ანტიქრისტეა, რომელიც ცრუ მშვიდობისმყოფელია, ის ეკლესიის აპოკალიფსურ ნარატივში როგორც წესი, დასავლურ სამყაროსთანაა დაკავშირებული. ანტიქრისტეებად სხვებიც მოუნიშნავთ, მაგრამ რუსეთ უკრაინის ომის შემდეგ „აპოსტასად“ ქართველი აპოკალიპტიკოსები ძირითადად, პრეზიდენტ ზელენსკის ასახელებენ.

© RFE/RL

პოლიტიკური მართლმადიდებლობა და საეკლესიო ნაციონალიზმი

მესამე, და ალბათ ყველაზე ძლიერი საფუძველი, რომლის მეშვეობით საქართველოში პრორუსული განწყობები ვრცელდება, ნაციონალიზმის საეკლესიო მოდელია. თანამედროვე საპატრიარქო რუსულ - საბჭოური ნეოიმპერიალიზმის უცნაურ მსახურად გვევლინება, რომლის ქართულ ვერსიაში, სატყუარასავით, ცენტრალური ადგილი ნაციონალიზმის ენასა და სიმბოლოებს უკავია. სამღვდელოების რიტორიკაში ნაციონალიზმის ცნებები: ერი, მამული, სამშობლოს სიყვარული, ერთობა, ენა, ზოგადად, „ქართველობის დაცვა“ და ეროვნული იდენტობა გამორჩეული, საკრალური შინაარსითაა დამუხტული.

ისეთი მითოპოეტური იდიომები, როგორიცაა „ივერიის გაბრწყინება” „საქართველო აღსდგა”, „ზეციური ივერია”, „ქართველნო, ერთად ღვთისაკენ” საეკლესიო კოლექტივიზმის ენობრივ მარგალიტებად იქცა. მაგრამ, მთელი ამ დროის განმავლობაში, სასულიერო დასი, მცირე გამონაკლისების გარდა, ტრადიციულ, საქართველოში დღესაც ყველაზე მძლავრ ანტირუსულ ნაციონალიზმთან კი არ ცდილობდა სინქრონიზაციას, როგორც ეს ავტოკეფალისტების შემთხვევაში იყო, არამედ მასთან დაპირისპირებული, ახალი იდეოლოგიური სიმულაცია, ნაციონალიზმის ყალბი ორეული შექმნა.

ეროვნული მოძრაობაც და შემდეგ უკვე თანამედროვე სამოქალაქო ნაციონალიზმის პროექტიც, ისევე, როგორც თავის დროზე თერგდალეულები და ავტოკეფალისტები, საბოლოო ჯამში, დასავლური, უმეტესწილად, ლიბერალური, დემოკრატიული პოლიტიკური ტრადიციითაა ნასაზრდოები, ხოლო იერარქია, მხოლოდ საბჭოური გამოცდილებითა და „მესამე რომის“ პოლიტიკური თეოლოგიით იკვებება. ამიტომ, თუ საერო ნაციონალიზმის ძირითადი იდეა დასავლეთისკენ სწრაფვა და რუსეთისგან თავის დაღწევაა, მისი კლერიკალური ალტერნატივა, დასავლეთის მიუღებლობასა და ერთმორწმუნე მეზობლისადმი ღიაობას ქადაგებს.

რუსული და ქართული ორთოდოქსიის აღწერილი ფორმები პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მიზნების საფუძველს წარმოადგენს. ამიტომ, შეგვიძლია მათ პოლიტიკური მართლმადიდებლობა დავარქვათ. პოლიტიკურ ორთოდოქსიას რელიგია ესმის როგორც ეროვნული, ცივილიზაციური, პოლიტიკური, კულტურული იდენტობის საფუძველი. აქედან გამომდინარე, მას საკუთრივ რელიგიურ- თეოლოგიური, ზნეობრივი შინაარსისგან ფიტავს და იდეოლოგიურ კონსტრუქციად გარდაქმნის, რომელსაც სახელმწიფო ან რაიმე პოლიტიკური ორგანიზაცია თავის ინსტრუმენტად აქცევს, ამ პოლიტიკურ იარაღს არ აინტერესებს ღმერთი და ადამიანის მარადიული ხსნის მიღწევა. მისი ინტერესი მხოლოდ კოლექტიურ პოლიტიკურ მობილიზაციასთანაა დაკავშირებული კრიზისებისა და კონფლიქტების განსამუხტად ან პირიქით — შესაქმნელად. იგი იყენებს რელიგიურ ფორმებს, ენას, სიმბოლოებს მაგრამ მასში სხვა შინაარსებსა და მიზნებს ათავსებს.

პოლიტიკური მართლმადიდებლის საუკეთესო დემონსტრაციაა მაგალითად პატრიარქ კრილის ერთ-ერთი ბოლო ქადაგება, სადაც ის რუსული ბირთვული იარაღის შექმნას ერთ-ერთი რუსი წმინდანის, სერაფიმ საროველის უშუალო მფარველობას უკავშირებს და აცხადებს, რომ რუსეთის ატომური პოტენციალი რომ არა, იგი აღარ იარსებებდა, ანუ კრემლის, რუსი ხალხის, რუსკი მირის, მესამე რომის, წმინდა რუსეთის ბედს არა ღმერთი, არამედ ატომური ბომბი განაგებს. პოლიტიკური მართლმადიდებლობის ორიენტაცია წარსულზე ან ესქატოლოგიაზე, ისევე როგორც მისი რელიგიური ხასიათი, ფორმალურია, რადგან, თავისი არსით ის მხოლოდ რუსულ იმპერიალიზმს ემსახურება რუსეთშიც და საქართველოშიც, მასობრივად ხოცავს ადამიანებს უკრაინაში.

არ იყო შემთხვევითი, რომ რამდენიმე წლის წინ დუგინის ქართველი თანამოაზრე, ლევან ვასაძე, საეკლესიო ნაციონალიზმის ერთ-ერთი ლიდერი, ჯერ ჩოხა-ახალუხში გამოჩნდა, ხოლო შემდეგ ქამრებითა და კომბლებით გამოვიდა პოლიტიკურ არენაზე. ის მიანიშნებდა, რომ მას თავისუფალი სახელმწიფოს, თავისუფალი და თანამედროვე ადამიანების გახედნა, მათი სულების მოთვინიერება და ჩაკვლა უნდა. პოლიტიკური მართლმადიდებლობის საბოლოო მიზანი ჩოხა ახალუხში გამოწყობილი საქართველოს ფიტულის რუსულ იმპერიულ მუზეუმში განთავსებაა.

აი, ეს ყველაფერი, ამ მიზეზებისა და წარმოდგენების გამო, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, შეიძლება ათქმევინებდეს ლომისას ტაძარზე ასულ ქართველ მღვდელს, დავითს, თამაზ გინტურის მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ასეთ სიტყვებს: „რუსი ჯარისკაცები აქ ამოდიან თბილად, სიყვარულით.

LATEST
Das Leben unterm TischBelarus
Das Leben unterm Tisch 

Im Angesicht der ungewissen Zukunft spielt eine belarussische Schriftstellerin mit der Vergangenheit

20 December 2023
Russlands MitschuldArmenia
Russlands Mitschuld 

Wie Russland im Spiel um seine eigenen geopolitischen Interessen den Berg-Karabach-Konflikt als Trumpf nutzte

12 December 2023