7 August 2023Georgia

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი საქართველოსათვის

საუბარი პოლიტიკოსებთან და ექსპერტებთან

by OWM
© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgia


2022 წლის ივნისში უკრაინამ და მოლდოვამ ევორკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღეს, ხოლო საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა ევროკავშირის 12 მოთხოვნის შესრულების პირობით. წლის ბოლოს ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. საქართველოში პოლიტიკური ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შიშობენ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა საქართველოს ევროინტეგრაციის ჩაშლას ცდილობს და საქართველო რუსეთის ორბიტაზე გადაჰყავს. კანდიდატის სტატუსის საკითხებზე გავესაუბრეთ პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს, გიგა ბოკერიას, პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარეს, ანა ბუჩუკურს, პარტია „საქართველოსათვის“პოლიტსაბჭოს წევრს, სალომე სამადაშვილს, პარტია „ლელოს“ პოლიტიკურ მდივანს და თორნიკე გორდაძეს, პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელს, ჟაკ დელორის ინსტიტუტის მკვლევარს.

ქართული   English   Deutsch   Русский


ანა ბუჩუკური
სალომე სამადაშვილი
გიგა ბოკერია
თორნიკე გორდაძე

ანა ბუჩუკური

[სარჩევში დაბრუნება]

© Parliament of Georgia

საქართველო დღეს პარადოქსულ სიტუაციაშია, ერთი მხრივ, მთავრობა პრინციპულად არ ასრულებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას, მეორე მხრივ, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და აი რატომ:

რუსეთის აგრესიამდე უკრაინაში, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, იყო, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ფრთხილი. ვიცით, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა ამ პროცესში. ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა შექმნა რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე. 2008 წლის ომიც არ უნდა დაგვავიწყდეს: დღეს ჩვენი ევროპელი პარტნიორები იაზრებენ იმას, რომ რუსეთის საქართველოზე თავდასხმის დროს მათი რეაქცია რომ განსხვავებული ყოფილიყო, დიდი ალბათობით შესაძლებელი იქნებოდა, პუტინს და მის რეჟიმს აღარ გაებედათ უკრაინაზე თავდასხმა. ესეც არის ერთ-ერთი არგუმენტი იმის სასარგებლოდ, რომ საქართველოსათვის ევროპული პერსპექტივის ფანჯარა არ დაიხუროს.

მიუხედავად ამისა, შესაძლებლობის ეს ფანჯარა დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება ღია. ჩემთვის, ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ეს ფანჯარა, იმისდა მიუხედავად როგორი მთავრობა გვყავს ახლა და მიუხედავად იმისა, რომ ეს მთავრობა არ ასრულებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას, ღია დარჩეს.

ჩვენი შეფასებით ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტიდან მხოლოდ ორია შესრულებული. მთავრობა განსაკუთრებით იმ რეკომენდაციების შესრულებაზე ამბობს მკაფიო უარს, რომელიც მის ძალაუფლებას შეარყევს: ხელისუფლების დაბალანსება, ძალაუფლების დანაწილება, ანტიკორუფციული რეფორმები, სასამართლოში კლანური მმართველობის დასრულება. არცერთი რეკომენდაცია, რომლის შეუსრულებლობაში ხელისუფლება პოლიტიკურადაა დაინტერესებული, არ სრულდება. გენდერული მიმართულებით, მაგალითად, მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, იმიტომ რომ ამ საკითხში მთავრობა პოლიტიკურ ინტერესს ნაკლებად ხედავს. ასევე, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების ასახვა საკანონმდებლო ბაზაში უპრობლემოდ შესრულდა, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი პირდაპირ უკავშირდება ძალაუფლების დაკარგვის შიშს და შესაბამისად არ სრულდება.

ოპოზიციის დიდი ნაწილისაგან განსხვავებით, ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით იმ არაფორმალურ სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც პარლამენტში შეიქმნა. ყველა ამ ჯგუფში წარმოვადგინეთ ჩვენი რეკომენდაციები და შემოთავაზებები, მაგრამ არცერთი მათგანი არ გაუთვალისწინებიათ, სწორედ ამ მიზეზის გამო: ხელისუფლება ამ რეკომენდაციებს არ ასრულებს ძალაუფლების დაკარგვის შიშით.

თუმცა, მიუხედავად იმისა, როგორია ხელისუფლება — და ხელისუფლება რომ სტატუსს არ იმსახურებს ამაზე ორი აზრი არ არსებობს — კანდიდატის სტატუსი ენიჭება სახელმწიფოს, საქართველოს და მის ხალხს. აქ უნდა გავითვალისწინოთ საქართველოს გეოპოლიტიკური ვითარებაც: ევროკავშირის კარის ჩვენთვის დახურვა საქართველოს სრული იზოლაციის ტოლფასია. იზოლაცია კი ავტომატურად ნიშნავს საქართველოს რუსეთის გავლენის ქვეშ დატოვებას. რამდენსაც არ უნდა ლაპარაკობდეს მთავრობა და მისი დაქირავებული ექსპერტები ნეიტრალიტეტის შესახებ, ისინი მხოლოდ კრემლის ნარატივს იმეორებენ. საქართველოს მხოლოდ ორი გზა აქვს: ერთი არის თავისუფალი სამყარო, ეს კი არის ევროკავშირი და ნატო, მეორე კი — რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნა.

რა თქმა უნდა, არსებობს საშიშროება, რომ ხელისუფლება შეეცდება მიიწეროს წარმატება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და იმის საშიშროებაც, რომ მთავრობა ამას საკუთარი ძალაუფლების გამყარებისათვის გამოიყენებს. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა შევხედოთ, რა დევს სასწორზე: ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ ქვეყანამ აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ევროპული პერსპექტივა. ჩემთვის ამოსავალი ის არის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს უარი ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე სწორედ გეოპოლიტიკური საფრთხეებიდან გამომდინარე. ეს საქართველოსთვის ბევრად უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე სხვა ქვეყნისთვის იქნებოდა, იმიტომ რომ საქართველო ოკუპირებული ქვეყანაა, იმიტომ რომ საქართველო ტერიტორიულად უშუალოდ არ არის დაკავშირებული ევროკავშირთან, ამიტომ კანდიდატის სტატუსის დაკარგვა საქართველოსათვის უკიდურესად მტკივნეული იქნებოდა.

შესაძლებელია სტატუსის მინიჭება პოლიტიკურად დაუკავშირდეს გარკვეულ პირობებს. რა პირობები იქნება ეს, კონკრეტულად ვერ ვიტყვით, შეიძლება ეს იყოს ის, თუ როგორ ჩატარდება 2024 წლის არჩევნები, ან სხვა დამატებითი პირობები, მნიშვნელოვანია, რომ ეს პირობა იყოს მკაფიო.

მაგალითად რომ ავიღოთ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ რუსული კანონის გაწვევა, აქ სამმა ფაქტორმა ერთობლივად იმუშავა. ეს იყო საპარლამენტო პროცესები, საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი ჩვენი პარტნიორების ძალიან მკაფიო გზავნილები. ჩვენი პარტნიორები არ შემოფარგლულან ზოგადი განცხადებებით მათ მთავრობას ლავირების საშუალება არ დაუტოვეს. რა თქმა უნდა, ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მეთოდები ერთნაირად არ მოქმედებს, მიუხედავად ამისა, როდესაც არსებობს სინერგია, ის ყოველთვის გამოიღებს შედეგს. სტატუსთან დაკავშირებითაც ჩვენი პარტნიორების მკაფიო პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

რაც შეეხება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გარკვეულ პირობებთან დაკავშირების მომენტს — ჯერ სტატუსს მოგვანიჭებენ და მერე მოგვთხოვენ გარკვეული პირობების შესრულებას თუ პირიქით, ჯერ გარკვეული პირობების შესრულებას მოგვთხოვენ და მერე მოგვანიჭებენ სტატუს — ჩემთვის ეს ორივე შესაძლებლობა მისაღებია. მთავარია, რომ საქართველომ, როგორც სახელმწიფომ და ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ჩვენთვის ევროკავშირის კარი ღია დარჩეს.

ღია დარჩეს იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეთა 80-90% თავის მომავალს უკავშირებს ინტეგრაციას ევროკავშირში და ნატოში. ღია დარჩეს იმიტომ, რომ თუ ეს ფანჯარა დაიხურა, 20 ან 25 წლის პერსპექტივაში საქართველომ ისევ წარსულში უნდა იცხოვროს.

სალომე სამადაშვილი

[სარჩევში დაბრუნება]

© Mirian Meladze

თუკი ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებს ისტორიულ პერსპექტივაში შევხედავთ, უდიდესი უსაფრთხოების კრიზისი გახდა საჭირო იმისათვის, რომ ევროკავშირს გადაედგა ნაბიჯი საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან სტრატეგიული ურთიერთობების დასამყარებლად.

2008 წლის ომმა ბიძგი მისცა ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობებს, როდესაც რუსეთის თავდასხმამ საქართველოზე ცხადი გახადა, რომ ის გადაიზარდა უსაფრთხოების კრიზისში, რომელიც ევროკავშირს უნდა მოეგვარებინა. ევროპული პარტნიორობის ინიციატივა, პირველი ნამდვილად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინიციატივა ჩვენს ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად, დიდწილად ამ კრიზისზე პასუხი იყო. თუმცა, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა ევროკავშირს მაშინ არც განუხილავს. მრავალი მცდელობის მიუხედავად, პრაღის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაში ვერ შევიდა ჩანაწერი ამ ქვეყნებისათვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ. ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობა მკაფიოდ უსვამდა ხაზს, რომ აღმოსავლეთის პარტნიორობა არ იყო ევროკავშირის წევრობის გზა.

სამწუხაროდ, უსაფრთხოების კიდევ ერთი დიდი კრიზისი, რუსეთის უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა, გახდა საჭირო იმისათვის, რომ ეს მიდგომა შეცვლილიყო. ომმა შეუძლებელი შესაძლებელი გახადა: უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა — მისთვის კანდიდატის წევრობა დაუკავშირდა ევროკომისიის თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებას, რომლებიც მოიცავდა სასამართლო, ანტიკორუფციულ და სხვა რეფორმებს.

ეს იყო წინ გადადგმული ნაბიჯი და მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილება ევროკავშირის პოლიტიკურ აზროვნებაში. სამივე ქვეყანამ სამეზობლო პოლიტიკიდან ევროკავშირის გაფართოების კალათაში გადაინაცვლა.

მიუხედავად ამისა, მომავალი ჯერაც ბუნდოვანია, განსაკუთრებით საქართველოსათვის. მაშინ, როდესაც ევროპულმა საბჭომ წლის ბოლოს უნდა გადაწყვიტოს, დაიწყოს თუ არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, საქართველო ჯერ კიდევ ელის გადაწყვეტილების კანდიდატის სტატუსის შესახებ. თუ ეს არ მოხდა და უკრაინამ და მოლდოვამ წინსვლა საქართველოს გარეშე გააგრძელეს, აღმოსავლეთის პარტნიორობის ტრიო იოლად შეიძლება გადაიქცეს „დუოდ“.

ევროკომისიის შიდა ანგარიში სანუგეშო არ ყოფილა: შესრულებულად თორმეტიდან სამი რეკომენდაცია ჩაითვალა. სანუგეშო არც საქართველოს მთავრობის პასუხი ყოფილა: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 30 ივნისს პარლამენტში გამოსვლისას რეკომენდაციები შესრულებულად ჩათვალა. ნათელია, რომ საქართველოს მთავრობას სხვა გეგმა აქვს და ევროკავშირის მოთხოვნების თანახმად რეფორმების განხორციელების არ აპირებს. პირიქით, მმართველ უმრავლესობა აპირებს საპრეზიდენტო ვეტოს დაძლევას, რათა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანით გააძლიეროს კონტროლი საარჩევნო ადმინისტრაციაზე. მთავრობას არ აპირებს რეფორმების ჩატარებას არც სასამართლო, არც სხვა სფეროებში, სადაც ევროკავშირი ამას მოითხოვს. მთავრობის გზავნილი ნათელია — ევროკავშირს შეუძლია მიგვიღოს როგორებიც ვართ, არარეფორმირებულები, კორუმპირებულები და სულ უფრო ავტორიტარულები. ისე ჩანს, რომ თუ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, მმართველ პარტიას განზრახული აქვს წარუმატებლობის ან ოპოზიციის ან არასამთავრობო სექტორისათვის დაბრალება, რომლებმაც ხელი შეუშალეს სტატუსი მიღებას, ანაც სულაც ევროკავშირის დადანაშაულება — პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ევროპის სახალხო პარტია გლობალური ომის პარტიად გამოაცხადა და კიდევ გაიმეორა ნარატივი იმის შესახებ, რომ ევროკავშირი საქართველოსგან კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნას ითხოვს.

გახანგრძლივდება თუ არა ოლიგარქიული მმართველობა საქართველოში იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი მაინც მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს ანტი-ევროპულ, ღრმად კორუმპირებულ მთავრობას, რომელიც ხშირად დგას რუსეთის კურსზე? ნათელია, რომ მმართველი პარტია კანდიდატის სტატუსს მხოლოდ მისი საარჩევნო ღირებულების თვალსაზრისით უყურებს. ის უკვე ემზადება იმ შემთხვევისათვის, თუ კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ. 2023 მარტის პროტესტები, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა მთავრობას უცხოელი აგენტების შესახებ რუსული კანონპროექტის გაწვევა აიძულეს, ისევე როგორც 2019 წლის ივნისის მოვლენები (პროტესტები, გამოწვეული საერთაშორისო კონფერენციით, რომელსაც მასპინძლობდა საქართველოს პარლამენტი და თავმჯდომარეობდა რუსეთის დუმის დეპუტატი გავრილოვი) ნათლად გვიჩვენებს, როგორ უპასუხებდნენ ქართველები ევროპული გზიდან გადახვევის და რუსეთის კურსზე გადასვლის მცდელობებს. თუკი ეს იყო ქართველი ხალხის გამოცდა, როგორ უპასუხებს ის ევრო-ატლანტიკური გზიდან გადახვევას, მაშინ ეს გამოცდა წარმატებითაა ჩაბარებული და ყველა პოლიტიკური პარტიას, რომელიც ღიად დაუჭერს მხარს პრორუსულ კურსს დიდ საშიშროებას უქმნის. ასე რომ, თუკი ქართულ ოცნებას კანდიდატის სტატუსის მიღება სურს, ეს კი ძალიან სათუოა, ის მას მხოლოდ 2024 წელის საპარლამენტო არჩევნებზე ხელისუფლებაში დარჩენის ინსტრუმენტად განიხილავს.

რას ნიშნავს ეს ევროკავშირისათვის? ევროკავშირი დილემის წინაშე დგას, გამოიყენოს გეოპოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმისათვის რომ კანდიდატების ტრიო შეინარჩუნოს, თუ გამოიყენოს წარმატებაზე დაფუძნებული მიდგომა, რომელიც გულისხმობს გადაწყვეტილების გადადებას იქამდე, სანამ საქართველოს ეყოლება ისეთი მთავრობა, რომელიც ევროკავშირის პირობებს შეასრულებს.

ამასობაში, საქართველოს მოქალაქეებს სურთ არა უბრალოდ კანდიდატის სტატუსი, უმრავლესობამ ზუსტად არც კი იცის, რას ნიშნავს ის, არამედ ევროპული მომავალი: ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკა, დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები, დასაქმება, უსაფრთხოება, მშვიდობა და კეთილდღეობა — ყველაფერი ის, რასაც მათთვის ევროპა განასახიერებს. საამისოდ საჭიროა იმ რეფორმების გატარება, რომელიც ახლანდელმა მთავრობამ ვერ გაატარა და თუკი მისი ძალაუფლება გაძლიერდა, დიდი ალბათობით არც მომავალში გაატარებს. პირიქით, ის, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გააძლიერებს თვის ავტოკრატიულ მმართველობას და არჩევნების შემდეგ შეეცდება დარჩენილი დამოუკიდებელი ოპოზიციის და თავისუფალი მედიის განადგურებას. ქართულმა ოცნებამ მწვანე შუქი აუნთო ძალადობრივ კამპანიას თავისი ოპონენტების წინააღმდეგ, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ქართული ოცნება ქვეყნის სრულ დამორჩილებას შეეცდება. ქართული ოცნება ყველაფერს გააკეთებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, რადგანაც მას ბევრი აქვს დასაკარგი —რაც უფრო კორუმპირებულია მთავრობა მით უფრო საშიშია მისთვის ძალაუფლების დაკარგვა.

ამასობაში, საქართველოს ჭირდება არა მარტო კანდიდატის სტატუსი, არამედ ჭეშმარიტი ევროპული ინტეგრაციის სწრაფი პროცესი. ჩვენ არ გვჭირდება ბალკანიზაციის პროცესი, იმას ვგულისხმობ, რომ ბალკანეთის ზოგიერთმა ქვეყანამ ევროპული ინტეგრაციის პროცესი იმისთვის გამოიყენა, რომ მმართველი ელიტების ძალაუფლება განემტკიცებინა, მაგრამ არ დაუჩქარებია გაწევრიანების პროცესი რეფორმების ჩაუტარებლობის გამო. საქართველოს ჭირდება ევროკავშირის წევრობა და არა ისეთი კანდიდატის სტატუსი, რომელიც ათწლეულობით გაიწელებოდა, მას ჭირდება სწრაფი პროგრესი, რომლის წინაპირობა პოლიტიკური ცვლილებაა. ამიტომ, თუკი ევროკავშირი ეძებს გზებს, რომ დაეხმაროს ქართველ ხალს, ჰყავდეს უფრო დემოკრატიული. ანგარიშვალდებული და ეფექტიანი მთავრობა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ამ მიზნის მისაღწევ ინსტრუმენტად უნდა განვიხილოთ.

გიგა ბოკერია

[სარჩევში დაბრუნება]

© Tata Shoshiashvili / OC Media

კანდიდატის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტია ჩვენი ქვეყნისთვის, ოღონდ ამ ინსტრუმენტს ფასი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გვეყოლება ხელისუფლება, რომელსაც სურს ამ ინსტრუმენტის გამოყენება ჩვენი ქვეყნის რეალურად დასაახლოებლად ევროკავშირთან, ნატო-ში გასაწევრიანებლად და ზოგადად, დასავლურ სამყაროში დასაბრუნებლად. დღეს ჩვენ გვაქვს საპირისპირო ვითარება.

ივანიშვილის რეჟიმმა ომში საქართველოს ჩათრევის ცრუ ნარატივით დასავლეთთან დაპირისპირების და მისი დემონიზების კურსი აირჩია და ქართულ საზოგადოებაში სურს დანერგოს განწყობა, რომ დასავლეთიც ჩვენი მტერია და რომ მას “ ჩვენი გამოყენება უნდა თავისი მიზნებისთვის კერძოდ “ მეორე ფრონტის გასახსნელად” და საქართველოში სისხლისღვრა სურს. ეს ყველაფერი ქვეყნის შიგნით ავტორიტარიზმის გამკაცრებასთან და სამოქალაქო თავისუფლებების მნიშვნელოვნად შეზღუდვასთან ერთად, შეუძლებელს ხდის ამ რეჟიმის პირობებში ამ ინსტრუმენტის ეფექტურად გამოყენებას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს, პირველ რიგში, ფოკუსირებული უნდა იყოს დემოკრატიულ ცვლილებაზე ქვეყნის შიგნით და არავინ არ უნდა მოტყუვდეს, თითქოს კანდიდატის სტატუსი რეჟიმის შეცვლის გარეშე ქვეყანას უშველის.

„ევროპული საქართველოს“ ხედვით, წინასწარ და პროაქტიულად უნდა ვუთხრათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩვენი ფოკუსი უნდა იყოს ამ რეჟიმის პროდასავლური, დემოკრატიული ხელისუფლებით შეცვლაზე. ორივე სცენარის, კანდიდატის სტატუსის მიღების ან არმიღების შემთხვევაში, ჩვენ წინასწარ უნდა დავუპირისპირდეთ რეჟიმის პროპაგანდას, რომლის შინაარსიც უკვე ცნობილია.

თუკი მზარდი ავტორიტარიზმისა და დასავლეთისგან იზოლაციის პირობებში რეჟიმი სტატუსს გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო მაინც მიიღებს, მისი პროპაგანდა შეეცდება პროევროპული მოქალაქეების დარწმუნებას, რომ მათი კურსი, რეალურად, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელს არ უშლის და რომ ვითარება, როგორც მინიმუმ, საგანგაშო არ არის.

ამ შემთხვევაში, ბუნდოვანების შესანარჩუნებლად, რეჟიმი კვლავ განაგრძობს სხვადასხვა აუდიტორიასთან სხვადასხვა გზავნილით საუბარს, რეალურად კი, ქვეყნის შიგნით, პუტინისტური პოზიციების და შავრაზმული განწყობების გაძლიერებას.

მეორე შემთხვევაში, თუ რეჟიმის გამო კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ, ისინი მზად არიან ქართველ ხალხს უთხრან, რომ დასავლეთმა არა რეჟიმს, არამედ მათ უთხრა უარი. ამით ისინი ეცდებიან კიდევ უფრო გააღვივონ ნიჰილიზმი და დანერგონ უიმედობა, თითქოს დასავლეთმა ქართულ საზოგადოებას უღალატა.

ჩვენ ამასაც წინასწარ უნდა დავუპირისპირდეთ და წინასწარ გავაგებინოთ რაც შეიძლება მეტ მოქალაქეს, რომ რეჟიმის ცვლილებაა ჩვენი პირველადი ამოცანა. როცა პროდასავლური ხელისუფლება გვეყოლება, მაშინ შევძლებთ რეალური ნაბიჯების გადადგმას ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და შესაბამისად, კანდიდატის სტატუსის რეალურად, ეფექტურად გამოყენებასაც ქვეყნის ისტორიულ, დასავლურ ოჯახში დასაბრუნებლად.

თორნიკე გორდაძე

[სარჩევში დაბრუნება]

© Jasmine Martin

ევროკავშირის პოზიციიდან რომ შევხედოთ, ევროკომისია ყველაზე მეტადაა დაინტერესებული იმაში, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაგრძელდეს. ევროკომისიას ახასიათებს პროცესით დაინტერესება, ეს პროცესი წლებია არსებობს, მისთვის ეს ჩვეული რიტმია და ამ პროცესის გაჩერება ძალიან ცუდ პრეცედენტს შექმნიდა და უარყოფითად აისახებოდა მისი მუშაობის შეფასებაზეც.

საქართველოს ხელისუფლება, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, პირიქით, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს სტატუსი არ მიიღოს და თუკი მაინც მიიღებს, მაინც გააგრძელოს რუსეთთან დათბობის და მაამებლობის პოლიტიკა.

რაში ჭირდება ევროკავშირს საქართველო: საქართველო გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან რეგიონშია, ბევრი ტრანზიტული გზა, რომელიც აზიას ევროპასთან აკავშირებს, საქართველოზე გადის. შუა დერეფანი, რომელიც შუა აზიის გავლით გადის სამხრეთ კავკასიაზე და თურქეთზე, უფრო საინტერესო გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთი გამოეთიშა ან ნელ-ნელა ეთიშება გლობალურ ეკონომიკურ დინებებს. მართალია, ევროკავშირი უნდა განვასხვაოთ ევროკომისიისაგან და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისაგან, რომელთა შორის აზრთა სხვადასხვაობა ევროკავშირის გაფართოების შესახებ ყოველთვის უფრო დიდი იყო. ამის კვალობაზე, ევროკავშირი თუ გადაწყვეტს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ეს პირველ რიგში, გეოპოლიტიკური ხედვის გამო მოხდება, რომელიც გეოპოლიტიკისადმი ტრადიციულად სკეპტიკურად განწყობილი ევროკავშირისთვისაც კი უფრო მნიშვნელოვანი ხდება.

პრობლემა ის არის, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებას საქართველოს ხელისუფლება ხელს არანაირად არ უწყობს. ამ საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტაში ევროკავშირის და ევროკომისიის მთავარი მოკავშირე არის საქართველოს მოსახლეობა, რომლის უდიდესი ნაწილს მიესალმება ევროკავშირში ინტეგრაციას. ამას აჩვენებს ყველა გამოკითხვა. ამჟამად რეგიონში ისეთი სიტუაციაა, რომ არის სულ ორი შესაძლებლობა, რუსეთთან ინტეგრაცია და ევროპასთან ინტეგრაცია. ამიტომ იმ 80 თუ 85%-ისთვის, რომელიც ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, ევროკავშირი წარმოადგენს რუსეთის ალტერნატივას და უკავშირდება უკეთესი ცხოვრების სტანდარტებს, შემოსავლებს, სოციალურ დაცვას, ჯანმრთელობას, განათლებას და ასე შემდეგ.

უნდა მანიჭოს თუ არა ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ჩემი აზრით: რა თქმა უნდა, მაგრამ აქ მთავარია როდის და როგორ. ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა არ ასრულებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას. ნაკლებად მნიშვნელოვანი ორი თუ სამი მოთხოვნა შეიძლება შესრულებულია, დაახლოებით ამდენივე, ნაწილობრივაა შესრულებული, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნები, დეოლიგარქიზაცია, საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწა, სასამართლო რეფორმა, არათუ არ სრულდება, პირიქით, ამ სფეროებში რეგრესი შეინიშნება. საქართველოს მთავრობას უჭირავს ქედმაღლური პოზიცია, რომ ჩვენ სტატუსი ისედაც გვეკუთვნის, იმიტომ რომ უფრო წინ ვიყავით ვიდრე უკრაინა და მოლდოვა და თუკი ევროკავშირი სტატუსს არ მოგვცემს ეს იქნება ევროკავშირის და ასევე ქართული პოლიტიკური ოპოზიციისა და ქართული სამოქალაქო საზოგადოების ბრალი, რომელიც აკრიტიკებს ხელისუფლებას.

მთავრობას ორივე შემთხვევისთვის აქვს მზად თავისი რეაქცია. პირველი ესაა რუსული სცენარის ბოლომდე გათამაშება: რეპრესიების გაგრძელება, ავტორიტარული ტენდენციების უფრო სწრაფი განვითარდება, თავისუფლების ბოლო კუნძულების, უნივერსიტეტების და მედიის ნაწილის, საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევა და გეოპოლიტიკურად კიდევ უფრო დაახლოებას რუსეთთან. ეს შეუქცევადი პროცესია, იმიტომ რომ ასეთი ტიპის სახელმწიფოები ყოველთვის ექცევიან რუსეთის ორბიტაზე.

თუკი საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ივანიშვილის რეჟიმი იტყვის, რომ სტატუსის მიღება ევროკავშირის ყველა მოთხოვნის შესრულების შედეგია. რაც შეეხება მის გეოპოლიტიკურ ორიენტაციას, რუსეთთან დაახლოებას, ამას დიდი საფრთხე არ შეექმნება, იმიტომ, რომ, მათი არგუმენტაციით, წევრობის კანდიდატობა წევრობას არ ნიშნავს და შესაბამისად არ წარმოშობს გეოპოლიტიკურ ვალდებულებებს. მაგალითად, სერბეთი არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და შესანიშნავი ურთიერთობები აქვს რუსეთთან.

ევროკავშირი სტატუსის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკურად და არა მარტო ეკონომიკური ან სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით. ამიტომ ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ძალიან ჭკვიანური, ისეთი, რომ არ დაზარალდეს არც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი, პროევროპული ნაწილი, და არ მიეცეს ხელისუფლებას უფრო მეტი მანევრირების საშუალება, მეტი ავტორიტარიზმის დანერგვისთვის და უფრო სწრაფი სვლისთვის რუსეთის ორბიტაზე. თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ეს არ ხდება „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის „დამსახურების“ გამო, არამედ იმის გამო, რომ ეს არის ბოლო ათწლეულების პოლიტიკის გაგრძელება და საქართველოს მოსახლეობის, მისი სამოქალაქო საზოგადოების სურვილების დაკმაყოფილება, მათ მიერ გაწეული მუშაობის დადებითი შეფასება.

LATEST
Das Leben unterm TischBelarus
Das Leben unterm Tisch 

Im Angesicht der ungewissen Zukunft spielt eine belarussische Schriftstellerin mit der Vergangenheit

20 December 2023
Russlands MitschuldArmenia
Russlands Mitschuld 

Wie Russland im Spiel um seine eigenen geopolitischen Interessen den Berg-Karabach-Konflikt als Trumpf nutzte

12 December 2023