20 October 2023Georgia

ლიტერატურის ორგანიზაციები საქართველოში

თანამშრომლობის და წინააღმდეგობის ისტორია

by Nuka Gambashidze
Collective Stand of Georgian Publishers at Frankfurt Book Fair 2023© Image courtesy of the organizers


საქართველოს ლიტერატურული სივრცე პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია. ქართულ ლიტერატურას დღეს მსოფლიოში უკეთ იცნობენ, ვიდრე როდისმე. იმატა მხატვრული და სპეციალური ლიტერატურის თარგმანებმაც ქართულად. ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა ლიტერატურული პროცესის კერძო და სახელმწიფო მხარდამჭერი ორგანიზაციების გარეშე. ლიტერატურის მენეჯერი და გამომცემელი ნუკა ღამბაშიძე [∗] თავის სტატიაში აღწერს ლიტერატურული სივრცის ორგანიზაციას და ისტორიას პოსტსაბჭოთა საქართველოში. 2017 წლამდე სახელმწიფოს და ლიტერატურულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობა ჰარმონიული იყო. სახელმწიფო ისე აფინანსებდა ლიტერატურულ პროცესს, რომ მის შინაარსში არ ერეოდა. 2017 წლიდან მდგომარეობა შეიცვალა. „ქართული ოცნების“ მთავრობა ამ პერიოდიდან ცდილობს ლიტერატურულ პროცესებზე პოლიტიკური კონტროლის დაწესებას. ნუკა ღამბაშიძე თავის წერილში იმასაც გვიამბობს, როგორ მიმდინარეობდა ბრძოლა მთავრობის პოლიტიკური გავლენისაგან დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.

ქართული   English   Deutsch   Русский


დიდი ისტორიისა და მემკვიდრეობის მიუხედავად, თანამედროვე საქართველოს საგამომცემლო საქმიანობის ათვლის წერტილად მე-20 საუკუნის 90-იან წლებს მივიჩნევთ. საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყანაში გაჩნდა კერძო საგამომცემლო სახლების, წიგნის გამავრცელებლების და კულტურულ-საზოგადოებრივი ჟურნალ-გაზეთების ადგილი.

ქართველი მწერლები და გამომცემლები დამოუკიდებლობას ზოგიერთი პოსტ-საბჭოთა ქვეყნისგან განსხვავებით ერთი უპირატესობით შეხვდნენ — ენობრივი სუვერენიტეტით. ქართული სასაუბრო და სალიტერატურო ენა, ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორის მიუხედავად, ჯერ რუსეთის იმპერიის და შემდეგ კი საბჭოთა კავშირის რუსიფიკატორულ პოლიტიკას გადაურჩა.

90-იან წლებში არ არსებობდა თავისუფალი საბაზრო პრაქტიკა და ქართველი გამომცემლები მხოლოდ საკუთარი გამოცდილებით სწავლობდნენ საგამომცემლო საქმეს. მათ სჭირდებოდათ როგორც კვალიფიკაციის ამაღლება საერთაშორისო პრაქტიკების გათვალისწინებით, ასევე საავტორო უფლებების შეძენა და გაყიდვა სხვა ქვეყნებში. თუ უწინ თარგმნილი ლიტერატურა ხშირად დედნის ინტელექტუალური საკუთრების უგულებელყოფით გამოიცემოდა, 1995 წელს ქვეყანამ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონი მიიღო და შეუერთდა ბერნის კონვენციას (1886 წ.) ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ. 1997 წელს საქართველოში დაარსდა ISBN-ის სააგენტო.

კერძო და სახელმწიფო ლიტერატურული ორგანიზაციები

გამომცემელთა ასოციაცია და საგამომცემლო ბაზარი

საგამომცემლო სექტორი დამოუკიდებელ საქართველოში სწრაფად განვითარდა, მაგრამ მალევე გააცნობიერა საკუთარი საზღვრები. ქართული ენა, დამწერლობასთან ერთად, საქართველოს კულტურის უნიკალური და ძვირფასი ელემენტია. თუმცა, უნიკალურობა გამომცემლებისთვის ნიშნავს მხოლოდ სამ მილიონამდე პოტენციურ მკითხველს, მცირე სარგებელს და კომერციულ არასტაბილურობას. საქართველოში ყველაზე პოპულარული და გაყიდვადი მწერლებიც კი, უმეტესად, ვერ ირჩენენ თავს საკუთარი პროფესიით.

ამიტომაც, ქართულმა გამომცემლებმა დაიწყეს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის გზების ძიება. 1990-იანი წლების მიწურულს და 2000-იანების დასაწყისში, ქვეყნის მასშტაბით ცნობილ ავტორებს საქართველოს გარეთ თითქმის არავინ იცნობდა. იმ დროს, ქართულ ენაზე არათუ სხვა არავინ საუბრობდა, მსოფლიოს მისი არსებობაც კი არ გაეგო, ამიტომ ქართული ლიტერატურის მსოფლიოში პოპულარიზაცია რთული და თითქმის მიუღწეველი ჩანდა.

ბიზნესის განვითარებისა და ლიტერატურის ხელშეწყობის გრძელვადიანი გეგმის აუცილებელი ნაწილი იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრობა. პირველი სტენდით გამომცემლები ფრანკფურტში 1997 წელს ჩავიდნენ. დაფინანსებას პირველი რამდენიმე წელი არასამთავრობო წყაროებიდან იღებდნენ. 2003 წელს საქართველოში ვარდების რევოლუციის შედეგად ხელისუფლება შეიცვალა. მომდევნო წლებში ეკონომიკური მდგომარეობა ეტაპობრივად გაუმჯობესდა და მალე სახელმწიფომ კულტურის სექტორის მხარდასაჭერად სახსრების გამოყოფა დაიწყო. ხელოვნებისა და ლიტერატურის ხელშეწყობა ქვეყნის სტრატეგიული გეგმის ნაწილი გახდა და ასე განვითარდა კულტურული ინსტიტუციები, რომლებიც წარმატებით ასრულებდნენ ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობის და მდგრადი განვითარების გეგმას.

ამ ინსტიტუციებიდან პირველი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ჯერ კიდევ 1998 წელს დაარსდა. თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი, რომელსაც ასოციაცია დაარსების დღიდან ყოველწლიურად ატარებს, 2004 წლიდან კულტურის სამინისტროს დაფინანსებით იმართებოდა. 2007 წლიდან სამინისტრო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ყოველწლიური ეროვნული სტენდის მხარდამჭერი გახდა. სტენდის ორგანიზება ასოციაციამ ჩაიბარა.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ამჟამად 45 წევრი ჰყავს. აქედან 33 წიგნის გამომცემელია. ლიტერატურული და საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზებასთან ერთად, ასოციაცია, როგორც პროფესიული გაერთიანება, მისი წევრების ინტერესებს წარმოადგენს.

გამომცემლობების პორტფელები მხატვრული და არამხატვრული, საბავშვო და საუფროსო ლიტერატურის გარდა სასკოლო სახელმძღვანელოებსაც მოიცავს. საქართველოში საგამომცემლო სახლების შემოსავლის დიდი ნაწილი სწორედ სახელმძღვანელოებზე მოდის. სასკოლო წიგნების გამოცემა მათ საქმიანობის დივერსიფიკაციის საშუალებასაც აძლევს.

საქართველოს საგამომცემლო ბაზრის კვლევა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ ჯერ საქართველოს ეროვნული წიგნის ცენტრთან და შემდეგ მწერალთა სახლთან თანამშრომლობით 2012-2013, 2013-2015 და 2016-2020 წლებში ჩაატარა. ყოველ კვლევაში 32-34 აქტიური გამომცემლობა მონაწილეობდა. კვლევის შედეგების მიხედვით, 2008-2016 წლებში გამოცემული დასახელებების რაოდენობა სტაბილურად მზარდია (წელიწადში 714-იდან 1633 დასახელებამდე). 2017 წელს დასახელებების რაოდენობა შემცირდა, თუმცა 2018 წელს 22%-ით გაიზარდა. 2020-ში, პანდემიის წელს, გამოცემული დასახელებების რაოდენობა 1577-იდან მხოლოდ 26 ერთეულით შემცირდა.

შედარებისათვის, 2012-2013 წლის კვლევის მიხედვით, გამოცემული დასახელებების რაოდენობით სომხეთი 2008-2010 წლებში თითქმის ორჯერ უსწრებდა ქართულ ბაზარზე აღრიცხულ რაოდენობას. თუმცა სომხურ საგამომცემლო ბაზარზე კლების, ხოლო ქართულზე ზრდის ტენდენციაა. 2012 წლის დასახელებების რაოდენობა ერთმანეთს უახლოვდება ( სომხეთში — 1549; საქართველოში — 1332). სომხეთის გამომცემელთა ეროვნული ასოციაცია IPA-ს (საერთაშორისო გამომცემელთა ასოციაციის) წევრია. საქართველოს გამომცემელთა და წიგნის გამავრცელებელთა ასოციაცია საერთაშორისო გამომცემელთა ასოციაციის წევრებში 2008 წლიდან ირიცხება. ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, გამომცემელი გვანცა ჯობავა დღეს IPA-ის ვიცეპრეზიდენტია.

აზერბაიჯანში საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს კურირებს აზერბაიჯანელ ავტორთა საზოგადოება (AzAuthor). ბაქოს წიგნის საერთაშორისო ბაზრობას, თბილისისგან განსხვავებით, კერძო კომპანია Caspian Event Organisers უწევს ორგანიზებას. აზერბაიჯანში ვითარებას ართულებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. ჟურნალისტები და მწერლები ხშირად ხდებიან შევიწროების და სახელმწიფო კონტროლის მსხვერპლი. მთავრობას შეუძლია მათთვის ქვეყნიდან გასვლის უფლების შეზღუდვა. 2019-2020 წლებში საქართველოს პენ ცენტრის პატრონაჟით საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი ჰქონდა დევნილ აზერბაიჯანელ მწერალ რაშად რამაზანოვს. საქართველოს აფარებდა თავს აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი აფგან მუხთარლიც, რომელიც თბილისიდან 2017 წელს საეჭვო ვითარებაში გაიტაცეს, რის შემდეგაც მუხთარლი აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა.

გამომცემლობები

2016-2020 წლის კვლევის მიხედვით, საქართველოს ბაზარზე 50-მდე აქტიური გამომცემლობაა. კვლევაში მონაწილეობას 32 მათგანი იღებდა. ბაზარზე ასევე არის რამდენიმე წიგნის გამავრცელებელი და 20-მდე წიგნის მაღაზია (ქსელური და დამოუკიდებელი). საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი 2020 წელს გამოკითხული 32 გამომცემლიდან მხოლოდ 13%-ს ჰქონდა.

2016-2020 წლის შედეგებით, დასახელებების რაოდენობით და ჯამური ტირაჟით ლიდერობენ გამომცემლობა პალიტრა L და სულაკაურის გამომცემლობა.

ყველაზე პოპულარული, მხატვრული ლიტერატურის კატეგორიაში სამი წამყვანი გამომცემლობა გამოიკვეთა: პალიტრა L, სულაკაურის გამომცემლობა და ინტელექტი. იმავენაირად ნაწილდება რეიტინგი 2020 წელს მხატვრული ლიტერატურის კატეგორიიდან მიღებული შემოსავლის მიხედვით.

გამოკითხული გამომცემლების 80-90% ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალში. 45-60% კი საერთაშორისო წიგნის ბაზრობებში.

ჯერ კიდევ 2016 წელს თარგმნილი ლიტერატურის დასახელებების რაოდენობა აჭარბებდა ქართულენოვანი ლიტერატურისას. 2020 წლის მონაცემებში ეს სურათი შეცვლილია, ქართულენოვანი ლიტერატურა გამოცემული წიგნების 52%-ს შეადგენს, უცხო ენიდან თარგმნილი კი, — 45%-ს.

ლიტერატურული პრემიები

ლიტერატურის განვითარებაში და შემოქმედებითი პროცესის წახალისებაში კონკურსებსა და პრემიებს დიდი როლი აქვს. მასშტაბითა და ცნობადობით ყველაზე მნიშვნელოვანია ეს სამი ლიტერატურული პრემია:

ლიტერატურული პრემია საბა რომელიც ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ ჯილდოდ ითვლება, 2002 წელს დაფუძნდა. საბას ბაზაზე მოგვიანებით შეიქმნა ელექტრონული წიგნების პირველი პლატფორმა საქართველოში. საბა გაიცემა სხვადასხვა ჟანრულ ნომინაციებში და ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის აღსანიშნავად.

2010-2018 წლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქვეყნის მოწინავე უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში) ატარებდა ლიტერატურულ კონკურსს და გასცემდა სოლიდურ პრემიას წლის საუკეთესო რომანისთვის.

კიდევ ერთი დიდი ლიტერატურული პრემია 2015 წელს დააარსა მწერალთა სახლმა კულტურის სამინისტროსთან ერთად. ლიტერა, საბასგან განსხვავებით სახელმწიფო პრემია იყო. გამარჯვებულებს, საბას მსგავსად, ხუთკაციანი დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენდა, რომელსაც მწერალთა სახლის მენეჯმენტი აკომპლექტებდა. საბასგან განსხვავებით “ლიტერას” ჰქონდა წიგნის საუკეთესო დიზაინის, ნომინაცია, მაგრამ არ აჯილდოებდა თარგმანს. 2021 წელს მწერალთა სახლმა დააარსა ლიტერა მთარგმნელებისთვის, რომელიც რამდენიმე ნომინაციაში გაიცემოდა სხვადასხვა ჟანრის თარგმნილ ლიტერატურაში. პრემია მხოლოდ ერთხელ ჩატარდა, 2021 წლიდან სამინისტრომ ორივე ლიტერას დაფინანსება შეუწყვიტა.

კულტურის სამინისტრომ ლიტერას ალტერნატივად სხვადასხვა პრემიები დააწესა. ხშირად დაჯილდოება წიგნების მიღებიდან იმდენად მოკლე დროში ინიშნება, რომ ამ კონკურსებს ლეგიტიმაცია და სანდოობა არ აქვს. მწერლების და გამომცემლების დიდ ნაწილს სამინისტროს პრემიაზე წიგნები არ შეაქვს.

წიგნის ცენტრი

საქართველოს ეროვნული წიგნის ცენტრი ქართული ლიტერატურის ხელშეწყობის და საზღვარგარეთ პოპულარიზაციის მიზნით 2014 წელს დაფუძნდა. წიგნის ცენტრმა გაუწია ორგანიზება უპრეცედენტოდ წარმატებულ პროექტს „საქართველო — 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა“.

საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგა. ამ პროექტისთვის მზადება ქართველმა გამომცემლებმა ჯერ კიდევ 2007-2009 წლებში დაიწყეს, როდესაც ლიტერატურის მხარდაჭერა ქვეყნის კულტურის პოლიტიკის პრიორიტეტი გახდა. 2014-2018 წლებში ცენტრი ორგანიზებას უწევდა სხვადასხვა პროექტებს, რომლებიც საპატიო სტუმრობისთვის ამზადებდა ქართულ საგამომცემლო სექტორს. ცენტრი ატარებდა ქართველი და გერმანელი გამომცემლების პროფესიულ შეხვედრებს და ფორუმებს, მთარგმნელობით სემინარებს. საქართველოს ეროვნული სტენდი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 2014 წლიდან უკვე გამომცემელთა ასოციაციის და საქართველოს ეროვნული წიგნის ცენტრის ერთობლივი პროექტი გახდა. წიგნის ცენტრში გაჩნდა პირველი მთარგმნელობითი სუბსიდიის პროგრამა, რომელიც ქართული ლიტერატურის სხვა ქვეყნებში გამოცემას უწყობდა ხელს. მათი საქმიანობის შედეგად, საქართველო 2018 წლის საპატიო სტუმრის სტატუსს და პროექტს სრულიად განსხვავებული რეალობით შეხვდა. ქართულ ლიტერატურას გერმანიაში ამ დროს უკვე ძალიან კარგად იცნობდნენ, და თავად პროექტიც დიდი წარმატებით ჩატარდა. საქართველოს საპატიო სტუმრობას გერმანულ და მსოფლიო პრესაში ძალიან კარგი გამოხმაურებები მოჰყვა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელობა მას დღემდე იხსენებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პროგრამას. 2018 წლის ოქტომბერში შპიგელი წერდა (Georgien ist spannend. Doch! Wirklich!) “საქართველო შთამბეჭდავია! მართლა შთამბეჭდავი!”.

მწერალთა სახლი

მწერალთა სახლი საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებაა. საპრეზენტაციო სივრცესთან ერთად მაჩაბლის 13-ის ისტორიულ შენობაში (რომელიც მეცენატმა დავით სარაჯიშვილმა მე-20 საუკუნის დასაწყისში ააშენა, 1921 წელს მწერალთა კავშირს გადაეცა და მას შემდეგ საბჭოთა ტერორისა და არაერთი ტრაგიკული მოვლენის მოწმე გახდა) მოქმედებს მწერლების რეზიდენცია, დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი და რეპრესირებული მწერლების მუზეუმი. საზოგადოებრივი სივრცის რესტავრაციისა და მართვის გარდა მწერალთა სახლი კურირებდა სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებს; ატარებდა ლიტერატურულ პრემიებს, კონკურსებს, ფესტივალებს; აფინანსებდა ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთების კონკურსს.

2019 წელს სახელმწიფოს ჩარევის შემდეგ, (იხ. ქვემოთ) მოხდა რეორგანიზაცია და ეროვნული წიგნის ცენტრი მწერალთა სახლს შეუერთდა. ამ შეერთების შემდეგ, მწერალთა სახლის პროფილს დაემატა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდის ყოველწლიური წარდგენა წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან თანამშრომლობით; მთარგმნელობითი სუბსიდიის პროგრამა; გამომცემლების ფორუმ-დიალოგი; მთარგმნელობითი სემინარები.

Data and infographics from the presentation of the Writers’ House report in 2023Data and infographics from the presentation of the Writers’ House report in 2023© Writers’ House of Georgia

2023 წლის ანგარიშის მიხედვით, 2013-2022 წლებში წიგნის ცენტრისა და მწერალთა სახლის ხელშეწყობით 44 სხვადასხვა ენაზე ითარგმნა 550 ქართული დასახელება.

550 წიგნიდან ყველაზე მეტი დასახელება გერმანულ ენაზე ითარგმნა. 2019 წლიდან გააქტიურდა კომუნიკაცია ფრანგულ, ხოლო 2021 წლიდან ესპანურენოვან გამომცემლებთან. ფრანგულ ენაზე თარგმნილი წიგნების რაოდენობა 2019 წლის შემდეგ მწერალთა სახლის მხარდაჭერით გამოცემული წიგნების სტატისტიკაში მეორე ადგილზეა.

2021 წელს ქართული ლიტერატურისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი განხორციელდა. თბილისმა იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი მიიღო. ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში არაერთი კულტურული და საგანმანათლებლო პროექტი ჩატარდა. მწერალთა სახლის, გამომცემელთა ასოციაციის და „წიგნის დედაქალაქის“ დელეგაციები ქართველ მწერლებთან ერთად ქართული სტენდით პირველად წარდგნენ სამხრეთ ამერიკის ყველაზე მნიშვნელოვან, გვადალახარის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე. 2022 წელს მწერალთა სახლი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კოლექტიურ სტენდის მიწვევით ასევე წარმოდგენილი იყო ბუენოს აირესის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე.


ლიტერატურული ორგანიზაციები და სახელმწიფო

2004 წლიდან მთავრობამ დაიწყო ლიტერატურული პროექტების მხარდაჭერა. 2000-იანი წლების მიწურულს ლიტერატურული პროექტების უმეტესობას სახელმწიფო აფინანსებდა. ამ პერიოდში დაფინანსების მოდელიც შეიცვალა. დაარსდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობაში სახელმწიფო თითქმის არ ერეოდა. გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის დასაცავად, ორგანიზაციებს ჰყავდათ კულტურის სფეროს წარმომადგენლებისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც, ჩვეულებრივ, ორ წელიწადში ერთხელ იცვლებოდა. წიგნის ეროვნული ცენტრი და მწერალთა სახლი (კინოცენტრთან ერთად) შედარებით დამოუკიდებელი წარმატებული კულტურული ინსტიტუტების მაგალითები იყვნენ.

2012 წელს, ხელისუფლებაში მოსული “ქართული ოცნების” მთავრობის პირობებში, სსიპების ფუნქციონირება თავიდან შეუფერხებლად და სახელმწიფოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობდა. თუმცა, კიდევ ერთ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მმართველმა პარტიამ პოლიტიკა ეტაპობრივად შეცვალა.

2017 წელს კულტურის სამინისტრო უხეშად ცდილობდა ეროვნული წიგნის ცენტრის გუნდის სამუშაო პროცესში ჩარევას და ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროექტის შინაარსობრივ კონტროლს. მწერლებისა და გამომცემლობების მხარდაჭერით წიგნის ცენტრის გუნდმა შეძლო შემოქმედებითი დამოუკიდებლობის შენარჩუნება და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტის წარმატებით ჩატარება, თუმცა, ეს დაპირისპირება 2018 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენების კატალიზატორი აღმოჩნდა.

2019 წელს, კულტურის სამინისტროს დადგენილებით გაუქმდა საქართველოს ეროვნული წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი, მათი საქმიანობა კი ახალი ორგანიზაციის, ქართული ლიტერატურული ფონდის ქვეშ გაერთიანდა. ამ ცვლილებას ლიტერატურულ საზოგადოებაში და საგამომცემლო სექტორში ხმაურიანი და ხანგრძლივი პროტესტი მოჰყვა, თუმცა 2019 წლის ივნისში სამინისტრომ გადაწყვეტილება მაინც აღასრულა. მწერალთა სახლის და წიგნის ცენტრის დირექტორები, ნატაშა ლომოური და მედეა მეტრეველი თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. დარჩენილი თანამშრომლების ნაწილი ასევე გაათავისუფლეს, ნაწილმა კი თავად დატოვა სამსახური.

ლიტერატურულმა ფონდმა მხოლოდ ორიოდე თვე იარსება. ამ მოვლენებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ შეიცვალა კულტურის მინისტრი. ახალმა მინისტრმა თავიდან წამოიწყო დიალოგი სფეროს წარმომადგენლებთან. გამომცემლების და მწერლების ბოიკოტის და ამ მოლაპარაკებების შედეგად, ლიტერატურული ფონდი გაუქმდა და თავიდან დაარსდა სსიპ „მწერალთა სახლი“. მისი ხელმძღვანელის პოზიციაზე ოთხი წლის ვადით (განსხვავებით წინა, უვადო თანამდებობისგან) დაინიშნა ნატაშა ლომოური და მასთან ერთად დაბრუნდა უკლებლივ ყველა თანამშრომელი. მწერალთა სახლს შეუერთდა ყოფილი ეროვნული წიგნის ცენტრი და მისი გუნდის დიდი ნაწილი.

2021 წელს, კულტურის მინისტრად დაინიშნა თეა წულუკიანი, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან 2019 წლამდე იუსტიციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. თეა წულუკიანი ამ დროს უკვე ცნობილი იყო კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მიუღებელი პოლიტიკის გატარებით. მათმა დიდმა ნაწილმა წულუკიანის კულტურის მინისტრობა თავიდანვე უარყოფითად შეაფასა.

თეა წულუკიანის პოლიტიკამ ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად შეუტია კულტურის ყველა ფლანგს, — მუზეუმებს, ეროვნულ კინოცენტრს და ლიტერატურულ ინსტიტუციებს. 2021 წელს, ლიტერატურული პრემია ლიტერას მენეჯმენტში კულტურის სამინისტროს უხეში ჩარევას ბოიკოტით შეხვდნენ ქართველი მწერლები და გამომცემლები. მათ არ მიიღეს სამინისტროს ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც პრემიის ჟიურის ერთი წევრი აუცილებლად უნდა ყოფილიყო კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი. პრემია ჩაიშალა და იმავე წელს საქართველოს პენ ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ალტერნატიული „თავისუფალი ლიტერა“. 2022 წლიდან კულტურის სამინისტრომ დაფინანსება შეუწყვიტა ლიტერას და ლიტერატურულ ფესტივალებს. 2022-2023 წლებში თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი და თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი (რომელიც მწერალთა სახლში 2015 წლიდან იმართებოდა) სამინისტროს დაფინანსების გარეშე ჩატარდა. ქვეყნის ლიტერატურული ინსტიტუციები არასდროს ემხრობოდნენ ცენზურას და ბენეფიციარების პოლიტიკური ნიშნით გამორჩევას. მწერლების დიდი უმრავლესობა კი მკვეთრად კრიტიკული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკის მიმართ.

პოლიტიკური და სოციალური სიტუაცია ქვეყანაში განსაკუთრებით დაიძაბა 2021 წელს უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, რადგან ხელისუფლებამ არ დაიჭირა ღიად რუსეთის მოწინააღმდეგე და დამგმობი პოზიცია, და თავიდანვე მხოლოდ ბუნდოვანი განცხადებებით შემოიფარგლებოდა. საპროტესტო ტალღამ პიკს 2023 წლის მარტში მიაღწია, როდესაც მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტის მიერ ინიციირებული რუსული ტიპის „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონი ხალხმრავალი დემონსტრაციებით გააპროტესტეს. პროტესტის ჩახშობას ძალოვნები წყლის ჭავლითა და ცრემლსადენი გაზით ეცადნენ. რამდენიმედღიანი გამოსვლების შემდეგ, პარლამენტმა ჩააგდო კანონი, რომელიც იქამდე პირველადი კენჭისყრით 76 დეპუტატის ხმით მიიღო.

2023 წლის აგვისტოში მწერალთა სახლის ახალ დირექტორად ქეთევან დუმბაძე დაინიშნა. დუმბაძე საქართველოს პარლამენტის წევრი იყო ქართული ოცნების სიით, რომელმაც ზემოხსენებული რუსული მოდელის კანონს მხარი დაუჭირა.

მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების დიდი ნაწილი ამ ცვლილებას შეეწინააღმდეგა. თავდაპირველად გაავრცელეს კოლექტიური პეტიცია, სადაც ითხოვდნენ გადაწყვეტილების გაუქმებას და მწერალთა სახლის ახალი ხელმძღვანელის არჩევნების გზით დანიშვნას. 4 სექტემბრის შემდეგ, როდესაც ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლის დირექტორის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, სფეროს 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა გაავრცელა განცხადება და ბოიკოტი გამოუცხადა კულტურის სამინისტროს. ისინი ემიჯნებიან სამინისტროს საქმიანობას და უარს ამბობენ მისგან მხარდაჭერისა და დაფინანსების მიღებაზე.

Collective Stand of Georgian Publishers at Frankfurt Book Fair 2023Collective Stand of Georgian Publishers at Frankfurt Book Fair 2023© Image courtesy of the organizers

მოვლენების ასეთი განვითარების შედეგად, წელს ფრანკფურტში არ იქნება გამომცემელთა ასოციაციის და მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებული საქართველოს ეროვნული სტენდი. თუმცა, ბოიკოტში მყოფმა გამომცემლებმა, შეძლეს მობილიზება და თავისუფალი კოლექტიური სტენდის ორგანიზება. ფრანკფურტში ასევე გამომცემლობების ხელშეწყობით მიდიან მწერლები, რომელთა წიგნები გერმანულად 2023 წელს გამოიცა. სტენდის ბრენდინგი საქართველოს ევროინტეგრაციისკენ მისწრაფებასა და ქართული წინააღმდეგობის ისტორიას წარმოაჩენს, სლოგანით Georgian Characters in Resistance. ფრაზა 2018 წლის ფრანკფურტის საპატიო სტუმარი ქვეყნის ოფიციალურ სლოგანს Georgia Mage by Characters და ქართული კულტურის პოლიტიკისადმი მწერლებისა და გამომცემლების წინააღმდეგობას აერთიანებს. იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ წელს საქართველოს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა არ ჩავარდა. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, სახელმწიფოს მდგრადი მხარდაჭერის გარეშე, ლიტერატურის ხელშეწყობა და საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიურობა ძალიან რთული იქნება. თეა წულუკიანის კონტროლის პოლიტიკის გამო კი კულტურის სამინისტროსთან ნებისმიერი დიალოგი და თანამშრომლობა ჩიხშია შესული.

[∗] ნუკა ღამბაშიძე — კულტურის მენეჯერი. სწავლობდა მარკეტინგს და ბიზნესის ადმინისტრირებას კავკასიის უნივერსიტეტში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურის შედარებითი კვლევების მაგისტრი. 2016-2023 წლიდან მუშაობდა მწერალთა სახლში და კურირებდა საერთაშორისო ლიტერატურულ პროექტებს და ლიტერატურულ ფესტივალს. იყო პროექტის "საქართველო - საპატიო სტუმარი ქვეყანა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე" საგამომცემლო პროგრამის კოორდინატორი 2018 წელს. მუშაობდა საქართველოს პენ ცენტრის საერთაშორისო პროექტებზე 2020-2021 წლებში. ამჟამად არის ქართული ლიტერატურის უფლებების მენეჯერი სულაკაურის გამომცემლობაში.

LATEST
Das Leben unterm TischBelarus
Das Leben unterm Tisch 

Im Angesicht der ungewissen Zukunft spielt eine belarussische Schriftstellerin mit der Vergangenheit

20 December 2023
Russlands MitschuldArmenia
Russlands Mitschuld 

Wie Russland im Spiel um seine eigenen geopolitischen Interessen den Berg-Karabach-Konflikt als Trumpf nutzte

12 December 2023